ლიკა ამირაშვილი
20.01.2015

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, თამაზ სუხიაშვილს საქართველოში უახლოეს 2 დღეში ჩამოასვენებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუხიაშვილის ცხედარი ჯერ დნეპროპეტროვსკში, შემდეგ კი კიევში უნდა იყოს გადასვენებული. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება დაღუპული ოჯახის წევრებთან.

რაც შეეხება უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად დაჭრილ ქართველ მებრძოლებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინული მხარე ადასტურებს ინფორმაციას მხოლოდ ორი ქართველის დაჭრის შესახებ, რომელთა მდგომარეობა სახიფათო არ არის.

სახელმწიფო უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, თამაზ სუხიაშვილის ოჯახს ყველანაირად გვერდში დაუდგება - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა.

"სახელმწიფო გვერდში დაუდგება ოჯახს. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს. ეს არის ნამდვილი ღირსეული ქართველი," - განაცხადა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა.

თამაზ სუხიაშვილი დონეცკის აეროპორტის შტურმისას დაიღუპა.

თქვენი აზრით, ქართველი ჯარისკაცები უკრაინაში საბრძოლველად უნდა წავიდნენ თუ არა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): არ უნდა წავიდნენ, იმიტომ, რომ ის გაიგივება, რომ ამას ქართული საქმის გამო აკეთებენ, ყალბია. არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება აფხაზეთის პრობლემების შედარება უკრაინის მოვლენებთან.

ისინი მიდიან იდეოლოგიურად გაბრუებულები, იმიტომ, რომ სხვა ინფორმაციული საშუალებები საქართველოში არ არსებობს. საქართველოში მხოლოდ ტოტალიტარული ინფორმაციული საშუალებები არსებობს. მხოლოდ იმ აზრს ამკვიდრებენ, რომ უკრაინაში საქართველოს ბედი წყდება. ეს არის მცდარი და ყალბი აზრი.

ეს ხალხიც მიდის ედეოლოგიურად გაბრუებული, ან კიდევ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ ჩვენი ეკონომიკური გაჭირვება. არ უნდა მიდიოდნენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს მათი გადასაწყვეტია.

 არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების  მართვის სპეციალისტი): ჩემი მოსაზრებაა, რომ ერთის მხრივ კანონიერია თუ არა, როდესაც ერთი ქვეყნის მოქალაქე მეორე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მსახურებისთვის მიდიოდეს. ამისათვის უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნების მიერ ერთობლივი შეიარაღებული ფორმირება. ამ შემთხვევაში შეიძლება.

რამდენად მე ვიცი, კანონის ფარგლებში დღემდე ითვლებოდა, რომ საქართველოს მოქალაქეს აკრძალული აქვს სხვა ქვეყანაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობა. ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეს ჩვენს ქვეყანაში საომარი მოქმედებებში ჩართვის უფლება არ აქვთ. ამიტომ, თუ ჩვენ კანონით ვიმსჯელებთ და თუ წასვლის მომხრეები ვიქნებით, ჩვენ კანონის დამრღვევები გამოვალთ.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): წასვლის აზრი? თორემ კი. ისინი რომ წავლენ, რუსეთი დამარცხდება? ვინმეს აქვს ასეთი ილუზია საქართველოში? ეს არის აბსურდი. მე შემიძლია ერთი ის გავიგო, რომ კარგად უხდიან და ამის გამო წავიდნენ. შემიძლია მათი გაჭირვება გავიგო.

რისთვის, გამაგებინეთ, რუსეთს ვერ მოვერევით. ამერიკა და ევროპა ერთად, რომ შეერთდნენ, ისინი ვერ მოერევიან. დაღუპულის ოჯახს ვუსამძიმრებ, საქართველოს კიდევ დასჭირდება ქართველი ჯარისკაცები და არ მინდა, რომ ტყუილუბრალოდ ქართველი მეომრები დაიღუპნენ.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×