სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თაია არდოტელი
    23.05.2015

    აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის დეკლარაციის საბოლოო ვარიანტში საქართველოსა და უკრაინისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების ზუსტი თარიღის შესახებ ჩანაწერი არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ევროკომისია წლის ბოლომდე ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ დასკვნას მოამზადებს.

    "სამიტის მონაწილეები მიესალმებიან საქართველოსა და უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით, როგორც ეს ევროკომისიის ბოლო დასკვნაშია აღნიშნული.

    "ისინი მოუთმენლად ელოდებიან უკრაინისა და საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპის დასრულებას, როდესაც მოთხოვნილი რეფორმის ყველა პუნქტი შესრულდება. ისინი ასევე მიესალმებიან კომისიის მზაობას, გააკეთოს ყველაფერი უკრაინისა და საქართველოს მხარდასაჭერად სამოქმედო გეგმის განხორციელების დროს, აგრეთვე, სურვილს - დაასრულონ ანგარიშის მომზადება საქართველოსა და უკრაინის პროგრესის შესახებ 2015 წლის ბოლომდე", - აღნიშნულია დეკლარაციის ტექსტში.

    როგორ ფიქრობთ, რატომ გადაიდო საქართველოსთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): მე რა მაინტერესებს, იცით, რატომ ველოდებოდით, რომ დღეს ნამდვილად იქნებოდა დამტკიცებული. ვინ მოგვცა პირობა, ეგრევე გექნებათ ყველაფერიო. მე ვფიქრობ, ცოტა კიდევ იქით შეიძლება გადაიწოს უვიზო რეჟიმის მიღებამ.

    ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, რაღაცას აკეთებს, რაღაცას ვერ აკეთებს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ იმას, რასაც ჩვენი ქვეყანა არა მარტო ამ საკითხში, არამედ საერთოდ აკეთებს, ძალიან დიდი პიარი სჭირდება. როდესაც პიარი ექნებათ, იგივე ევროპაში და მიხვდებიან, რომ აქაც კეთდება რაღაც, ალბათ მერე უფრო გულისყურით მოეკიდებიან ამ საკითხს.

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): მანამდეც ვამბობდი, რომ ვიზალიბერალიზაცია წელს არ მოხდება. თვითონ ევროკავშირს სერიოზული პრობლემები აქვს, მაგრამ რომ შეიკრიბებიან, რამით ხომ უნდა გაამართლონ, ესა თუ ის რატომ ვერ კეთდება.

    ამ შემთხვევაში განიხილება წყვილი, რომელიც არის საქართველო და უკრაინა. უკრაინაში 40 მილიონი ადამიანია და აქედან 20 მილიონი ქვეყნიდან სიამოვნებით გაიქცეოდა. ევროპა, მგონი, თვითმკვლელი არ არის, თუმცა არც სიტყვის გატეხა არ უნდა და ცოტა მძიმე მდგომარეობაშია.

    მე არ მესმის, ჩვენ რატომ ვიბრძვით ვიზალიბერალიზაციისთვის. ვისაც ქვეყნიდან წასვლა უნდა, ისედაც მიდის და ვისაც უნდა წასვლა და ვერ მიდის, სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში ისიც წავა და ამ ქვეყანაში აღარავინ დარჩება. რა საჭიროა ამ საკითხზე ატეხილი ხმაური? როდემდე უნდა ვიყოთ ტყუილში? არ სჯობს, მივისწრაფვოდეთ იქით, სადაც ადამიანის კეთილდღეობა იქნება უზრუნველყოფილი და არა ყალბი დაპირებები?

     დოდო ხურცილავა  (ხელოვნებათმცოდნე): შესაძლოა, რაღაც ვალდებულებები ბოლომდე ვერ შევასრულეთ. თუმცა იმასაც ვერ ვიგებ, რა აუცილებელია ვიზალიბერალზიაცია. რა პოლიტიკური ან ეკონომიკური მნიშვნელობა ექნება ქართველი ხალხისთვის, უბრალო ადამიანებისთვის, რომლებიც ქუჩაში დადიან. მოიკიდებენ კისერში რამეს, წაიღებენ და გაყიდიან იქ, თუ მართლა არ მესმის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს რაღაცის მაგივრად გამოხრულ ძვალს გვთავაზობენ.

     

     ქეთი ბექაური (იურისტი): მე მგონი, აქ საპანიკო და გასაკვირი არაფერი არ არის. ჩვენ მუდმივი დაკვირვების რეჟიმში ვართ. ვფიქრობ, უკეთესად გაიცნობენ საქართველოს. მონიტორინგი თავის მხრივ ცუდი არაა და ადეკვატურ შედეგს გამოიღებს. როგორც ვიცი, 2016 წელზეა საუბარი, რომ შესაძლებელი გახდება უვიზოდ მიმოსვლა. ასეთ მოკლე პერიოდში ახალი ხელისუფლების პირობებში ეს ძალიან სერიოზულ წინ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია. ასოცირების ხელშეკრულების დადება, 2016 წლიდან უვიზო რეჟიმის ამოქმედება, პატარა მონაპოვარი არ არის. მაშინ როცა წინა ხელისუფლების პირობებში ეს ვერ მოხერხდა.

     

     გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): ეს ჩვენი ბრალი არაა და ვფიქრობ, აქ რაღაც სხვა ამბავია. ხომ ხედავთ, როგორი გართულებაა ევროკავშირის ყველა პერიმეტრზე, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მაინც, ამდენი ხალხი შედის და, მართალია, ეს პროცესები ჩვენ არ გვეხება, თუმცა ვფიქრობ, შესაძლოა, ამანაც იმოქმედა. წლის ბოლომდეც არაა ბევრი დრო დარჩენილი, დავიცადოთ და ვნახავთ, რაც იქნება.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×