გვანცა ღვედაშვილი
23.09.2015

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ბიბისი-ს გადაცემა "ჰარდთოქში" განაცხადა, რომ ვარშავის სამიტს საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი ჩვენს ქვეყანაში 2016 წელს დაგეგმილ არჩევნებს ემთხვევა.

"თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული, არსებობს საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვლენ გადამწყვეტი ხმის უფლებით. ამ მოლოდინის რეალურობაზე კი ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვები მიუთითებს," - აცხადებს ხიდაშელი.

მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში რუსეთის მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა. ეს უფრო რწმენის დაკარგვაა. საქართველოს მოსახლეობას აღარ სჯერა, რომ ქვეყანას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება რეალურად შესაძლებელია.

როგორც თინა ხიდაშელი აღნიშნავს, საქართველო უკვე 21 წელია ნატოსკენ მიისწრაფვის. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოს უარი ეთქვა მაპ-ზე, სამიტზე ნატოს ყველა ქვეყნის ლიდერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის აუცილებლად გახდებოდა ალიანსის წევრი ქვეყანა და ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება.

რამდენად რეალურად მიგაჩნიათ 2016 წლის არჩევნებში გადამწყვეტი ხმის უფლებით პრორუსული ძალების მოსვლა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 გია ანჩაბაძე  (ისტორიკოსი): რაც უფრო გადაიდება ევროინტეგრაცია, მით უფრო რეალური იქნება პრორუსული ძალების მოსვლა. ასე რომ, სულაც არ არის გამორიცხული, არჩევნების შემდეგ პარლამენტში პრორუსული ძალები მართლა მოვიდნენ.

 

 

 

 

 დოდო ხურცილავა  (ხელოვნებათმცოდნე): არა მგონია, რომ პარლამენტში ასეთი ცვლილებები მოხდეს. ვფიქრობ, ნაციონალური მოძრაობა ძალიან მცირე რაოდენობით იქნება მოსული, რადგან ძალიან მცირე დრო არის გასული იმ საშინელი ქმედებებისგან, რასაც ისინი აკეთებდნენ. რაც შეეხება პრორუსულ ძალებს, ალბათ მოვლენ ისინიც. მე ველოდები, რომ მოვლენ. ეს იქნება არა იმის ბრალი, რომ ვიღაცას მოსწონს რუსეთი არამედ იმიტომ, რომ ევროპა ნაკლებ აქტიურობას იჩენს საქართველოს მიმართ და ის ბრაზი, რაც გროვდება ადამიანებში, წარიმართება ევროპისა და დასავლეთის საწინააღმდეგოდ.

 რეზო მიშველაძე (მწერალი):  ვარშავის სამიტზე რომ მაპს არ მოგვცემენ, ეს ფაქტია. გამოიგონებენ ევროპულ სატყუარას და ჩაგვრჩიან პირში. მე დიდი ხანია მივხვდი, რომ ევროპა და ამერიკა სერიოზულ სახელმწიფოდ არ აღგვიქვამენ.

რაც შეეხება რუსეთს, ის ჩვენი დაუძინებელი მტერია და საქართველოს გონიერმა ნაწილმა ეს კარგად იცის. როცა საქართველოს ტერიტორიის მესამედი ოკუპირებულია, იქ რა პრორუსულ ორიენტაციაზე შეიძლება ლაპარაკი. თუ რუსეთთან საქართველოს დამოკიდებულება რადიკალურად არ შეიცვალა (დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ვგულისხმობ), არავითარ შემთხვევაში არ მოვლენ პრორუსული ძალები, რადგან ყველამ კარგად იცის, ვინ არიან ისინი და მოსახლეობა მათ მხარს არ დაუჭერს.

 ლადო ვარდოსანიძე (აქიტექტორი): პრორუსილი ძალების პარლამენტში მოსვლას არ გამოვრიცხავ, თუმცა ეს არ იქნება ერთი პარტიის დომინირება, მაგრამ პარლამენტში შესვლა შესაძლებელია. ბევრი რამეა დასავლეთზე დამოკიდებული და იმაზე, მას როგორი საქართველო სურს. ჩვენ ინტერესის ვექტორი არ შეგვიცვლია, თუმცა ამას გაგება და მხარდაჭერა უნდა, რაც ბოლო დროს დასავლეთმა შეასუსტა. ეს ქმედებები კარგად ჩანს ბოლო დროს გამართულ სხვადასხვა კონფერენციებსა და შეხვედრებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×