თიკო ოსმანოვა
14.11.2015

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა იმ სამართლებრივი ნორმის მოქმედება, რომლითაც "რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველები დაინიშნნენ. საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების და 271-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით იურიდიული პირის - მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალების ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების დროებითი მმართველისთვის მინიჭებას. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები მკაფიოდ არ განსაზღვრავს დროებითი მმართველის უფლებამოსილების ფარგლებს.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის განმავლობაში "რუსთავი 2"-ის სასარგებლოდ უკვე მეორედ მიიღო გადაწყვეტილება.

"საკონსტიტუციო სასამართლომ მოახერხა ის, რომ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი შეეთავაზებინა ყველა მხარისთვის. ასევე მან შექმნა შესაძლებლობა, გვქონდეს შანსი, მოვხსნათ ყველა კითხვის ნიშანი ჩვენს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით და წელსვე მივიღოთ ის ბენეფიტები და ის სიკეთეები, რომელსაც გვთავაზობს ევროკავშირი", - აღნიშნა "რუსთავი 2"-ის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ.

თქვენი აზრით, აქვს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ქვეტექსტი? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): "რუსთავი 2"-ის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არის "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მიერ დადგმული სპექტაკლი, რათა მოსახლეობის ყურადღება გადატანილი იყოს მეორეხარისხოვან საკითხზე და არ განიხილონ "პატრიოტთა ალიანსის" მიერ დაწყებული აქცია და შიმშილობა საგარეჯოში არჩევნების გაყალბების გამო."

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე):  "ნაწილობრივ - კი, იმიტომ, რომ აღსრულებას მოჰყვებოდა დიდი ამბავი. "ოცნებაზე" ატეხდნენ ამბავს - როგორ გაიმეორეს "ნაციონალების" დანაშაული და ტელევიზიაში შევარდნენო. ასე რომ, "ოცნებამ" გარკვეულწილად ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, თუმცა ჭკვიანური გააკეთეს.

"მაგრამ არ მესმის, რა თავისუფალ სიტყვას უშლიან "რუსთავი 2"-ს. მთელი დღის განმავლობაში ილანძღებიან და აქ სად არის თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა?!. მეწილეებთან დაკავშირებით პრობლემები ხომ "მაესტროშიც" იყო და მაშინ რატომ არაფერი თქვა აშშ-ის ელჩმა?!"

 მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): "ყველაზე მაღლა დაყენებული უნდა იყოს კანონი. როგორც მოითხოვს კანონი, ისე უნდა ხდებოდეს ყველაფერი. პოლიტიკის გარეშე ეს უზარმაზარი რამ, რასაც მედია ჰქვია, რასაკვირველია, არ არსებობს. მაგრამ ფინანსებიც და ყველა კერძო დავა კანონით უნდა რეგულირდებოდეს. ამის მომხრე ვიყავი ყოველთვის და ახლაც ასე ვფიქრობ."

 

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი, მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი):  "საკონსტიტუციო სასამართლო, ჩემი აზრით, ხელმძღვანელობს პოლიტიკური მიზნებით. ყველაფერია მიმართული იმისკენ, რომ ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგეს. ერთმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ესენი კი ყველაფერს აკეთებენ, რომ ამის აღსრულება არ მოხდეს. სამართლებრივ ლაბირინთებში ამყოფებენ მოსახლეობას. თუმცა, ვფიქრობ, საბოლოოდ მაინც აღდგება სამართლიანობა."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×