თეა ბეჟიტაშვილი
25.09.2015

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ორგანოში სავალდებულო გენდერულ კვოტირებას, რომლის მიხედვითაც, პარტიულ სიებში ყოველი მეორე ქალი უნდა იყოს.

ეს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა (9 არასამთავრობო ორგანიზაციამ) წარუდგინა. საკანონმდებლო წინადადებას კომიტეტის 6-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ერთი კი არ დაეთანხმა.

პარლამენტარების უმეტესობა კვოტირებას მხარს უჭერს, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსჯელობისას 50%-იანი კვოტა დაიწევს.

ეთანხმებით თუ არა სავალდებულო გენდერულ კვოტირებას? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

 ქეთი ბექაური (ადვოკატი): საერთოდ ქალი პოლიტიკაში ცუდი არ არის. ჩვენ მდიდარი ისტორია გვაქვს, საქართველოს ახსოვს თამარ მეფის მმართველობა, ქეთევან დედოფალი, ასე რომ ეს არის სწორედ ევროპული სტანდარტი, რაც შეიძლება მეტი ქალი პოლიტიკაში. თუკი ეს დაინერგება, მე მხოლოდ მხარს ვუჭერ, ცუდი არ იქნება.

 

 

 ავთანდილ დემეტრაშვილი  (კონსტიტუციონალისტი): აბსოლუტურად ვეთანხმები. ქართული საზოგადოება მზად არის იმისათვის, რომ ქალი სამოქალაქო საზოგადოების და სახელმწიფო საქმიანობის სრულფასოვანი წევრი გახდეს. სხვა საკითხია, რამდენად ეფექტური იქნება მათი ჩართვა სახელმწიფო საქმიანობაში და აირჩევს თუ არა მოსახლეობა მათ, მაგრამ საარჩევნო სიაში ქალები რომ იყვნენ შეყვანილი, ამას სრულად ვეთანხმები.

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ამ წინადადებას ვერ განვიხილავ ქალებისთვის გადადგმულ პროგრესულ ნაბიჯად. მე ვფიქრობ, რომ ქალებს ასეთი რაღაც საერთოდ არ სჭირდებათ, მათ ძალიან კარგად იციან, სად და როგორ უნდათ ყოფნა და არჩევანს იმის მიხედვით აკეთებენ. მაგალითად სამოქალაქო საზოგადოებაში უმეტესობა ქალია არიან.

 

 იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): მსოფლიო პრაქტიკაში არ მახსენდება, რომ ასეთი ფორმა იყოს და პარლამენტი გინდა თუ არა კვოტირებული იყოს ამდენი კაცით და ამდენი ქალით. შეიძლება ვცდები და ინფორმაცია არ მაქვს ამაზე, მაგრამ ალბათ ქალები ქართულ პოლიტიკაში მეტად უნდა იყვნენ ჩართული, მეტად უნდა იყვნენ მთავრობასა და პარლამენტში წარმოდგენილი.

აპრიორში თუ გავუშვებთ იმას, რომ ქალი მივიყვანოთ პარლამენტში, მაგრამ ის არ იქნება პროფესიონალი, საქმის მცოდნე ადამიანი, რომელიც გამოვა და ხალხის ინტერესს დაიცავს, ასეთი ქალის მიყვანას სჯობს, საერთოდ არ გავუწიოთ რეკომენდაცია, შეიძლება ამან ცუდი შედეგი გამოიღოს.

ჩვენ გვყავს შესანიშნავი ქალბატონები, რომლებმაც პარლამენტის ცხოვრებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ. მიმაჩნია, რომ პარლამენტში აუცილებლად უნდა იყოს ნინო ბურჯანაძე, პოლიტიკურად საპარლამენტო ცხოვრებას ის უფრო გაააქტიურებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×