თაია არდოტელი
23.01.2015

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მისი განცხადებით, გადადგომის მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს უახლოეს პერიოდში მიმართავს.

"ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გავრცელებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას.

"იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ.

"გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - აცხადებს ჭიკაიძე.

შსს მინისტრის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ნაწილი დადებითად აფასებს მის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ჭიკაიძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და პასუხისმგებლობის მაღალი დონე გამოაჩინა. ნაწილი კი თვლის, მისი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ის განცხადებები, რომლებიც უკავშირდებოდა ალექსანდრე ჭიკაიძის მხრიდან იური ვაზაგაშვილის საქმეში გარკვეული პირების მფარველობას, მართალია და მინისტრის გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ ხელისუფლების ხელმძღვანელებისგან მითითებებს უკავშირებენ.

როგორ შეაფასებთ შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას თანამდებობის დატოვების შესახებ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გიგლა გობეჩია (ჟურნალ "ფენომენის" რედაქტორი ასოცირებული პროფესორი): "მივესალმები შს მინისტრის ამ გადაწყვეტილებას, რადგან მის მიერ დასახელებული გადადგომის მიზეზი ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია. თუ საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით ის მფარველობდა გარკვეულ პირებს, ამ საქმისადმი მომატებული საზოგადოებრივი ინტერესის გამო აუცილებლად უნდა გადამდგარიყო.

"თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. ჩემი აზრით, როდესაც საქართველოში ასეთი საზარელი, ცინიზმით შესრულებული მკვლელობა მოხდა, შს მინისტრმა უფრო დასაბუთებული და კონკრეტული პასუხები უნდა გასცეს იმ ბრალდებას, რაც საზოგადოებაში გაჩნდა."

 ქეთა გაბიანი  (კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის"): "ჩემთვის მიერ დასახელებული მიზეზი ცოტა გაუგებარია. ძალიან საეჭვოა, მას ეს გადაწყვეტილება მიეღო ამ საქმისადმი მორალური პასუხისმგებლობის გრძნობის გამო. ის, რომ 2-3 დღეში მომხდარიყო ამ საქმის გამოძიება, ცოტა აბსურდულად მეჩვენება. 1 კვირა მაინც გასულიყო და მერე გადამდგარიყო, კიდევ ვიფიქრებდით რაღაცას.

"ამიტომ ვთვლი, რომ აქ რაღაც სხვა მიზეზია. ყველასთვის ნათელია, რომ არც ალექსანდრე ჭიკაიძე და არც მთავრობის სხვა წევრები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ რაღაც შიდა მიზეზები იქნება."

 ავთანდილ სულაბერიძე (დემოგრაფი): "ეგ ადამიანი გინდ ყოფილა, გინდ არა, საერთოდ ამორალური იყო მაგის მანდ ყოფნა. თუ სიმართლე მართლა იცის და პასუხისმგებლობა აქვს, რას ჰქვია მიდის?! თუ დამნაშავე იყო და მაგიტომ მიდის და მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს, მაშინ აგოს პასუხი გინდა მორალურად, გინდა სისხლის სამართლებრივად. ამ საქმეს კაცი შეეწირა.

"საფრანგეთში ტერორისტებმა რაც გააკეთეს და ხალხმა ამხელა აქცია მოაწყო სახელწოდებით - "მე ვარ შარლი", ჩვენ უნდა გამოვიდეთ და ვთქვათ "მე ვარ იური", მთელი საქართველო უნდა გამოვიდეს. "ნაციონალები" იმიტომ გავყარეთ, ასე რომ იქცეოდნენ და ესენი რა მორალზე მელაპარაკებიან?! ან მაგის დანიშვნა რა მორალური საქციელი იყო ან მაგის წასვლა?! თუ მართლა ისე იყო, როგორც ამბობდნენ, მაშინ პასუხი უნდა აგოს."

 ავთანდილ დემეტრაშვილი  (კონსტიტუციონალისტი): "ვფიქრობ, მისი ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამ ფაქტორმა გამოძიების პროცესის შეფერხება ან არასწორი გზით წასვლა არ გამოიწვიოს. მეორე კი, იმიტომ, რომ საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, რომ აქტიური მინისტრი იყო, მისი პიროვნების მიმართ გარკვეული სკეპტიციზმი არსებობდა. ეს არა მხოლოდ ვაზაგაშვილის საქმეზე, არამედ სხვა პროცესებშიც შეინიშნებოდა. ამიტომ მან აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო."

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×