სალომე სარიშვილი
18.09.2015

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა გუშინ პატიმრობიდან გაათავისუფლა. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილდა, რაც მისი თავისუფლების საფუძველი გახდა.

საქმე მის 9-თვიან პატიმრობას ეხებოდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრდება, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული. ეს კი ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.

რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ სასამართლოს გადაწყვეტილება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ნიკა ჩიტაძე  (პოლიტოლოგი): "ჩემი აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად სამართლიანია გამომდინარე იქედან, რომ პირველ რიგში, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუცია იქნა დაცული. კონსტიტუციის დაცვა და კანონის იმ მუხლის გათვალისწინება, რომლითაც ბატონი გიგი დღეს თავისუფალია, ნიშნავს იმას, რომ დაუშვებელია, ადამიანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდეს. ვფიქრობ, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საერთო სასამართლო სისტემისთვის სავალდებულო უნდა გახდეს. მითუმეტეს, რომ ამას მხარს საქართველოს სახელმწიფო მეთაური და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უჭერს."

 

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "ჩემი აზრით, "ქართულმა ოცნებამ" ძალიან დიდი შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც ე.წ. კოაბიტაცია მოახდინა, რის შედეგადაც ხელისუფლებაში ისევ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დარჩნენ. შედეგად კი მოხდა ის, რაც მოხდა.

"გარდა ამისა, შემთხვევითი არ უნდა იყოს ის, რომ ქვეყანაში საბოტაჟია და ამის ნათელი მაგალითია კახელი მევენახეების პროტესტი, ლარის კურსის ვარდნა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და კიდევ ბევრი რამ.

"ვფიქრობ, ამ ყველაფრით მზადდება ნიადაგი იმისათვის, რომ "ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან ჩამოაგდონ. ამიტომ კეთილი ინებოს მთავრობამ და კადრების პრობლემა მოაგვაროს. მართალია, გვიანია, მაგრამ მაინც გასაკეთებელია.

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ "ოცნების" წარმომადგენლები ხელისფლების ხელში ასაღებად მზად ვერ არიან. უგულავას გამოშვება დიდი შეცდომა იყო, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით იგი უცოდველი კრავი გამოიყვანეს."

 ია ანთაძე  (ჟურნალისტი):"იმის შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, რა თქმა უნდა, ყველანი ველოდით, რომ მათი გადაწყვეტილება აღსრულდებოდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ უგულავას თავისუფლება აბსოლუტურად ბუნებრივი და ლოგიკური იყო. რაც მთავარია, ეს დადებითი პროცესია იმ მხრივ, რომ თუკი სასამართლოს ხელოვნურ ბარიერებს შეუქმნიდნენ, მაშინ ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნებოდა. რაც მოხდა, მოსალოდნელიც იყო, ბუნებრივიც და ლოგიკურიც."

 

 გია როინიშვილი (მსახიობი, ყოფილი პარლამენტარი): "ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორი იყო, ვინაიდან ამას საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილება ითხოვდა. ამ საკითხის პროცედურული და სამართლებრივი მხარე არ ვიცი, თუმცა ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა და გიგი თავისუფალია, ნიშნავს, რომ კანონი კანონობს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×