სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    28.05.2015

    საზოგადოება და პოლიტიკოსები "ნაციონალური მოძრაობიდან" 4 დეპუტატის წამოსვლის სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობდნენ. გუშინ დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც ერთ-ერთი მათგანია, ვინც პარტია დატოვა, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც ისინი იძულებულები გახდნენ "ნაციონალური მოძრაობა" დაეტოვებინათ.

    "რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება? ჩვენ ვხედავთ რეალურ საფრთხეს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოვიდნენ ღიად ან ფაქტობრივად პრორუსული ძალები. ამ რეალობის შეცვლის შანსი ჰქონდა მხოლოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ოპოზიციურ ძალას, რომელმაც გაუძლო წარმოუდგენელ წნეხს ოლიგარქის მარიონეტი მთავრობის მხრიდან, გადარჩა და აგრძელებს ბრძოლას.

    "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ჩააბარა ორი უმნიშვნელოვანესი გამოცდა: 1. მშვიდობით გადააბარა ხელისუფლება დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას და 2. არ დაიშალა, გადარჩა და შედგა როგორც ძლიერი, კომპეტენტური ოპოზიციური ძალა.

    პოლიტიკური ძალის გადარჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი მიზნის მისაღწევად. გამარჯვებისათვის საჭიროა პოლიტიკური მოძრაობის სრული განახლება და მეტი გახსნილობა. ეს ერთადერთი პირობაა საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად. მარცხზე პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური მოძრაობის განახლება დამკვიდრებული პრაქტიკაა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. მესამე გამოცდა ენმ-მა ვერ ჩააბარა. არადა სწორედ ეს არის დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის დაკვეთა."

    თქვენთვის რამდენად სარწმუნოა მიზეზი, რომელიც ზურაბ ჯაფარიძემ დაასახელა? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

     გია ბუღაძე (ფერმწერი): მე ვფიქრობ, რომ აქ პოლიტიკურ თამაშთან გვაქვს საქმე. აბაშიძის მიერ დასახელებული მიზეზი სინამდვილეში შეიძლება სიმართლეს შესაბამება ან - არა. პროცესი, მართალია, რთულია, მაგრამ არ ვისურვებდი ძალიან ბევრ ნაწილებად დაშლილ პარტიებს, რადგანაც დიდ გაუგებრობებში თავი ისედაც ჩაყოფილი გვაქვს. სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ ერთიანობა ვერ შეინარჩუნეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ბუნებრივი პროცესია.

    კარგი იქნებოდა, ლიდერის წასვლასთან ერთად პარტია არ იშლებოდეს. როგორც დროთა განმავლობაში "მოქალაქეთა კავშირი" დაიშალა. ვისურვებდი საქართველოში ისეთი პარტია არსებობდეს, სადაც ერთიანობა ლიდერით არ განისაზღვრება და მათთვის მთავარი ამოსავალი წერტილი კონცეფცია და იდეოლოგია იყოს.

     

     იგორ კვესელავა (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):  ჯაფარიძის მიერ დასახელებული მიზეზი ჩემთვის მიუღებელია და არავითარ ლოგიკას არ ეთანხმება. საქმე იმაშია, რომ მთავარი მიზეზი პარტიის არსებობის საკითხია.

    მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებმა ეს ძალიან კარგად იციან და საპარლამენტო არჩევნებში კვლავ გამარჯვების მიზნით, გადაწყვიტეს პოლიტიკური რეინკარნაცია მოახდინონ. მათ თავიდანაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათი განვითარება ვერ მოხდებოდა, რადგანაც უამრავი შეცდომა დაუშვეს, რომელსაც საზოგადოება მათ ვერასდროს ვერ აპატიებს. ამიტომაც ეს არის მცდელობა თავის გადარჩენის და მათ ჩასაძირად გამზადებული გემი, უბრალოდ, პირველებმა დატოვეს.

     თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): მე არ მჯერა ამ განცხადების. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები და თავად პარტია რაღაც პოლიტიკურ თამაშს თამაშობენ. მე მგონია, კი არ დაიშალნენ, არამედ სადღაც სხვაგან სრულიად სხვა სახელით გამოჩნდებიან. მაგრამ რამდენად მოხდება მათი სამომავლო განვითარება, ვფიქრობ, კითხვის ქვეშ დგას, თუმცა არფერს არ გამოვრიცხავ. მგონია, რომ ამ ადამიანებს რაღაცის იმედი აქვთ და ასე სპონტანურად ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

     

     გიგი თევზაძე (ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი):  მე ვფიქრობ, რომ ჯაფარიძის მიერ დასახელებული მიზეზი სწორედაც რომ ლოგიკურია. არ არის გამორიცხული, რომ სწორედაც პარტიის ვერ განვითარების გამო მიეღოთ მათ ეს გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებას ყოველთვის თან სდევს.

     

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×