სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    10.06.2015

    ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოქროპირიძეს, ახალი ბრალდების საფუძველზე პატიმრობის ვადა გაუგრძელა. მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა მას პატიმრობა პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე შეუფარდა.

    შეგახსენებთ, რომ ნაფიც მსაჯულების მიერ ვერდიქტის ვერ გამოტანისა და წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვის გამო ბრალდებულს 12 ივნისს საპატიმრო უნდა დაეტოვებინა, თუმცა მას ახალი ბრალი პროკურატურამ რამდენიმე დღით ადრე წარუდგინა.

    ოპოზიცისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ფიქრობს, რომ პროკურატურის ქმედება კონსტიტუციის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება და საშიშ პრეცედენტს ქმნის. ამავე დროს, საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ოქროპირიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების მიერ გადაწყვეტილების ვერმიღება თავად ამ ინსტიტუციის ნაკლოვანებაზე მიუთითებს. ისინი ოქროპირიძის დანაშაულში დარწმუნებული არიან და ციხიდან მის გამოშვებას დაუშვებლად მიიჩნევენ.

    თქვენი აზრით, სამართლიანია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება ოქროპირიძის პატიმრობაში დატოვებაზე? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     ზურა ხაჩიძე (მომღერალი): ჩემი აზრით, დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში. ყველამ კარგად იცის, რომ დანაშაული ამ ადამიანმა ჩაიდინა. სამართალთან პასუხი ყველამ უნდა აგოს და როდესაც მკვლელობაზეა საქმე, სასჯელი უნდა იყოს უმკაცრესი. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, სამართლებრივად შეიძლება მისი დატოვება არასწორი ქმედება იყო, მაგრამ ეტყობა, სხვა არჩევანი და გამოსავალი არ ჰქონდათ, იმიტომ, რომ ბუნებრივია, ამ ბიჭს დანაშაული მართლა აქვს ჩადენილი.

     

     გიორგი შენგელაია (რეჟისორი): ამ საქმეში ძაღლის თავი დამარხულია ნაფიცი-მსაჯულების ინსტიტუტში. ეს ინსტიტუტი საქართველოში არ გამოვა, ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა გაუქმდეს - ამისთვის მზად არ ვართ. რაც შეეხება პროკურატურას, ვფიქრობ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღეს, ბოლოს და ბოლოს მაგათაც ისწავლეს, რომ არ უნდა ითამაშონ დასავლური ხერხებით, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც.

     

     

     დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): საერთოდ არსებობს კანონიერება და სამართლიანობა, მაგრამ ეს ორი რამ ერთმანეთს არ ემთხვევა. საერთოდ კანონიერება უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, სამართლიანობაა პირველ ადგილზე.

    ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში უმჯობესია, რომ ოქროპირიძე პატიმრობაში ცოტა ხანს კიდევ დარჩეს და თუ დაამტკიცებენ, რომ არ არის დამნაშავე, გამოუშვებენ, მაგრამ ახლა რომ გამოუშვან არასწორი იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ლაშა მახარაძის ახლობლები ისე გაგიჟებულები არიან, შესაძლოა რამე დაუშაონ ან თუნდაც მოკლან.

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი): ზუსტად არ ვიცი, იქ რა მოხდა და როგორ მოხდა, თუმცა ვენდობი პროკურატურას და არ მიმაჩნია, რომ ბრალი იმიტომ დაუმძიმა, რადგან ოქროპირიძეს წინასწარი პატიმრობის ვადა ეწურებოდა. ალბათ მან კანონი მართლა დარღვია. თუმცა მე ამ საკითხს ცოტა სხვა ჭრილში შევხედავ და, როგორც მოქალაქეს მიმაჩნია, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს. თბილისში, სადაც ყველა ერთმანეთის ნათესავია, არაფრით არ შეიძლება ამ ინსტიტუტმა ობიექტური ვერდიქტი გამოიტანოს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved