იაგო ნაცვლიშვილი
19.01.2015

კოალიცია "ქართული ოცნება" ახლანდელი სახით, შესაძლოა, აღარ იყოს წარმოდგენილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მოვლენების ასეთ განვითარებას თავად მმართველ გუნდშიც არ გამორიცხავენ.

"არჩევნების მოახლოებისას კოალიციის პატნიორები გადავწყვეტთ, თუ რა ფორმით გავაგრძელებთ პოლიტიკურ საქმიანობას. დღეს კოალიციის ვერც ერთი პარტნიორი ვერ გეტყვით, რომ ერთად გავალთ მომავალ არჩევნებზე, რადგან ასეთი შეთანხმება ჩვენ არ დაგვიდვია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

თქვენი აზრით, მოსალოდნელია თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიცია "ქართული ოცნების" დაშლა და როგორ აისახება ეს ქვეყანაზე? - ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

 ია ანთაძე (ჟურნალისტი): "კოალიცია იმ სახით, როგორც თავდაპირველად იყო, უკვე აღარ არსებობს, ნაწილობრივ უკვე დაშლილია. მისი დაშლა-არდაშლის საკითხი დიდწილად იქნება დამოკიდებული პარტია "ქართული ოცნების" ლიდერებზე - უნდათ მათ კოალიციის შენარჩუნება, თუ პარტიაში შექმნიან ისეთ პლატფორმას, რაც საკმარისი იქნება ხმების მოსაზიდად.

"მე ვფიქრობ, რომ დღეის მონაცემებით, მათ აღარ სჭირდებათ კოალიცია, იმიტომ, რომ ეს კოალიცია საჭირო იყო მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" დასამარცხებლად. ლოგიკურად თუ გავყვებით, შესაძლოა, კოალიცია აღარ დასჭირდეთ. რაზე შეთანხმდებიან პარტიაში, ამის წინასწარ განსაზღვრა ძნელია.

"მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის უკეთესია, ჰყავდეს ძლიერი ოპოზიცია. რაც უფრო ძლიერი იქნება ოპოზიცია, მით უკეთესია საზოგადოების განვითარებისა და დემოკრატიის დასამკვიდრებლად. თუ კოალიციაში არიან რეიტინგული პარტიები, თუ ისინი გაერთიანდებიან და ოპოზიციაში გადავლენ, ეს უფრო შეუწყობს ხელს საზოგადოების განვითარებას, ვიდრე ის, რომ სახელისუფლებო კოალიცია იყოს."

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "არ მგონია, რომ კოალიცია დაიშალოს. რაღაც უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ერთიანობა შეინარჩუნონ. ერთად რომ იყვნენ, კარგს გვპირდებოდნენ მაინც. თუ დაიშლებიან, ეს დაქსაქსულობას გამოიწვევს და დაპირებები აღარ შესრულდება. ასევე ეს მათი არაკეთილისმსურველების მხრიდან დაცინვასაც გამოიწვევს. ამაში არა მარტო "ნაცმოძრაობას" ვგულისხმობ, კიდევ ვიღაც-ვიღაცებს, ვითომ მეგობრებს.

"იმასაც გააჩნია, არჩევნები როდის იქნება. თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, მაშინ ტემპში მუშაობა მოუწევთ, რომ რაღაც ააწყონ და არ დაიშალონ. თუ ყველაფერი პატიოსნად იქნება, მაშინ არ უნდა დაიშალონ."

 

 გია ბუღაძე (მხატვარი):  "არ მგონია, რომ ერთიანობის შენარჩუნება მოახერხონ, თუმცა, შესაძლებელია, არჩევნებამდე რაღაცები კიდევ შეიცვალოს. თუ ერთიანობის შენარჩუნება ვერ მოხდება, ეს არ უნდა იყოს ცუდი. ხშირად სიახლეები კარგია.

"იმედი მაქვს, რომ არაპოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანები ჩამოშორდებიან - ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლები და დარჩებიან პროფესიონალი პოლიტიკოსები. სიახლეებს ასეთი მიმართულებით ველოდები არა მარტო "ოცნებაში", არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში. იმედი მაქვს, რომ საქართველოში დამკვიდრდება ისეთი პოლიტიკური პარტიები, წარმატების მისაღწევად ქარიზმატული ლიდერი რომ აღარ დასჭირდებათ."

 

 გივი სიხარულიძე (მწერალი, მსახიობი):  "მიმაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე "ქართული ოცნება" აუცილებლად უნდა დაიშალოს. იმიტომ უნდა დაიშალოს, რომ ისინი დაემსგავსნენ უპატრონო ცხვარს, რომელსაც ჰყავდა ბელადი და ეს ბელადი დაკარგეს.

"არავისთვის დასამალი და უცხო არ არის, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" ერთი კაცის - ბიძინა ივანიშვილის გარშემო აღმოცენდა. როგორც ჩანს, მასთან აღარ არის ისეთი კონტაქტი, როგორიც უნდა ყოფილიყო და ამიტომ სიტუაცია აირია.

"აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ "კოალიციის" დაშლა გარდაუვალია. ყველა წავა თავის გზაზე. შესაძლოა, "რესპუბლიკელები" და ალასანიას "თავისუფალი დემოკრატები" გაერთიანდნენ, მაგრამ რასაც კოალიციური ერთობა ჰქვია, ეს აღარ იქნება."

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×