სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლიკა ამირაშვილი
    17.06.2015

    შაბათ ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ თბილისში არნახული სტიქიური უბედურება გამოიწვია. მეწყერმა და მისგან წარმოქმნილმა ღვარცოფმა ვერეს ხეობის გასწვრივ ფაქტობრივად ყველაფერი გაანადგურა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 19-ს მიაღწია. 6 ადამიანს კიდევ ეძებენ.

    სპეციალისტები ჯერჯერობით ტრაგედიის განვითარების ვერსიებზე დავობენ. ოფიციალური დასკვნა ჯერ არ დადებულა. კატასტროფის ირგვლივ დავა ხშირად პოლიტიკურ ელფერს იღებს. ხელისუფლება წინამორბედს დაუფიქრებელ მშენებლობაში ადანაშაულებს და მიანიშნებს, რომ სწორედ ეს გახდა ვერეს ხეობის ტრაგედიის მიზეზი. "ნაციონალური მოძრაობა" კი საპასუხოდ ქვეყნისა და დედაქალაქის მთავრობას უუნარობაში ადანაშაულებს - როგორც კატასტროფის პრევენციის, ისე მისი შედეგის აღმოფხვრის მხრივ.

    როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იყო თუ არა სტიქიის წინასწარ პროგნოზირება და ზარალის შემცირება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ლაშა ჩხარტიშვილი (გარემოს დაცვის ექსპერტი):  მეტ-ნაკლებად სტიქიის პროგნოზირება შეიძლებოდა. ქვეყანაში სრულფასოვანი მონიტორინგი არ ხდება. მიუხედავად ამისა, ბუნებამ გაგვაფრთხილა. ამავე ხეობაში 4 ივნისს სტიქიის მომსწრე გავხდით. ერთი მხრივ, გარემოს დაცვის სტრუქტურები, ხოლო მეორე მხრივ, თავდაცვის სამინისტრო და მუნიციპალიტეტი მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოლიყვნენ, გაცილებით მეტი მზაობა შეიძლებოდა ყოფილიყო. მისი დამანგრეველი შედეგების შემცირება და მსხვერპლის მინიმუმადე დაყვანა შეიძლებოდა.

    პრობლემას მხოლოდ ვერეს ახალი გზა და მდინარის გვირაბში მოქცევა არ წარმოადგენს. დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ გასულ წლებში რეაგირება არ მოახდინეს. მეორე მხრივ, გეოლოგიური პროცესების მონიტორინგის სისტემის არარსებობა. ამის გარდა, 4 ივნისის შემთხვევაზე დაყრდნობით რეალური იყო, ზიანი მინიმუმამდე დაყვანილიყო.

     თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ეს საკითხი კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა შეისწავლონ და ამ კითხვებს პასუხი გასცენ. მგონია, რომ სვანეთის ქუჩის რაიონში ძალიან ძნელი იქნებოდა სტიქიის პროგნოზირება.

    თუმცა, რაც შემდეგ მოხდა ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს უკვე გზის მშენებლობასთან და არასწორ გათვლებთანაა დაკავშირებული. ასევე ახალდაბის მიდამოში რომ მეწყერი ჩამოწვა და გზა ჩაკეტა, ამის პროგნოზიც შეუძლებელი იყო. ჩემი აზრით, ზოოპარკი და მზიურის დატბორვა უბრალოდ არასწორი გათვლების შედეგია.

     

     გია ბუღაძე (ფერმწერი): პირველ რიგში, ჩემი მწუხარება მინდა გამოვხატო. არ ვიცი, წინასწარ გათვლა რამდენად შესაძლებელია, თუმცა ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ბუნებაში შემთხვევით არაფერი არ ხდება.

    ყველაფერი კანონზომიერია. პირად საუბარში სპეციალისტებმა ინფორმაცია მომაწოდეს, რომ კახეთში, როდესაც ღრუბლების განდევნა მოხდა, ის აუცილებლად ერთი ადგილიდან მეორეში გადაინაცვლებდა. როგორც ჩანს, ღრუბელმა თრიალეთის თავზე გადაინაცვლა, არ არის გამორიცხული, რომ ამის ბრალიც იყოს.

    ბუნებში თუკი რაიმე ხდება, ამას ორი საფუძველი აქვს - ერთი, ადამიანის დაუფიქრებელი მოქმედება და მეორე, ბუნებრივი მოვლენები. რაც შეეხება ძაღლების თავშესაფარს, ეს სიგნალი უნდა ყოფილიყო. თუმცა შეეძლოთ თუ არ შეეძლოთ, ამას ვერავინ გათვლის.

     ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): ვფიქრობ, ამის წინასწარ გათვლა შეუძლებელი იყო. თუმცა ბუნებრივ პროცესებში ადამიანის ხელია ჩარეული. ჩვენმა ცუდმა დამოკიდებულებამ განაპირობა ის უბედურება, რომელიც დედაქალაქში მოხდა. ეს წლების მანძილზე გრძელდება. ვისაც სად გაუხარდება, ხეებს იქ ჭრის, არხები გაჰყავს, სახლებს აშენებს. ამ ყველაფერმა მოახდინა იმ უბედურებაზე გავლენა, რაც მივიღეთ.

    15 დღის განმავლობაში ამის გამოსწორება ყოვლად წარმოუდგენელი იყო. ხეების ასე მოჭრა არ შეიძლება. ბუნების ასე განადგურება არ შეიძლება. ყველა ხელისუფლებას ვადანაშაულებ, დაწყებული კომუნისტებიდან, დამთავრებული დღევანდელი ხელისუფლებით.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×