სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლიკა ამირაშვილი
    29.05.2015

    ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის და მალის სამხედრო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა მონაწილეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ახალ ბრძანებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

    გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს თანხმობის მისაღებად 2015 წლის 11 მაისს გამოცემული ბრძანება წარუდგინა, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიაში, სწრაფი რეაგირების ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთკაციანი ჯგუფის, ხოლო მალის რესპუბლიკაში, ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მონაწილეობის მიღების მიზნით ერთი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას ითვალისწინებს.

    პრეზიდენტის ბრძანებას პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.

    თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო მისიებში ქართველების მონაწილეობა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.

     ჯემალ ჭკუასელი  (ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი): საერთაშორისო მეგობრობა თუ ამას გვთავაზობს, მაშინ მონაწილეობა უნდა მივიღოთ. დიპლომატი და პოლიტიკოსი არ ვარ, თუმცა, როგორც რიგითი მოქალაქე, ვიტყოდი, რომ მონაწილეობის მიღება აუცილებელია.

     

     

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): საერთაშორისო მისიებში ქართველების მონაწილეობა დიდ რისკთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენი ახალგაზრდები ამ მისიებში მოულოდნელი ბრძოლების დროს დაიღუპნენ.

    თუმცა, მეორე მხარეც არსებობს, თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ჯარით ევროპულ სტრუქტურებს მივუახლოვდეთ, როგორც ჩანს, ეს ერთგვარი ხარკია. როგორც რიგით ადამიანს, შეიძლება არავითარ შემთხვევაში არ მინდოდეს, რომ ქართველები სხვაგან იბრძოდნენ. მაგრამ, თუ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მივუდგებით, მაშინ ამ მისიებში მონაწილეობა ალბათ უნდა მივიღოთ.

     ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): ჩვენი დღევანდელი კურსიდან გამომდინარე აუცილებელია. თუ კურსი ევროპისკენ გვიჭირავს, სავალდებულო სამსახური უნდა იყოს. ადრე სავალდებულო ჯარად რუსის ჯარში მსახურობა ითვლებოდა. როგორი ჯარი იყო, ყველამ კარგად იცის. საბჭოთა კავშირში ჯარი ძალიან დიდი შავი წერტილი იყო.

    რა თქმა უნდა, ამ მოვლენას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება, იტყვიან, რომ ქართველს ავღანეთში, ირანში და თუნდაც აფრიკაში რა უნდა? მაგრამ ძალიან საჭიროა და რატომ? დღეს საქართველოს რეგულარული ჯარი სჭირდება, ამიტომ ჯარი რაც უფრო გაწვრთნილი იქნება, ჩვენთვის უფრო კარგია.

    დღეს საქართველო ისეთ მდგომარეობაშია, რომ ძალიან ბევრი გარე და შიდა მტერი გვყავს. გამოცდილ მებრძოლებთან ერთად იბრძოლებენ.

    ამის გარდა, თავიანთ კლასს აჩვენებენ. ქართველი ჯარისკაცი თავისი სიმამაცით, ერთგულებით და სიმტკიცით ყოველთვის გამოირჩეოდა. ვფიქრობ, ეს მისიები საქართველოს მომავალს აუცილებლად წაადგება.

     ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ამ მისიებში ქართველების მონაწილეობა აუცილებელიცაა. ვინაიდან ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ, იმ პროცესებს, რაც მსოფლიოში მშვიდობის დამყრების მხრივ მიმდინარეობს, ვერ გამოვრჩებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დადებით მომენტად მიმაჩნია, რომ ქართველები საერთაშორისო მისიებში მონაწილეობენ.

    ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მინიმალური რაოდენობა გავგზავნოთ. ჩვენ დემოგრაფიული მდგომარეობის მხრივ იმდენად მძიმე სიტუაციაში ვართ, რომ ერთი კაცის სიცოცხლეც უმნიშვნელოვანესია. თუმცა, იმისათვის, რომ მსოფლიოში მიმდინარე თანამეგობრობის პროცესში გამოვჩნდეთ, მონაწილეობა აუცილებელია.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×