ლიკა ამირაშვილი
19.09.2015

გიგი უგულავასგან განსხვავებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გაათავისუფლეს (თუმცა გუშინ ისევ შეაბრუნეს ციხეში), მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის ანალოგიური შუამდგომლობა გუშინ სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

როგორც მოსამართლე ხათუნა ხარშილავამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განმარტა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი ნორმა შეუსაბამოა ოქროპირიძის შემთხვევასთან და დაცვის მხარის შუამდგომლობაში აღნიშნული ნორმის გათვალისწინების საფუძვლები არ არსებობდა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ლაშა მახარაძის ახლობლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისინი ელოდნენ კიდეც. როგორც ლაშა მახარაძის დედამ, ნინო დიდებულიძემ განაცხადა, ორი ადამიანის მკვლელი თავისუფლებაზე არ უნდა იმყოფებოდეს.

შეგახსენებთ, რომ ოქროპირიძე ლაშა მახარაძის მკვლელობაშია ბრალდებული. მიუხედავად საქმეში არსებული მრავალი მტკიცებულებისა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე მისი გამტყუნება ვერ მოხერხდა. ოქროპირიძის ბრალეულობაში ეჭვი არ ეპარება მოკლული ახალგაზრდას ოჯახსა და ახლობლებს, ასევე საზოგადოების დიდი ნაწილს.

მიუხედავად ამისა, ფაქტი ფაქტად რჩება - ოქროპირიძე, ისევე როგორც გიგი უგულავა, საპყრობილეში 9 თვეზე დიდი ხანი იმყოფება, თუმცა ფორმალურად მისი გამტყუნება არ მომხდარა.

რამდენად ლოგიკური იყო სასამართლო, როდესაც უგულავასა და ოქროპირიძის საქმეებში განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღო? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): საქმის დეტალები ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის, ამიტომ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. ფაქტია, რომ უმაღლეს დონეზე სერიოზული თამაში მიდის, რომელშიც ხალხი ნაკლებად ერკვევა. ამ მხრივ სიმართლე გითხრათ მეც ნაკლებად ვერკვევი.

 

 

 ქეთი ბექაური(იურისტი): პირდაპირ გეტყვით, რომ არალოგიკური გადაწვეტილებაა. კანონის წინაშე ყველა თანასწორია - ეს უგულავა იქნება თუ ოქროპირიძე. მე თავს ვერ დავდებ, რომ ოქროპირიძის საქმე ზედმიწევნით ვიცი. შიგნით რა პროცესუალური ნაბიჯები გადაიდგა, ათვლა საიდან დაიწყო, როდის დააკავეს, მე საქმის კურსში არ ვარ. შეცდომის დაშვება არ მინდა, მაგრამ როგორც ინფორმაცია ჟღერდება, და თუკი ანალოგიური შემთხვევებია, მაშინ კანონი ორივეს მიმართ თანაბრად უნდა ამოქმედდეს.

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): მე საქმეს არ ვიცნობ, მაგრამ თუ სარჩელი ერთნაირია, მაშინ გადაწყვეტილება შეუსაბამოა. ჩვენს სახელმწიფოში ისეთი რაღაცეები ხდება, რომ ადამიანს გააოცებს. ადამიანის ციხიდან გამოსვლა ყველას გაუხარდება, მაგრამ დანაშაულისთვის ხომ უნდა ისჯებოდნენ? სასამართლო ისეთი გამჭირვალე უნდა იყოს, კანონის მუხლებს ეყრდნობოდეს და ყველასთვის ერთანაირი იყოს.

 

 

 ნინო ლაპიაშვილი  (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): იქიდან გამომდინარე, რომ საქმე არ ვიცნობ, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ როდესაც გარემოებები იგივეა და მიდგომები სხვადასხვა, მაშინ საქმე ორმაგ სტანდარტთან გვაქვს. აქედან გამომდინარე ალბათ ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში ჩართულები არიან, უკეთეს განმარტებას გააკეთებენ.

ზოგჯერ შეიძლება ერთი შეხედვით საქმე ერთსა და იგივე გარემოებასთან გვქონდეს, მაგრამ საქმის დეტალურად გაცნობის შემდეგ, აღმოჩნდეს, რომ ეს ასე არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×