ლიკა ამირაშვილი
21.09.2015

აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოდან ორი დელეგაცია გაემგზავრება. ერთს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორეს კი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.

მთავრობის მეთაური აშშ-ს 25 სექტემბერს ეწვევა, პრეზიდენტის შტატებში გამგზავრება კი 27 სექტემბერსაა დაგეგმილი.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის ვიზიტების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიას დაესწრება, 1-ელ ოქტომბერს კი, სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. გარდა ამისა, ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა ვიზიტის ზუსტი პროგრამა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პრეზიდენტი კი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ნიუ-იორკსა და ვაშინგტონს ეწვევა. უფრო კონკრეტულად, გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკში, დისკუსიაში - "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება" მიიღებს მონაწილეობას, სადაც ის ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ მიიწვია.

ასევე საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს. ორმხრივი შეხვედრები და საჯარო გამოსვლებია დაგეგმილი დედაქალაქ ვაშინგტონშიც, მათ შორის გიორგი მარგველაშვილი ვუდროუ ვილსონის სახელობის ცენტრს ესტუმრება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთ ორმხრივ შეხვედრას უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოსთან გამართავს.

აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ვიზიტები ერთდროულად - 2 ოქტომბერს დასრულდება. არსებული ინფორმაციით, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი, ისე გიორიგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციებით გაემგზავრებიან.

რამდენად გამართლებულია გაეროს გენერალურ ასაბლეაზე ერთი ქვეყნიდან ორი დელეგაციის გამგზავრება? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): "ამით მგონია, რომ საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებენ. მით უფრო, რომ ყველას ერთი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ეს შეერთებული შტატები იქნება, თუ გაერო, ნესმიერ შეხვედრასა და ღონიძიებაზე არ შეიძლება, რომ პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთისგან ასე ცალსახად გათიშულები იყვნენ. ძალიან არასერიული ამბავია, ესაა ჩემი პასუხი."

 

 გრიგოლ გაგნიძე (იურისტი): "აქ ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, პრემიერისა პრეზიდენტის გამგზავრება იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება თავის პოზიციას სრული შემადგენლობით აფიქსირებს. მათი ცალ-ცალკე დელეგაციით გამგზავრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ."

 

 

 

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): "რა თქმა უნდა, გაუმართლებლად მიმაჩნია, რომ ერთი ქვეყნიდან ორი დელეგაცია გაემგზავროს. გასაგებია, რომ ერთმანეთთან მწყრალად არიან, მაგრამ რა აუცილებელია, რომ ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგოს.

"ერთი დელეგაციით უნდა წასულიყვნენ. დიპლომატიურად მაინც უნდა ეჩვენებინათ, რომ სხვანაირი ურთიერთობა აქვთ."

 

 ნოდარ ნათაძე (ფილოლოგი):  "როდესაც სახელმწიფო იმაზე ვერ რიგდება, რომ ქვეყნიდან გაეროში ერთი დელეგაცია გაემგზავროს, ეს ანომალიური მოვლენაა, რომელიც ხელისუფალთა ინტელექტუალურ არასრუფასოვნებაზე მეტყველებს. ჩვენ დაგვცინებენ და სერიოზული ინსტანციის სტატუსი მოგვაკლდება. "ხელისუფლება რომ სამი უმაღლესი ორგანოთია წარმოდგენილი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი საკუთარ პასუხიმგებლობას მთლიან სიტუაციაზე არ უნდა იღებდეს. ჩვენი ხელისუფლების არც ერთი ორგანო ამ პასუხიმგებლობას არ გრძნობს. "

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×