სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლიკა ამირაშვილი
    26.05.2015

    "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი მელაძის, გოგა ხაჩიძისა და პავლე კუბლაშვილის მხრიდან პარტიის დატოვების გადაწყვეტილება არის არაადეკვატური, არასწორი და მცდარი.

    როგორც გაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ადამიანები პარტიას "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ არსებული წნეხის გამო ტოვებენ და ეს არის მათი მხრიდან აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არაადეკვატური ნაბიჯი.

    "ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი 4 კოლეგა აპირებს პარტიის დატოვებას. ეს არის ძალიან სამწუხარო ინფორმაცია. ჩვენი პარტია სამი წელია მილიარდერი ივანიშვილის მხრიდან იმყოფება წნეხის ქვეშ. ეს წნეხი სავარაუდოდ უფრო გაძლიერდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი 4 თანაპარტიელი ამ წნეხის გამო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არაადეკვატურ გადაწყვეტილებას იღებს.

    "ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ივანიშვილის დამარცხება კონსტიტუციური გზით. "ნაციონალური მოძრაობა" არის უპირობოდ მთავარი ალტერნატივა ამ ხელისუფლების და ამ ძალიდან ამ ადამიანების წასვლა არის არაადეკვატური, არასწორი და მცდარი", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

    გაბაშვილს არ აქვს ინფორმაცია, თუ სად აპირებენ ხაჩიძე, ჯაფარიძე, კუბლაშვილი და მელაძე საქმიანობის გაგრძელებას. ასევე, მისთვის უცნობია, აღნიშნული პოლიტიკოსები აპირებენ თუ არა, შეუერთდნენ საზოგადოება "იბერიას".

    თქვენი აზრით, რა მიზეზით ტოვებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარტიას რა მიზეზით ტოვებენ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

     ნოდარ ნათაძე  (ფილოლოგი): ბუნების კანონია, რომ როდესაც ხომალდი ჩასაძირად განწირულია, ყველაზე პირველი ვირთხები გებულობენ, ამიტომ ხომალდს ტოვებენ და მიწაზე გადადიან. ახლაც ეს კანონი მოქმედებს, ძალიან მარტივი მექანიზმია.

     

     

     

     თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): არ ვიცი, რატომ ტოვებენ, მაგრამ ერთი ვიცი ნამდვილად, რომ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ განხორციელდებოდა. ესენი, ვინც პარტია დატოვა, ჩამოყალიბებული პარტიული მოღვაწეები არიან და თავისი ძლიერი სმენა აქვთ. ივანიშვილთან დაპირისპირებულები არიან და ყოველთვის იქნებიან, თუმცა პარტიას ივანიშვილის ზეწოლით არ დატოვებდნენ. ვფიქრობ, შიდა უთანხმოების ბრალი იქნება.

     

     

     გია ბუღაძე  (ფერმწერი): შიგნით რა ხდება, არ ვიცი და ზუსტად არავინ იცის. თუმცა ზეწოლა თუ მართლა იყო, ალბათ ჯობდა, პარტია დაეტოვებინათ. კარგი იქნება, თუ მიზეზებს საჯაროს გახდიან. ჩემთვის ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ქვეყანა არ დაღუპონ, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

     

     

     

     გოგი თორაძე (რეჟისორი): ვფიქრობ, საქმე რაღაც გათვლილ მოვლენასთან გვაქვს. იმიტომ, რომ ესენი ერთ პარტიად, ისე მყარად იყვნენ, რომ ეს ამბავი ძალიან რთული დასაჯერებელია.

    მგონია, რაღაც ხდება, რაც მომავალში გაირკვევა, თუ რატომ მოხდა. "ქართული ოცნებიდან" წევრების წასვლის შემთხვევები იყო, მაგრამ ახალი პარტიაა და მოულოდნელი არ ყოფილა. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობიდან" წევრების წასვლას, არ მოველოდი.

     

     

     მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): არ ვიცი, რატომ შეიძლება ეს მომხდარიყო. საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობა" წევრებს კარგავს. ერთი და იგივეს იმეორებენ, იმისათვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, არავითარი პრაქტიკული იდეები არ აქვთ. შეიძლება უბრალოდ პარტიაში ყოფნა აღარ მოსწონთ. უფრო კონკრეტულად არაფრის თქმა არ შემიძლია.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved