ნინო ქეთელაური
26.09.2015

პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საჯარო სამსახურში მაღალი თანამდებობის პირებისთვის, პრემიების შეზღუდვის ინიციატივით გამოდის. შეზღუდვა შეეხება იმ მოხელეებს, რომელთა ხელფასი 2000 ლარს აჭარბებს.

ზაქარია ქუცნაშვილმა ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა და პარლამენტს ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღებისკენ მოუწოდა.

უნდა შეეზღუდოთ თუ არა საჯარო მოხელეებს პრემიები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა:

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ძალიან დადებითად ვარ განწყობილი ამ ინიციატივის მიმართ. ეს დაპირება იყო კიდეც "ქართული ოცნების" მხრიდან. ჩვენ არ მოგვწონდა, როდესაც "ნაციონალები" ამას აკეთებდნენ და პრემიებს იღებდნენ, ამიტომ ეს შეცდომა არ უნდა გაიმეოროს დღევანდელმა ხელისუფლებამ. მე ვეთანხმები ზაქარია ქუცნაშვილის ამ ინიციატივას.

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  პრემიების შეზღუდვა შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ამან არ გამოიწვიოს ის, რომ საჯარო მოხელემ დაიწყოს ალტერნატიული გზის ძიება და სხვა გზით შეივსოს საოჯახო ბიუჯეტი. ჩვენ ამაზეც უნდა ვიფიქროთ. მე, რა თქმა უნდა, არ ვარ იმის მომხრე, რომ ზოგს ჰქონდეს მხოლოდ 200 ლარი და ზოგს - 5000, მაგრამ როდესაც თანამდებობაზეა პირი და ხელი მიუწვდება ფინანსებზე და ჩვენ ამ კანონით ლეგალურ საშუალებას შევუზღუდავთ, არ მოხდეს ისე, რომ მან არალეგალურ გზას მიმართოს და ამან გამოიწვიოს კორუფციის გაძლიერება.

მე ეს ცოტა საფრთხილო თემად მიმაჩნია. კარგია, როცა ვსაუბრობთ, რომ უნდა შევზღუდოთ, მაგრამ თუ ამას ავკრძალავთ, ეს სახელმწიფოსთვის უფრო დამაზიანებელი არ აღმოჩნდეს.

 გოგი თორაძე (რეჟისორი): ეს არის ყველაზე კარგი წინადადება, რაც კი ბოლო პერიოდში გავიგე. ისეთი მდგომარეობაა ჩვენ გარშემო, რომ ბევრი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა და მიმაჩნია, რომ ეს ღირსების საკითხია. როცა ბევრი ადამიანი შიმშილობს, მოხელეს არანაირი უფლება არ აქვს არც მორალურად, არც კაცურად, არც ადამიანურად, რომ პრემია აიღოს. მე ვიცი ოჯახები ჩემ გარშემო, რომლებიც ბავშვებს ხორციან საჭმელს თვეში ერთხელ აჭმევენ იმიტომ, რომ არ აქვთ მეტის საშუალება. შეუძლებელია ასეთ დროს, პრემიის აღება ღირსეულ საქციელად ჩაითვალოს. ეს არის ყველაზე კარგი წინადადება, მაგრამ საეჭვოდ მიმაჩნია მისი მიღება.

 ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): თუ დაიმსახურა, რატომ უნდა შეეზღუდოს? თუ თავს გამოიჩენს და დაიმსახურებს თვის ან წლის განმავლობაში, რატომ არ უნდა მიიღოს?! ვისაც ეკუთვნის, უნდა მიიღოს და ვისაც არა - დააკლდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×