ლიკა ამირაშვილი
23.01.2015

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა და ამას შეიძლება ქვეყანაში ძალიან სახიფათო მოვლენები მოჰყვეს.

როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მკვლელობის მიზანია საზოგადოებაში გაჩნდეს დიდი დაუცველობის განცდა და გარკვეულწილად პოლიტიკური არასტაბილურობის გარემოს შექმნა.

"იური ვაზაგაშვილის ეს შემზარავი, ცინიკური, სასტიკი მკვლელობა, ჩემი აზრით, უფრო შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა. მე ამაში ვხედავ მოტივს, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს დიდი დაუცველობის განცდა და გარკვეული პოლიტიკური არასტაბილურობის გარემო შეიქმნას ქვეყანაში.

"მიუხედავად იმისა, მე პირადად და ჩვენს პარტიას რა დამოკიდებულება გვაქვს იმ პროკურატურის მიმართ, რომელიც პოლიტიკური დევნით არის დაკავებული, ამ ყველაფერს გვერდზე ვწევთ და ჩვენ მართლაც დაინტერესებული ვართ, რომ ძალიან სწრაფად, ობიექტურად მიაკვლიოს პროკურატურამ სიმართლეს. ამას მართლაც შეიძლება მოჰყვეს ქვეყანაში ძალიან სახიფათო მოვლენები," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, ამ საზარელი მკვლელობის სამიზნე მხოლოდ ბატონი იური არ იყო.

"ბატონმა იურიმ უკვე მოასწრო ყველაფრის თქმა, რისი თქმაც მისგან იყო საჭირო. როგორც ჩანს, აქ სხვა მიზნებია და ამიტომ მინდა, ყველას მივმართო, ჩვენი სწორი რეაქცია ამ საშინელებაზე იქნება ის, რომ თუ ვინმეს ჰგონია, ამის გამო ვინმე გაჩუმდება - არ უნდა გაჩუმდეს. თუ ამის მიზანია ქართული სახელმწიფოს გამოცდა, ხელისუფლების გამოცდა, შეგვიძლია თუ არა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეეები, გამოვიძიოთ დანაშაული, თუ რამე შეცდომა იყო დაშვებული, ამ გამოცდას გავუმკლავდებით," - განაცხადა უსუფაშვილმა

თქვენი აზრით, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ზურა მანჯავიძე  (მომღერალი): პირველი - ეს არის კვალის დაფარვა. მეორე - ეს არის მესიჯი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ხიფათს უქმნიან მათ.

 

 

 

 ნინო ლაპიაშვილი  (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): ზოგადად ქვენაში გახშირდა კრიმინალური გარჩევები. ძალიან რთულია კონკრეტული მიზეზი დავასახელო, თუ რას შეეწირა ეს ადამიანი.

ერთადერთი, რაც აუცილებელია, ეს არის გამოძიება, რაც სამწუხაროდ, დღეს ისეთი ტენდეცია შეგვექმნა, რომ გახმაურებელი საქმეები გამოუძიებელი რჩება.

ამ შემთხვევაში ლეგიტიმური ეჭვი რჩება ხელისუფლების მიმართ. ეს არის სამწუხარო რეალობა. საზოგადოებაში გაჩნდა იმის განცდა, რომ შეიძლება ეს საქმეც გამოუძიებელი დარჩეს, რაც ძალიან ცუდია.

 ნუცა ჯანელიძე (პიანისტი): გაოგნებული ვარ. ჯერ ერთი, ვიღაცას უნდა ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს, არ ვიცი, ვინ არის ეს ვიღაც. ამ კაცს სიმართლის დამტკიცების მეტი არაფერი არ უნდოდა და დასანანია, რომ მისი გარდაცვალების მერე რაღაც ფაქტები გამოჩნდა. ვიღაცას უნდა არეულობის შექმნა. ზოგს ავტორიტეტის დამყარება უნდა, ზოგს კიდევ მისი მორყევა.

 

 მიშა თავხელიძე (პოლიტოლოგი): აშკარად შეკვეთილი მკვლელობაა, რასთან არის ეს დაკავშირებული, ვერ გეტყვით.

 

 

 

 გრიგოლ გაგნიძე (იურისტი): "ნაციონალურ მოძრაობას" ფაქტობრივად ჩაფიქრებული აქვს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის იდეა მოკლას. სამართლიანობისთვის მებრძოლის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი მოკლეს. ეს შეიძლება შეფასდეს ტერაქტად. ვარაუდია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს დაადასტუროს თავიანთი აქტიურობა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ დესტაბილიზაცია მოაწყონ.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×