სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლიკა ამირაშვილი
    25.05.2015

    "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი რიგაში 21-22 მაისს გაიმართა. ქართული მხარე რიგის სამიტის დამთავრებას უვიზო რეჟიმის კონკრეტული თარიღის დასახელებით და ევროპული პერსპექტივის აღიარებით ელოდა, მაგრამ დეკლარაციაში არც ერთი არ ჩაიწერა.

    თუმცა დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ევროკომისია წლის ბოლომდე სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ დასკვნას მოამზადებს.

    პრემიერ-მინისტრის, ირაკლია ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველომ რიგის სამიტზე მაქსიმუმი მიიღო. მისივე განმარტებით, ახლა საჭიროა ტექნიკური პროცედურების დასრულება და დალოდება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეძლონ.

    "რიგის სამიტზე ჩვენ მივიღეთ მაქსიმუმი, რაც ამ სიტუაციაში იყო შესაძლებელი, რომ მიგვეღო. მოლოდინი შესაძლოა, ყოფილიყო უფრო მაღალი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. ჩვენმა მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა. ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო 2010 წელს, წინა ხელისუფლების დროს. მოლდოვამ სწორედ ამის გამო მიიღო უვიზო რეჟიმი. საქართველომ კი ამაზე მუშაობა დაიწყო ორი წლის წინ, როცა ხელისუფლებაში ჩვენ მოვედით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    თქვენი აზრით, მიიღო თუ არა საქართველომ მაქსიმუმი რიგის სამიტისგან? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  იმის თქმა, რომ ჩვენ ახლა ლიბერალიზაციის პაკეტს მივიღებდით, სწორად არ მიმაჩნია. ეს რომ დაგვეჯერებინა, თავის მოტყუება იქნებოდა. მაქსიმუმი გაკეთდა თუ არა, მაგას ვერ გეტყვით, თუმცა ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ ვიზალიბერალიზაცია მიღებული არ იქნებოდა, იმიტომ, რომ ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, მოსახლეობის მასობრივ გადინებას გამოიწვევდა.

    რასაკვირველია, ვიზალიბერალიზაციის პროგრამა უნდა განხორციელდეს, მაგრამ ამან მთელი საქართველოს დაცარიელება არ უნდა გამოიწვიოს. ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები ცოტა უკეთესი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში მივესალმები.

     

     იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი):  ევროპული სახელმწიფოს ინტერესის ობიექტი არ ვართ. დასავლეთიდან საქართველოს მიმართ ერთგვარი პოლიტიკური გაციება იგრძნობა. გამომდინარე აქედან, მე ვფიქრობდი, რომ ჯერჯერობით საქართველო უვიზო რეჟიმს ვერ მიაღწევდა.

    რაც შეეხება მაქსიმუმის მიღწევას, ღარიბაშვილს მეტი ინფორმაცია აქვს, ალბათ მან მეტი იცის, იმიტომ რომ პოლიტიკაში არსებობს სიტუაციები, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. მე ვეთანმხები მას, ამ სიტუაციაში საქართველოს მეტს არავინ არ მისცემდა.

    ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ვართ გვეყანა, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს. მოუგვარებელია აფხაზეთისა და ოსეთის საკითხი, ამიტომ ასეთ პრობლემურ ქვეყანასთან ურთიერთობისგან ყველა თავს იკავებს.

     ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):  არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ღარიბაშვილს მეც ვეთანხმები. ვიზალიბერალიზაცია როდის იქნება და როგორ იქნება, ეს მომავლის საკითხია. საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა და ევროკავშირში შესვლა მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების პროცესზეა დამოკიდებული.

    ვიზალიბერალიზაცია ალბათ მომავალი წლის საკითხია, აქედან გამომდინარე, მომავალ წელსავ ევროელი პოლიტიკოსების მიერ კიდევ რაღაც იქნება გამოგონებული, რომ ეს პროცესი კიდევ გაიწელოს. ერთი სიტყვით, ეს პროცესი ბუნებრივია პოსტსაბჭოური ქვეყნებისთვის.

     რეზო მიშველაძე (მწერალი):  რიგის სამიტის მოლოდინი მართლაც დიდი იყო. მთავრობაც და ოპოზიციაც თითქმის ერთსულოვნად ამბობდა, რომ ვიზალიბერალიზაციას აუცილებლად მივიღებდით. როდესაც მერკელმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით უვიზო მიმოსვლამდე შორი გზა გვაქვს, ხუმრობად მიიღეს. ისეთი სახეები ჰქონდათ, თითქოს უვიზო მიმოსვლის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.

    კიდევ რამდენი მოტყუებაა საჭირო, რომ მივხვდეთ, დასავლეთს ჩვენ ქვეყნად არ მივაჩნივართ. რიგაში ერთ სასტუმროში ჩვენი პრემიერ- მინისტრი და დამნაშავე სააკაშვილი ერთად ცხოვრობდნენ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×