ვახტანგ შამუგია
16.09.2015

"რთველი 2015" კახელი გლეხების ნაწილის უკმაყოფილებისა და საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. მათი თქმით, ფასი, 60-65 თეთრი, რაც დადგენილია თეთრი ყურძნის ჩასაბარებლად, მათთვის მიუღებელია, რადგანაც ძალიან დაბალია.

მევენახეთა ამ მოსაზრებას საპარლამენტო ოპოზიციაც ეთანხმება. გუშინ პარლამენტში გამართული აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას უსმენდნენ, ხმაურით წარიმართა. მმართველი გუნდის წევრები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს რთველის საკითხით სპეკულირებასა და მის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში სდებენ ბრალს.

თქვენი აზრით, არის თუ არა მევენახეების პროტესტი ოპოზიციის მიერ ხელოვნურად აგორებული და მართული? - ამ კითხვის საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

 დოდო ხურცილავა თეატრმცოდნე): "შეიძლება იყოს კიდეც სამართლიანი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც აქვს ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული და ვიღაცები ერთ-ერთი ძალიან ცუდი პარტიიდან ამ ხალხს აქეზებენ და აგულიანებენ, რითაც სათავისოდ ქულებს იწერენ".

 

 

 

 რეზო მიშველაძე (მწერალი):"ფაქტია, რომ ვენახის შრომა უმძიმესია. ქართველ მევენახეს მოჰყავს ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და პრესტიჟული პროდუქტი. მას დიდი მნიშვნელობა აქვს. მათი შრომა დაუფასებელია.

"მე არ მგონია, რომ ეს პატარ-პატარა მიტინგები მშრომელი გლეხის სულიდან მოდიოდეს. ეს ხალხი "ნაციონალური მოძრაობის" შეგულიანებულია. დღეს ვენახში შრომის ნაცვლად გლეხი მიტინგზეა, რაც არ არის კარგი... თანაც, ყველაფერი პრივატიზებულია და ეს საწარმოების დიდი ნაწილი, სადაც ყურძენს აბარებენ, კერძოა.

"პირადად მე გამოსავლად მიმაჩნია ის, რომ ხელისუფლებამ უშუამდგომლოს ამ ხალხს კერძო მესაკუთრესთან, რათა ეს პრობლემა მოგვარდეს. "

 გია კორკოტაშვილი (შოუმენი):"პროტესტის მიზეზი ის არის, რომ დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ძირითადად ნეგატიური როლის თამაშითაა გართული. ეს პრობლემა, რაც დღეს იქ არის, გლეხებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებით შეიძლება მოგვარდეს, მაგრამ ამის საშუალებას "ნაციონალური მოძრაობა" არ იძლევა. ისინი მსგავს პროტესტებს სათავისოდ იყენებენ, ჩნდებიან, იტაცებენ "პროტესტის დროშას" და თავის თავსა და ადგილობრივებს "წამებულის მანტიას" არგებენ. ასე ქვეყანა ვერ განვითარდება.

"მე მესმის, რომ კახელ გლეხს დღეს სტკივა, უჭირს, შარშან როდესაც აბარებდა ყურძენს და დღეს, განსხვავებული რეალობაა, ეროვნული ვალუტა გაუფასურებულია და გასაგებია, რომ ეს თანხა მათთვის არ არის საკმარისი, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა მოიმოქმედოს რაღაც, რათა ეს ხალხი არ დაზარალდეს.

"შესაძლებელია სუბსიდირება, ან სხვა მხრივ ამ გლეხებისათვის ხელის შეშველება, რათა მდგომარეობა შეუმსუბუქდეთ. მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ხალხს შორის მოიტანს იმას, რომ თუ ხელისუფლება შეძლებს, გაზრდის თანხას, თუ არა და მოსახლეობა ამას გაგებით მოეკიდება. თუმცა, თუ "ნაციონალური მოძრაობა "გააგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს, ეს, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×