სალომე სარიშვილი
22.09.2015

დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა მედიასივრცეში რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს კვლევას იმის თაობაზე, თუ ვინ დგას სხვადასხვა პრორუსული ხაზის მქონე მედიასაშუალებების უკან.

გიგაური ამბობს, რომ განსაკუთრებით ბეჭდურ მედიასა და ინტერნეტში გამოჩნდა საინფორმაციო სააგენტოები, რომლებსაც აქვთ პრორუსული ხაზი, რაც საგანგაშო ტენდენციაა.

"ბუნებრივია, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალიან რთულია ასეთი ტიპის მედიასაშუალებებთან ბრძოლა, რადგან ასეთ მედიასაშუალებებს ვერ დახურავ. შესაბამისად, სხვა საშუალებები უნდა იქნას გამოყენებული მათ წინააღმდეგ.

"არ არის კარგი, რომ ზოგიერთი პრორუსული მედიასაშუალება დაფინანსებას სახელმწიფოსგან იღებს და ჩვენ ამის დამადასტურებელი რამდენიმე ინფორმაცია გაგვაჩნია. თუმცა ახლა კონკრეტიკაზე ვერ ვილაპარაკებ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს კვლევას, თუ ვინ დგას სხვადასხვა მედიასაშუალების უკან და განსაკუთრებით იმ მედიასაშუალებების, რომლებიც ინტერნეტშია განთავსებული. ზოგადად, რომ ასეთი ტენდენცია არის ქვეყანაში, ეს არის ფაქტი, და, რა თქმა უნდა, ეს არის არასასურველი", - განაცხადა გიგაურმა.

თქვენი აზრით, ძლიერდება თუ არა საქართველოში რუსული პროპაგანდა? - ეს კითხვა საზოგადოების წარმომადგენლებს დავუსვით.

 ლევან ღვინჯილია (ენათმეცნიერი): "ძლიერდება თუ არა რუსული პროპაგანდა, ამის თქმა ძნელია, იმიტომ, რომ სულ ცოტა ხნის წინ რუსული პროპაგანდა საერთოდ აკრძალული იყო. ამ ბოლო დროს საჯარო სივრცეში გამოჩნდა ცალკეულ პირთა გამონათქვამები. მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი წერდა იმის შესახებ, თუ რამდენად საინტერესო გაერთიანება შეიძლება იყოს "ევრაზიის კავშირი". ეს ავტორი ცნობილია, როგორც დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერი.

"ზოგადად, მოსახლეობის განწყობა ერთმნიშვნელოვნად ევროატლანტიკური და დასავლური არ არის.

"საერთოდ, ქვეყნის ორიენტაციის საკითხი ძალიან ცუდადაა დამუშავებული. ქუჩაში გამოკითხვა რომ ჩავატაროთ - რას ნიშნავს ევროპული ან რუსული ორიენტაცია - გამოკვეთილად და გააზრებულად ვერაფერს გეტყვიან, ვინაიდან ამ ტერმინების შინაარსი კარგად არ იციან. დასავლური ორიენტაცია მეტწილად გაუთვითცნობიერებელ ხალხში გარყვნილებისა და აღვირახსნილების თავისუფლებასთანაა დაკავშირებული, ხოლო რუსული ორიენტაცია - უფრო რელიგიურ და ამდენად, ტრადიციულ ურთიერთობებთან.

"სინამდვილეში ერთიც და მეორეც რამდენადმე გაზვიადებულია, მაგრამ ყველაფერ ამას კვალიფიციური განმარტება სჭირდება და მოსახლეობისთვის ინფორმაციის ისე მიწოდება, რომ თავისუფალი არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღების საშუალება ჰქონდეს".

 ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "ჩემი აზრით, ეს არარეალური მოსაზრებაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ორიენტირებულნი არიან იმაზე, რომ უცხოელებს ფული დაცინცლონ, აკეთონ სკანდალური გამოკვლევები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ფულს არავინ მისცემთ.

"რაც შეეხება რუსეთიდან დაფინანსებასა და პროპაგანდის გაზრდას, ეს ღიმილის მომგვრელია. რაში სჭირდება ვინმეს რომელიმე ორგანიზაციის დაფინანსება, როდესაც ინტერნეტსივრცეში ყველანაირი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი? ამ ადამიანებთან მრავალმნიშვნელოვანი შეკითხვა მაქვს - ხომ არ აჭარბებებენ საკუთარ შესაძლებლობებს და თავს ხელისუფლებასთან აიგივებენ?"

 გია ბუღაძე (ფერმწერი):"ვფიქრობ, ძალიან გაძლიერებულია და ეს ყველაზე მეტად მედიაში ჩანს. ზოგადად, საზოგადოებაში ასეთი განწყობაცაა, რომ ამას ყველაფერს ხელს ხელისუფლებაც უწყობს, რაც ძალიან სამწუხაროა.

"ზოგადად, თუ სიტუაციების მართვას დავაკვირდებით, გავლენის გააქტიურება იმ თვალსაზრისით, რომ ხალხში აზრის მუსირება მოახდინონ, ნამდვილად რეალურია. აქ საუბარია იმაზე, რომ რუსული პროპაგანდა ძალიან აქტიურია. საბედნიეროდ. ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილი მეტნაკლებად პროდასავლურია და რუსეთს გადაეჩვია, რაც იმედის მომცემია."

 

 თეო ხატიაშვილი (ხელოვნებათმცოდნე): "სიმართლე გითხრათ, მედიასაშუალებებს ნაკლებად ვეცნობი, ამიტომ მთლად ბოლომდე კომპეტენტური ვერ ვიქნები, რომ ვთქვა ასეა-მეთქი. თუმცა, რაღაც ნაწილში ალბათ რუსული პროპაგანდა მართლაც გაძლიერებულია.

"ერთი რამ ნათელია, რომ კულტურული მიმართულებით ეს ნამდვილად იგრძნობა. პოლიტიკურ ნაწილში რა ხდება - ნამდვილად ვერ გეტყვით".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×