თეა ბეჟიტაშვილი
29.01.2015

გუშინ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი პატიმრობიდან გაათავისუფლა. კვიციანის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარესა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება მიღწეული იყო და ისინი მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ.

კვიციანი 2006 წლიდან შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებასა და სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით იძებნებოდა. ის რუსეთიდან საქართველოში შარშან თებერვალში დაბრუნდა. სამართალდამცველებმა კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული აეროპორტშივე დააკავეს.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ ყოფილ რწმუნებულს 12-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გათავისუფლების საფუძველი მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება გახდა.

თქვენი აზრით, სამართლიანი იყო თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 დიმა ჯაიანი (მსახიობი): "ემზარ კვიციანი უფრო ადრე უნდა გაენთავისუფლებინათ, ეს ძალიან დაგვიანებულია. ასე არ შეიძლება, იმიტომ, რომ ჩვენ ხომ ჩვენი თვალით ვნახეთ, რა ხდებოდა კოდორის ხეობაში. ემზარ კვიციანი ვაჟკაცი კაცია, თავის "მონადირეებთან" ერთად სადარაჯოზე იდგა და კოდორის ხეობას იცავდა. ის უფრო ადრე უნდა ყოფილიყო გარეთ."

 

 

 ვახტანგ ძაბირაძე (კონსტიტუციონალისტი):  "გამიჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირება იმიტომ, რომ არც საქმის მასალას ვიცნობ ბოლომდე და არც მოსამართლე ვარ, მაგრამ ამ საკითხის მიმართ ზოგადი მიდგომა ჩემი არის ასეთი, რომ თავის დროზე, როდესაც იგივე "მონადირის" ორგანიზაცია გააუქმეს, ეს იმდროინდელი ხელისუფლების მხრიდან არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი იყო და ამას საკმაოდ ცუდი პროცესი მოჰყვა.

"აქედან გამომდინარე, თუ საპროცესო შეთანხმება იმის ფარგლებში გაკეთდა, რასაც კანონი ითვალისწინებს და რაც კანონის შესაბამისია, ამის მოხმრე და მოხარული ვარ, რომ ადამიანი ციხეში არ ზის და თავისუფალია."

 ია ანთაძე  (ჟურნალისტი): "სასამართლო იმიტომ არის სასამართლო, რომ სამართალი კანონთან მიმართებაში იქ წყდება. ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც შეიძლება ჩემი აზრი გამოვთქვა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, როდესაც შეიძლება ძალიან აშკარა იყოს კანონდარღვევა ან მოსამართლე აბსოლუტურად დაცული იყოს შეცდომისგან.

"პირადად მე ველოდი, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და ველოდი არა ახლა, ბოლო დღეების განმავლობაში, არამედ ცოტა ადრეც, თუმცა, რასაკვირველია, მეც ბოლომდე არ ვიცი, როგორ იყო ეს პროცესები და ადამიანები, რომელთაც შეკითხვები რჩებათ ემზარ კვიციანთან და მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, ჩემთვისაც ყველაფერი ნათელი არ არის. თუმცა ის, რომ სასამართლო ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ამაში პირადად მე ეჭვი არ მეპარებოდა."

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): "ნებისმიერ შემთხვევაში სწორი იყო ეს გადაწყვეტილება. ამდენი ხანია ეს კაცი ციხეში ზის. მასზე ცუდს ვერაფერს დავიჯერებ, იმიტომ, რომ რუსეთი რომ არ შემოსულიყო, მაშინ ეს ადამიანი ისე იბრძოდა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ეს ფაქტი იყო გასათვალისწინებელი. მართლა კბილებით იცავდნენ იმ ტერიტორიას და ჩვენ არ დავკარგეთ ტერიტორია იმიტომ, რომ კვიციანი იქ იდგა. ემზარ კვიციანის გათავისუფლება მარტო ამ ფაქტის გათვალისიწინებით შეიძლებოდა."

 

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×