ნინო ქეთელაური
17.11.2015

ევროპა ტერორისტული თავდასხმების მოლოდინშია. ერაყის დაზვერვამ დაგეგმილი ტერაქტების შესახებ საერთაშორისო კოალიციის ქვეყნებს ინფორმაცია მიაწოდა. ერაყული სპეცსამსახურების ცნობით, პარიზში მომხდარ ტერაქტებამდე ერთი დღით ადრე "ისლამურმა სახელმწიფომ" საფრანგეთზე, აშშ-ზე, რუსეთსა და ირანზე დარტყმების ბრძანება გასცა, ამის შესახებ კი ამ ქვეყნებს წინასწარ გაეგზავნა დეპეშა.

"ჩვენ ვიცით, რომ თავდასხმები კვლავ მზადდება, არამხოლოდ საფრანგეთის, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგაც", - ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმაც განაცხადა.

განცხადება გააკეთა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმაც, რომელმაც საფრანგეთში რეიდების ჩატარების ბრძანება გასცა. "ეს მხოლოდ დასაწყისია, ასეთი ოპერაციები კვლავ გაგრძელდება. სახელმწიფოს რეაქცია მასშტაბური იქნება", - განაცხადა მინისტრმა.

ევროპამ როგორ შეიძლება უპასუხოს ტერორისტულ თავდასხმებს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ვახტანგ ძაბირაძე (კონსტიტუციონალისტი): "მთელი ევროპა და მსოფლიოს საზოგადოება ამ საკითხზე მსჯელობს, მაგრამ ჩემი აზრით, ისეთი გამოსავალი, რომ ევროპა ერთი მოქმედებით გახდეს უსაფრთხო, ალბათ გამორიცხულია.

ვფიქრობ, კარგად გაწერილი გეგმა და სტრატეგია უნდა შეიმუშაოს ევროპამაც და მთელმა კაცობრიობამაც, რადგან ტერორიზმის საფრთხე უფრო და უფრო გაძლიერდება და საჭიროა, ეს საკითხი გადაწყდეს. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ.

რაც მთავარია, უნდა შემუშავდეს ერთობლივი კონცეფცია ტერორიზმთან ბრძოლის და ანტიტერორისტული ოგანიზაციები უნდა იყვნენ ჩართულნი, რომელნიც კონცენტრირებულნი უნდა იყვნენ ტერორიზმთან ბრძოლაზე და არა სხვა საკითხებზე".

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): "ტერორიზმი იმდენად საკაცობრიოდ სამარცხვინო თემაა, რომ არა მხოლოდ ევროპა, არამედ მთელი სამყარო უნდა გაერთიანდეს ამის წინააღმდეგ. ალბათ ეს გაერთიანება იქნება პასუხი.

მთელი ევროპული სისტემა და არა მხოლოდ ევროპა, მთელი ქვეყნები უნდა იყვნენ გაერთიანებულნი და ასე კოორდინირებულად უნდა მოხდეს ტერორიზმის დამარცხება. რაც ახლა მოხდა, ამას დიდი სირცხვილი ჰქვია, მეტი არაფერი".

 

 გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "ვფიქრობ, ბოლო პერიოდში ტერორისტული ძალები იმიტომ გათავხედდნენ, რომ ამ საკითხს სათანადო დროს არ უთმობენ საერთაშორისო ძალები. თუკი ევროპა და არამარტო ევროპა, სათანადო პასუხს გასცემს, ისინიც ადეკვატურ რეაქციას გამოავლენენ და მათი ძალები და გავლენაც შესუსტდება.

იმ ადამიანების რაოდენობაც შემცირდება, ვინც ყოველდღიურად ემატება ამ ტერორისტულ ორგანიზაციებს. სხვა მხრივ, მხოლოდ მშვიდობისკენ მოწოდებებით ტერორისტულ ძალებს ვერ დაამარცხებენ. თორემ ამაში ევროპასაც და მთელ დასავლეთსაც ბადალი არ ჰყავს".

 ვასილ მაღლაფერიძე პუბლიცისტი): "რთული საკითხია, რომელიც ევროპელი ლიდერების გადასაწყვეტია. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ისინი ამ ყველაფერზე ძალიან სერიოზულად დაფიქრდებიან.

ვფიქრობ, ყურადღება საკმაოდ მოადუნეს და ახლა უნდა გააქტიურდნენ. მოგვწონს თუ არა, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ თუ არა, ჩვენ მათ გადაწყვეტილებებზე ვართ დამოკიდებული".

 

 

 ქეთი ბექაური (იურისტი): "ეს არის გლობალური თემა, რომელიც დღეს არ დაწყებულა. რა თქმა უნდა, ევროსტრუქტურებმა თავიანთი პოზიცია უნდა დააფიქსირონ, მაგრამ დიდი სიფრთხილეა საჭირო. ეს არის სენსიტური თემა და არ უნდა ჰქონდეს წაქეზების სახე, ეს დამღუპველია.

ევროპული სტრუქტურები უნდა გაერთიანდნენ და მოიფიქრონ გეგმა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მუქარის შემცველი და ძალადობის ესკალაციისკენ მოწოდება, ეს კიდევ უფრო მეტ ზიანს მოიტანს.

ვფიქრობ, საქართველომ კიდევ უფრო ფრთხილად უნდა იმოქმედოს, როდესაც საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს საზარელ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

მსოფლიოს მოსახლეობის მშვიდობიან თანაცხოვრებას უქმნის საფრთხეს ეს ისლამური სახელმწიფო, რომელიც მეთერთმეტე საუკუნიდან მოდის და დღეს არ დაარსებულა. ამიტომ სიფრხილით მოქმედებაა საჭირო და არა ძალისმიერი მეთოდებით".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×