თეა ბეჟიტაშვილი
27.01.2015

შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური დაინიშნა. გომელაური საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა.

ვახტანგ გომელაური 2013 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს. თავიდან მას მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა, მოგვიანებით კი მინისტრის პირველი მოადგილე იყო. 2013 წლამდე გომელაური ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო.

შს მინისტრის პოსტზე წარდგენისას გომელაურმა განაცხადა, რომ ის ეცდება პრემიერისა და ხალხის ნდობის გამართლებას.

"ჩემთვის უცხო არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. 20 წლიანი სტაჟის ნახევარზე მეტს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა ითვლის. ამ ორი წლის განმავლობაში მომიწია სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მათთან მუშაობა. ვეცდები, ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭირო იქნება და თქვენი იმედი გავამართლო", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

თქვენი აზრით, რა მთავარი პრობლემები უნდა მოაგვაროს შსს-ს ახალმა მინისტრმა? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

 ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): მან უნდა გააგრძელოს კანონიერებისთვის ბრძოლა, დეპოლიტიზაცია და კრიმინალთან ბრძოლა.

 

 

 

 

 გია მაისაშვილი  (ლიდერთა სკოლა): წარმოდგენა არ მაქვს შს მინისტრის კომპეტენციაზე, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც შს მინისტრმა უნდა გააკეთოს, არის არსებული საქმეების ყოველდღიური მართვა.

ახალმა მინისტრმა იმაზეც უნდა იფიქროს, თუ როგორ გაათანამედროვოს სამინისტრო, სადაც ადამიანის უფლებები მკაცრად იქნება დაცული და ამავე დროს, იქნება ბრძოლა არა მარტო კანონის დარღვევასთან, არამედ კანონის დარღვევის საფუძვლებთან.

ვფიქრობ, ნდობა პოლიციასა და ხალხს შორის დაკარგულია და ამის აღდგენა მისი მთავარი ამოცანა იქნება. იმის, რომ პოლიცია არის დეპოლიტიზებული, პროფესიული, აბსოლუტურად ხალხის მხარეს მდგომი და კრიმინალისგან ადამიანის დამცველი.

თუკი ამ ზურგის ქარის მდგომარეობას შექმნის, მერე რეფორმის გატარება გაადვილდება, ზურგის ქარი კი ნდობის აღდგენას ნიშნავს, რომ პოლიცია მსხვერპლის მხარეზეა და კრიმინალისგან მოქალაქეების დაცვა შეუძლია. ახალმა მინისტრმა ეს განცდა უნდა შექმნას.

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): მთავარი პრობლემა, რაც მინისტრმა სამინისტროში შესვლისთანავე უნდა გადაწყვიტოს, ეს არის უკონტროლოდ გაზრდილი კრიმინალი.

არა მგონია, ეს ადვილი საქმე იყოს და ახალი მინისტრი ჯერჯერობით იმის შთაბეჭდილებას მიტოვებს, რომ ის ამას ვერ შეძლებს, არა იმიტომ, რომ არაპროფესიონალია, არამედ იმიტომ, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ერთგულების ნიშნით არის შერჩეული.

 

 

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): ჩემი აზრით, მას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ 9 წლის წინათ და 9 წლის მანძილზე შეჩვეული ქმედებების სისტემა მოშალოს. რა თქმა უნდა, სამინისტროში ის ადამიანები არიან დარჩენილები, რომლებიც ჩუმად, მაგრამ მაინც უთანაგრძნობენ წინა ხელისუფლებას, იმიტომ, რომ მათ ხელში ძალიან ადვილად და კომფორტულად ცხოვრობდნენ.

ამას გარდა, რატომ არ ვუშვებთ იმას, რომ ეს ადამიანები დისკრედიტირებულნი არიან და "ნაციონალურ მოძრაობას" მათზე მაკომპრომეტირებელი მასალები აქვს.

მინისტრს ამ ყველაფრის აღმოფხვრა დასჭირდება და პროფესიონალი, წესიერი ადამიანების დაბრუნება ან ახალი კადრების არჩევა, ეს ურთულესი საქმეა.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×