ლიკა ამირაშვილი
12.11.2015

"არ ვფიქრობ, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესსა და "რუსთავი 2"-ის საკითხს შორის პირდაპირი კავშირი არსებობდეს," - ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა "რუსთავი 2"-ის საქმე ვიზალიბერალიზაციის პროცესში შემაბრკოლებელი ფაქტორი.

"მინდა გავიმეორო ის, რაც გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა. ჩვენ ახლა ვიზალიბერალიზაციის მოქმედებათა გეგმის იმპლემენტაციის შეფასების ეტაპზე ვართ. არ მგონია, რომ ამას რაიმე კავშირი ჰქონდეს იმ საკითხთან, რომელიც ახლა საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგში დგას", - განაცხადა ჰერმანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს სასამართლო პროცესზე, რომელიც "რუსთავი 2"-ის საქმეზე მიმდინარეობს, ჰერმანმა აღნიშნა, რომ კომენტარისგან თავს შეიკავებს. მისი განმარტებით, ევროკავშირმა მართლმსაჯულების სისტემის სრული დამოუკიდებლობისა და მედიისა და პოლიტიკური პლურალიზმის დაცვის აუცილებლობაზე არაერთი განცხადება გააკეთა

მოახდენს თუ არა "რუსთავი 2"-ის ამბები გავლენას იზალიბერალიზაციაზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ნანა კაკაბაძე  (უფლებადამცველი): ამ ორ საკითხს შორის ვერავითარ პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ. როგორ შეიძლება სასამართლოში მიმდინარე სამართლებრივ დავას ვიზალიბერალიზაციის პროცესზე რაიმე გავლენა ჰქონდეს?! ეს უბრალოდ საქმეში ჩაუხედავი ან მიკერძოებული ადამიანის შეფასებაა.

 

 

 გია ბუღაძე (ფერმწერი): ევროკავშირის ელჩი მაღალი რანგის დიპლომატია, ამიტომ სად რა უნდა თქვას, არ შეეშლება. რა თქმა უნდა, დიპლომატია და პირდაპირ არ იტყვის, მაგრამ ფაქტია, ეს ვიზალიბერალიზაციაზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან ცუდად დამთავრდეს.

 

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): სრულიად სამართლიანმა სასამართლო პროცესმა ვიზალიბერალიზაციაზე გავლენა რატომ უნდა მოახდინოს, არ მესმის. ვფიქრობ, ეს ორი პროცესი ერთმანეთთან კავშირში არ არის. არანაირი პოლიტიკური გავლენა არ ექნება.

 

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ჩვენ ისეთი მართვადები ვართ, რომ ევროკავშირი რასაც გადაწყვეტს, ყველაფერი ისე იქნება. "რუსთავი 2"-ის საქმე ვიზალიბერალიზაციასთან პირდაპირ კავშირში არის თუ არა, ამასაც ევროკავშირი გადაწყვეტს. თუმცა, ევროკავშირის ელჩი თუ აცხადებს, რომ კავშირში არ არისო, მაშინ ჩვენც უნდა დავეთანხმოთ. საერთოდ ვიზალიბერალიზაცია არ გვჭირდება, ქვეყნის ინტერესებში არ შედის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×