ნინო ქეთელაური
28.09.2015

ამერიკული გამოცემა "ფორინ პოლისი" წერს, რომ დასავლეთის პასიურობა საქართველოში "პრორუს შარლატანებს" აძლიერებს. სტატიის ავოტორის, ანალიტიკოს მაიკლ ჩეჩირეს აზრით, პრობლემა ის კი არ არის, რომ საქართველოს ალიანსის მაღალ სტანდარტებთან მიახლოება არ შეუძლია, არამედ ის, რომ ნატო უარს ამბობს მკაფიო პასუხის გაცემაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს, რათა ალიანსში გაწევრიანდეს.

თქვენი აზრით, აძლიერებს თუ არა საქართველოში პრორუსულ განწყობას დასავლეთის პასიურობა საქართველოს მიმართ? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ვახტანგ ძაბირაძე  (კონსტიტუციონალისტი): "ცხადია, დასავლეთი რაც უფრო მეტად პასიური იქნება, საზოგადოებისა და მოსახლეობის ნაწილში იმედგაცრუება დაისადგურებს. ბუნებრვია, რომ ასეთი იმედგაცრუებული საზოგადოება იმ ზეწოლას, რასაც რუსეთი ახორციელებს, ვერ უძლებს.

"რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ დასავლეთი პასიურ პოლიტიკას შეინარჩუნებს, საზოგადოების უმრავლესობა რუსეთისკენ გადაიხრება, მაგრამ მათი პოზიციები, ვინც არჩევანს დასავლეთზე და კერძოდ, ევროპაზე აკეთებს, მკვეთრად შეირყევა".

 ჯემალ ჭკუასელი  (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): "პრორუსულ განწყობას ცალსახად აძლიერებს, განსაკუთრებით კი ამერიკა. პირადად მე ძალიან შეწუხებული ვარ ამ ფაქტით. თუ არ უნდათ, გვითხრან და წავალთ ჩვენს გზაზე.

"მე პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ ის ვიცი, რომ გვთხოვს რაღაც არატრადიციულს, არაადამიანურს და არაღვთისნიერს. ცალსახად აძლიერებენ ამ განწყობას და რუსეთის წიქვილზე ასხამენ წყალს".

 

 ლაშა ჩხარტიშვილი (დემოკრატიის ინსტიტუტის დამფუძნებელი): "სამწუხაროდ, ნამდვილად ასეა. საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით პასიურობაც და ნაკლები ორიენტაციაც აშკარად აძლიერებს პრორუსულ განწყობას. შეგნებულად თუ შეუგნებლად, ხშირად "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდის აგება ხდება იმაზე, რომ თითქოს ისინი არიან დასავლეთის ერთადერთი რჩეულები, რაშიც დარწმუნებული ვარ - ასე არ არის. თითქოს წარსულში მათ მიერ გატარებული სრულიად მიუღებელი რეფორმა თუ ქმედება იყო დასავლეთისთვის მისაღები და პროდასავლური, მაშინ როდესაც საზოგადოება ამას ეწინააღმდეგებოდა.

"არასათანადო რეაგირება, ან რეაგირების საერთოდ არქონა დასავლური სახელმწიფოების მხრიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ბუნებრივია, საზოგადოებაში იწვევს უკმაყოფილებას და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ანტიპათია ბადებს პრორუსულ განწყობას.

"დასავლეთს ნამდვილად მართებს მეტი ყურადღება, ერთი მხრივ, საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით და, მეორე მხრივ, იმ კონკრეტული რეფორმების განორციელების კუთხით რომელიც ორიენტირებული იქნება სამოქალაქო საზოგადოების, თუ კონკრეტულ მოქალაქეთა ინტერესების, უფლებების დაცვაზე და არა მხოლოდ პოლიტიკურ ელიტასთან ურთიერთობაზე".

 გია ბურჯანაზე (მსახიობი):  "პრორუსულ განწყობილებას აძლიერებს არა დასავლეთის პასიურობა, არამედ ის, რომ დასავლეთი თავს ავლენს "ნაციონალების" მეგობრად და არა საქართველოს მეგობრად. ეს არის ამის თავი და თავი, თორემ დასავლეთი პასიური არანაირად არ არის, ქვეყანას ის მართავს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×