სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    იაგო ნაცვლიშვილი
    04.06.2015

    საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა ქონების ჩამორთმევის ხუთი ფაქტი გახსნილად გამოაცხადა. ამ თემაზე გუშინ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. უწყების სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კოკა კაციტაძემ ისაუბრა. მან დაასახელა კონკრეტული საქმეები, რომლებიც გაიხსნა.

    პროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების მფლობელებისთვის დაბრუნების თხოვნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს. პროკურატურა აგრძელებს ჩამორთმეული ქონების საკითხზე მუშაობას.

    მისაღებია თუ არა თქვენთვის სამართლიანობის აღდგენისა და უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების ტემპი? - ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

     რეზო მიშველაძე (მწერალი): "პირადი ქონების ხელყოფა სააკაშვილის ხელისუფლების ერთი დიდი დანაშაული იყო. ახლა სამართლიანობის აღდგენის პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. რასაკვირველია, ამას მივესალმები, თუმცა მიმაჩნია, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ძალიან დიდხანს დააყოვნა.

    ტემპს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ აჩქარება არ უნდა მოხდეს, რათა თითოეული საქმე გულდასმით იყოს გამოძიებული. არსებობს უამრავი უხერხული გარემოება, კერძოდ, საუბარი მაქვს ისეთ შემთხვევებზე, როდესაც არაფერში არ არის დამნაშავე ის კაცი, რომელსაც ჩამორთმეული ქონება მიჰყიდეს.

    თუ პროკურატურას საქმეების ბოლომდე მიყვანა უნდა, მაშინ უნდა დაისაჯონ ის ყოფილი თანამდებობის პირები, ვინც აიძულა ადამიანებს, რომ საკუთარ ქონებაზე უარი თავადვე ეთქვათ. ვფიქრობ, რომ ასეთი თანამდებობის პირები ციხეში უნდა აღმოჩნდნენ და ფული მათი ჯიბიდან უნდა იყოს ამოღებული. ძალიან ცოტა ადრო აქვს "ოცნებას" დარჩენილი იმისათვის, რომ სამართლიანობა სრულად აღდგეს".

     გია ბურჯანაძე (მსახიობი): "სამართლიანობის აღდგენის ტემპი, რა თქმა უნდა, მისაღები არ არის. როგორ შეიძლება ტემპი მისაღები იყოს, როცა ორწელიწად-ნახევარში ამ მიმართულებით პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. სამართლიანობის აღდგენას სჭირდება პოლიტიკური ნება, რაც ამ ხელისუფლებას არ გააჩნია. ორი და სამი კაცისთვის დაბრუნებული ქონება სათქმელად სჭირდებათ. ბევრი ადამიანი, ვინც წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა, უკვე ცოცხალი აღარ არის.

    ეს სიტუაცია იმდენად შიშველია და ყვირის, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა, თითო-ოროლა საქმე გამოიძიოს და ხალხს გადმოუგდოს. თანაც ეს ქონებები ჯერ დაბრუნებული არც არის, ჯერ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დაუბრუნებენ თუ არა კონკრეტულ ადამიანებს ჩამორთმეულ ქონებას. ავტოსადგომებზე რომ უყენიათ წართმეული მანქანები, ისინი მაინც დააბრუნონ. სანამ კოაბიტაცია იქნება, მანამ არაფერი არ გვეშველება".

     გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება" დამფუძნებელი): "თუ ქონების ჩამორთმევას რეალური საფუძველი ჰქონდა, მაშინ ის ბოლომდე უნდა მივიდეს. თუმცა მეორე საკითხია, რამდენად ობიექტურად იძიებს პროკურატურა ამ საქმეებს, გახსნილია თუ არა ეს საქმეები ისე, როგორც ეს საჭიროა. ბოლო საქმეებს თუ გადავხედავთ, პროკურატურის მიმართ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. დაველოდოთ საქმეთა ბოლომდე მიყვანას".

     

     

     ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): "რა თქმა უნდა, ქონების ჩამორთმევის საქმეების ახლა გახსნა უკვე დაგვიანებულია. გასაგებია, რომ პროკურატურაში ათასობით საქმეა შესული, მაგრამ იმ კაცმა რა ქნას, ვინც ელოდება წართმეული ქონების დაბრუნებას?!

    ვისურვებდი, რომ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება უფრო სწრაფი ტემპებით მოხდეს. ამ საქმეების გახსნა პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან. ადამიანები ელოდებიან უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას და ზოგის გული ამდენს ვეღარ უძლებს.

    თუმცა ვეთანხმები ანდაზას: "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს". გამოძიება ნელი ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ საქმე რომ დაიძრა, ეს უკვე კარგია."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved