სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე სარიშვილი
    30.05.2015

    პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ მან განცხადება გუშინდელ მთავრობის სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ თავად მთავრობა რაიმე მკვეთრი რეაგირების და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან, მისი შეფასებით, ეს ქვეყნის იმიჯს დააზიანებს.

    პრემიერის განცხადებას მოგვიანებით პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ მათი პოზიცია უცვლელია. მისივე განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს, შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში რჩება.

    "ეს შენობა მთავრობამ გაარემონტა და ააშენა პრეზიდენტისთვის, რისთვისაც 26 მილიონი დაიხარჯა. თუ პრეზიდენტი გამოიყენებდა მას საკუთარი რეზიდენციისთვის, ეს იქნებოდა მართლაც მისასალმებელი ჩემთვის და ყველასთვის, თუმცა ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი. ჩვენ, მთავრობა რაიმე მკვეთრ მოქმედებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ.

    "რა თქმა უნდა, მთავრობას, სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება, რომ ასეთი ფეშენებელური, ძვირადღირებული შენობა დარჩეს უფუნქციოდ, მითუმეტეს, რომ შენობის სტატუსიდან გამომდინარე, რეზიდენციას ჩვენ ვერ გავყიდით. ასე რომ, იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    თქვენი აზრით, რატომ გააქტიურდა ეს თემა კიდევ ერთხელ და უნდა გადავიდეს თუ არა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ათონელის რეზიდენციაში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი):"ახლა საკითხი ასე წამოიწია - თუკი პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაზე უარს იტყვის, მაშინ საჭირო გახდება ამ შენობის გაყიდვა. ეს სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით რომ შევაფასოთ, გარდაუვალია, ვინაიდან ქვეყანაში ახლა კრიზისია. ამიტომ, ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში პრეზიდენტი დროულად უნდა ჩამოყალიბდეს, რა უფრო მნიშვნელოვანია, რადგან არ შეიძლება ეს შენობა დანიშნულების გარეშე დარჩეს, მის მშენებლობაში ამხელა ფული ჩაიდოს და შემდგომ საქმე ისევ გასაყიდად წაიყვანონ. ვფიქრობ, პრეზიდენტი ათონელზე უნდა გადავიდეს."

     

     მიშა თავხელიძე (პოლიტოლოგი): "ახლანდელი პრეზიდენტის რეზიდენციის შენობა კარგა ხანია ბიძინა ივანიშვილის ირაციონალური შიშის საფუძველი გახდა. როგორც კი სათავეში მოვიდა, მაშინვე თავის გუნდს დაავალა, პრეზიდენტი აქედან დროულად გადაეყვანათ, გაურკვეველია, საიდან აქვს ამხელა ბოღმა. ყოველ შემთხვევაში, მე ამ საკითხის სხვაგვარ ახსნას ვერ ვპოულობ.

    "არსებული ავლაბრის რეზიდენცია სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც პრეზიდენტისთვის საჭიროა. ამიტომ მიმაჩნია, რომ გიორგი მარგველაშვილი იქ უნდა დარჩეს. საერთოდ ვერ ვიგებ, როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა, სად სცალია პრემიერს საამისოდ."

     

     თეო ხატიაშვილი (ხელოვნებათმცოდნე): "მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ამ გადასვლა-გადმოსვლაზე გაუთავებელი პაექრობის. ახლაც მიმაჩნია, რომ ეს ცალკეულ ადამიანებზე თუ პარტიაზე მორგებული საკითხი არ უნდა იყოს. თბილისში არსებობს პრეზიდენტის რეზიდენცია, რომელსაც თავისი ღირებულება და ისტორია გააჩნია. ყოველი არჩევნების შემდგომ თუ ასეთი შენობების შეცვლის საკითხი დადგა, ეს თემა მუდმივად არასერიოზული დამოკიდებულების საგანი გახდება.

    "ვფიქრობ, როცა ათონელზე მდებარე შენობის რესტავრაცია დაიწყეს, მაშინვე უნდა გაეთვალათ, რომ ქვეყანას ასეთი ზედმეტი ხარჯების საშუალება არ აქვს, მითუმეტეს მაშინ, როცა შესაბამისი შენობა უკვე არსებობს."

     

     თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს თემა ასე საჯაროდ სამსჯელო არ უნდა გაეხადათ. ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები იმისთვის არსებობს, რომ ასეთი საკითხები ერთმანეთში გაარკვიონ და სააშკარაოზე არ გამოიტანონ. ძნელია შეაფასო როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი. ამასთანავე, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უბრალო მოქალაქეების შესაფასებელი ნამდვილად არ გახლავთ."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×