სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    იაგო ნაცვლიშვილი
    19.06.2015

    თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ საზოგადოებაში დაძაბული ემოციური ფონია. ხალხის ნაწილი მიიჩნევს, რომ თბილისში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს. საზოგადოებაში ეს საკითხი განსაკუთრებით გუშინწინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გააქტიურდა, როდესაც ზოოპარკის მიერ აღურიცხავმა ვეფხვმა მამაკაცი სასიკვდილოდ დაგლიჯა. კიდევ ერთ ვეფხვსა და აფთარს შესაბამისი სამსახურები მთელი ქალაქის მასშტაბით ეძებენ.

    თბილისის მერი დავით ნარმანია საგანგებო მდგომარეობის საჭიროებას ვერ ხედავს. მან ეს განცხადება გუშინ გააკეთა. "საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საჭიროება, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე არ არსებობს", - განაცხადა მერმა. სოციალურ ქსელში კი უკვე გაჩნდა მოსაზრება რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საჭიროა.

    საჭიროა თუ არა თბილისში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება? - ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

     ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): ჩემი აზრით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უკვე გვიანია. მოსახდენი უკვე მოხდა და ვეფხვმა ადამიანი სასიკვდილოდ დაგლიჯა, თუმცა ამაში მე ვერავის ვერ დავადანაშაულებ. ის ვეფხვი, რომელსაც მამაკაცი ემსხვერპლა, ყველას დამხრჩვალი ეგონა. ყველამ ვნახეთ იმ სტიქიური უბედურების შემდეგ, რომ ის ვეფხვი შლამში სიცოცხლის ნიშან-წყლის გარეშე ეგდო.

    დიდი უბედურებაა, როდესაც ქალაქის ცენტრში ხდება ამხელა ტრაგედია და როდესაც მტაცებელი ცხოველი ადამიანს გლეჯს, მაგრამ ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენზე ბევრად განვითარებული ქვეყნებიც ვერ უმკლავდებიან. საუბარი მაქვს სტიქიაზე, რომლის თანმდევიც იყო ის ტრაგედია, როდესაც ვეფხვს ადამიანი ემსხვერპლა. იაპონია ტექნოლოგიურად ჩვენზე გაცილებით მაღალ დონეზეა, მაგრამ იქაც კი ვერ აკეთებენ იმის პროგნოზს, რა მოხდება. ვერ განსაზღვრავ, ვის რას უქადის ბუნება. ასე რომ, ეს იქნება ძალიან დიდი გაკვეთილი ჩვენთვის.

    ახლა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მიზანშეუწონლად მიმაჩნია. შესაძლოა მის გამოცხადებას უფრო ცუდი რაღაც მოჰყვეს.

     ბაია დვალიშვილი (მსახიობი): ვერ გეტყვით, უნდა გამოცხადდეს თუ არა საგანგებო მდგომარეობა. მისი გამოცხადების შემთხვევაში ბევრი კითხვა გაჩნდება. მნიშვნელობა აქვს იმასაც, რამდენ ხანს გაგრძელდება მტაცებელი ცხოველების ძებნის ოპერაცია. სანამ ისინი ივლიან ტყე-ღრე იმდენი ხანი საგანგებო მდგომარეობაში უნდა ვიცხოვროთ?! აბსურდულად მეჩვენება ეს ყველაფერი.

    უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, იქნება ეს კინოლოგები თუ სხვა, და დაიჭირონ მტაცებლები, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არასწორად მიმაჩნია. ეს რომ დიდხანს გაგრძელდეს, მაშინ ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ჩავრჩეთ?!

     გივი სიხარულიძე  (მწერალი და მსახიობი): საგანგებო მდგომარეობა აქამდეც უნდა გამოცხადებულიყო იმიტომ, რომ ვერ ხედავთ, რა უბედურება ტრიალებს ჩვენს თავზე?! ეს არ დამთავრდება ისე მარტივად, როგორც ჩვენ გვგონია. ცხოველები კიდევ დაჭამენ ვიღაცებს. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან, მაგრამ საფრთხე რეალურია.

    ისედაც არავინ არ იცის, რა მოხდება, კიდევ რომ იწვიმოს. თბილისი უპატრონოდ არის მიგდებული, პატრონი არ ჰყავს. ამაში დავრწმუნდი. მიმაჩნია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელია.

     

     მარინა ბერიძე (მუსიკათმცოდნე):  მიმაჩნია, რომ საგანგებო მდგომარეობა აქამდეც უნდა გამოცხადებულიყო. ახლა უკვე დაგვიანდა, მაგრამ მიმაჩნია რომ ახლა მაინც უნდა გამოცხადდეს - მტაცებელი ცხოველები ქალაქში დადიან და ამას ყველა აღიარებს.

    მე ზოოპარკთან ვცხოვრობ. შეიძლება ითქვას, რომ სრულიად პარალიზებული ვარ. სადარბაზოდან ვერ გამოვდივარ ქალაქში. მიმაჩნია, რომ საგანგებო მდგომარეობა პირველივე დღეს უნდა გამოეცხადებინათ. შემოსულიყო ჯარი, პატრული, მაშველები... სარდაფ-სარდაფ ევლოთ და მტაცებელი ცხოველები დაეჭირათ. ამდენი ბავშვია გარეთ, სკოლებსა თუ ბაღებში დადიან, რომლებიც დაცულები არ არიან. არავინ იცის, როდის უფრო გამხეცდება ცხოველი. ახლა საგანგებო მდგომარეობა დაგვიანებულია, მაგრამ გასაკეთებელი საქმეა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×