ლიკა ამირაშვილი
31.01.2015

"აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფარგლებში შეხვედრები ახლო მომავალში დაგეგმილი არ არის," - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა. მინისტრი მიზეზად რუსეთის მიერ ოპუკირებულ ტერიტორიებზე ბოლო დრო განხორციელებულ ქმედებებს ასახელებს.

"ეს დიალოგი დროებით არის შეჩერებული იმ ქმედებების გამო, რაც რუსეთმა განახორციელა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა სავაჭრო ურთიერთობები ამ კონტექსტში არანაირად განხილული არ ყოფილა. სავაჭრო უერთიერთობები გრძელდება, რადგან ეს იყო პრაგმატული პოლიტიკის ნაწილი," - განაცხადა ბერუჩაშვილმა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, გასული წლის შემოდგომიდან აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფარგლებში არანაირი შეხვედრა არ დაგეგმილა.

თქვენი აზრით, უნდა შეჩერდეს, თუ არა აბაშიძე-კარასინის დიალოგი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების  მართვის სპეციალისტი): პირადად მე ამ შეხვედრების არსს ვერ ვიგებ, მითუმეტეს, რომ ყოველდღიურად რუსეთი უფრო და უფრო ამტკიცებს, რომ მათთან ურთიერთობა შეუძლებელია.

ერთადერთ შემთხვევაში, რა დროსაც შეიძლება ამ ფორმატის შენარჩუნება, შეიძლება არის ის, თუ ამით საქართველო საერთაშორისო საზოგადოებაში უკეთ გამოჩნდება. როგორც ქვეყნად, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ ყველა ძალისხმევას მიმართავს. თუ ეს ნიშა არ შენარჩუნდა, ამას არცერთ ეტაპზე არ ექნება მიზეზი ფორმატის შესანარჩუნებლად.

 გოგი თორაძე (რეჟისორი): ძირითადი, რაც ამ შეხვედრებმა მოგვცა, არის ის, რომ პირდაპირი ავიარეისები აღდგა. ეს არის ამის შედეგი და მეტი არაფერი. დღევანდელ დროში ამ ფორმატს შედეგები ნაკლებად მოაქვს. მე ვერაფერს წინ გადადგმულ ნაბიჯს ვერ ვხედავ.

ის, რომ ხელშეკრულება იდება აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან, ამ დროს პარალელურად მიმდინარეობს ჩვენი მოლაპარაკება, ისინი კიდევ ასეთ მზაკვრობებს ამზადებენ. ეს არის უბრალოდ შეურაცხყოფა.

 

 გიგლა გობეჩია (ჟურნალ "ფენომენის" რედაქტორი,  ასოცირებული პროფესორი): ვფიქრობ, არ უნდა შეჩერდეს. დიალოგს ყოველთვის აქვს აზრი. მესმის, რომ ეს არის ძალიან მძიმე დიალოგი, მაგრამ სამწუხაროდ დიალოგის გაგრძელება მოგვიწევს. კარის გამოჯახუნება ყოველთვის შეიძლება და ძალიან ხმაურიანადაც.

მიმაჩნია, რომ რაღაც რესურსი უნდა იყოს, იმიტომ, რომ მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, ჩვენი მეზობლები ესენი არიან. მართალია ძალიან ცუდი, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიზამთ, ჩვენ ტერიტორიებს ვერ შევიცვლით.

მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეთიკის, პრინციპულობის და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. თუ მაინცდამაინც კარი ბოლომდეა გამოსაჯახუნებელი და ყველა ურთიერთობის ხიდია დასაწვავი, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. ალბათ რეფერანდუმის გზით. ეს საკითხი ორი პოლიტიკოსის დონეზე არ უნდა გადაწყდეს.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×