ლიკა ამირაშვილი
28.01.2015

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ ფიქრობს, რომ საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის ამოქმედება 2015 წლის დასასრულამდე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ვერშბოუმ ბრიუსელში, "მოამბის" კორესპოდენთან ინტერვიუში განაცხადა.

"როგორც ვიცი, რამდენიმე ადგილია შერჩეული. ამიტომ მას შემდეგ, რაც ადგილს შევარჩევთ, შევძლებთ მის ამოქმედებას 2015 წლის დასასრულამდე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის დემონსტრირება საქართველოს მიმართ ნატოს დამოკიდებულების. ასევე აღიარების მაღალი ხარისხი, მაღალი დონე საქართველოს შეიარაღებული ძალების, რაც მათ არაერთხელ აჩვენეს ჩვენს ოპერაციებში, მაგალითად, ავღანეთში," - განაცხადა ვერშბოუმ.

მისი განცხადებით, 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილება ისევ ძალაშია და ვერცერთი მესამე მხარე ვერ იქონიებს გავლენას იმაზე, უნდა გახსნას თუ არა ნატომ ცენტრი პარტნიორ ქვეყანაში.

ვერშბოუს ინფორმაციით, საწვრთნელი ბაზა საქართველოსთვის სიმბოლური, პოლიტიკური და პრაქტიკული მნიშვნელობისაა.

საწვრთელი ბაზის განთავსების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მისივე თქმით, მეტი დეტალი მისი ვიზიტის შემდეგ იქნება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ვერშბოუ საქართველოს 29 დეკემბერს ეწვევა და შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან გამართავს. ამის გარდა, იმ სავარაუდო ადგილებს მოინახულებს, სადაც საწვრთნელი ბაზა ამოქმედდება.

თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნა საქართველოში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 მერაბ კოკოჩაშვილი  (რეჟისორი): ვფიქრობ, ასეთი ბაზა უფრო სერიოზულად მოამზადებს შეიარაღებულ ძალებს. ბუნებრივია, ეს ბაზა ნატოსთან უფრო დააგვაახლოებს. თუმცა ამავე დროს ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის, რადგან რუსეთს ეს არ მოეწონება.

 

 

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ერთი მხრივ, ცუდი არ უნდა იყოს - კვალიფიკაციის ასამაღლებლად ერთობლივი წვრთნა. მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ გვერდით არის მეზობელი, რომელსაც სასტიკად აღიზიანებს სიტყვა ნატო და ყველაფერი ამასთან დაკავშირებული, ამაზე ძალიან მკაცრ რეაქციებს ავლენს, რომელიც ჩვენ უკვე ყველამ ვნახეთ.

სწორედ ამან გამოიწვია ჩვენი ტერიტორიების ანექსია. ამ დროს დამატებითი გაღიზიანების აზრს მე ვერ ვხედავ, რა აზრი აქვს სიტუაციის უფრო მეტად გაღიზიანებასა და პროვოცირებას. ამიტომ მიმაჩნია, რომ აი ასეთი წვრთნები მხოლოდ დამატებით დაძაბულობას ქმნის რეგიონში და ურთიერთობის დამშვიდებას ხელს არ უწყობს.

ზოგადად ნატოს საწინააღმდეგო მე არაფერი არ მაქვს, მაგრამ ნატოს იმდენი მოთხოვნები აქვს საქართველოს მიმართ, რომ სანამ ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ძალიან დიდი დრო გავა.

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ეს მიზანი არის საქართველოსთვის დამანგრეველი. თავმოყვარე სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს, მაგრამ მე მგონი, ჩვენი სახელმწიფო, სამწუხაროდ, დამოუკიდებელი არ არის, ამიტომ იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან.

 

 

 

 ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): მე არ ვიცი, რა შედეგი ექნება, მაგრამ ალბათ ეს შემადგენელი ნაწილია იმ პროგრამის, რაც ქვეყანას ნატოში შესასვლელად სჭირდება, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანი ნაწილია, ვერ გეტყვით.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×