ლიკა ამირაშვილი
18.11.2015

რუსეთის ხელისუფლებამ საბოლოოდ აღიარა, რომ ეგვიპტეში თვითმფრინავი ბორტზე ბომბის აფეთქების, ანუ ტერაქტის შედეგად ჩამოვარდა. ამას დამატებული ტერაქტები პარიზში, ბეირუთსა და ასევე სხვაგან, მთელ მსოფლიოში ადამიანებს მუდმივი საფრთხის შეგრძნებას უღვივებს. მათ ეშინიათ, რომ უბედურება შეიძლება მათ ქვეყანაში, მათ ქალაქშიც მივიდეს. მითუმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ "ისლამური სახელმწიფო" დღითიდღე აფართოებს პოტენციური სამიზნეების გეოგრაფიულ არეალს.

მანამდე საუბარი იყო იმაზეც, რომ საქართველო, როგორც ანტიტერორისტული კოალიციის წევრი, შეიძლება ტერორისტების სამიზნე გამხდარიყო. ამ ფონზე ძალოვნები უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ, განსაკუთრებით მასობრივი თავშეყრის ადგილებში. ასევე გამკაცრებულია კონტროლი ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზეც.

გრძნობთ თუ არა თავს დაცულად ტერორიზმისაგან? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ისეთი დიდი შესაძლებლობების ქვეყნების მოქალაქეებიც, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, ამერიკა, თუნდაც ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, რომელთაც ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვთ, ვერ გრძნობენ თავს დაცულად. ტერორიზმი ისეთი საშინელი სენია, რომ თავს მოვიტყუებთ, თუ ვიტყვით, რომ თავს დაცულად ვგრძნობთ. არავინ არ იცის, სად რა შეიძლება მოხდეს, ამიტომ სრულფასოვნად დაცულად თავს, რა თქმა უნდა, არ ვგრძნობ.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): საქართველო ნაკლებად აინტერესებთ იმიტომ, რომ მსოფლიო პოლიტიკაში დიდ როლს არ არსულებს. ტერორიზმს საქართველოში რა აზრი აქვს? საფრანგეთი სხვა საკითხია... იგივე გერმანია, ინგლისი, ამერიკა. ამიტომ, ტერორიზმის საფრთხე უფრო წამყვან ქვეყნებში იქნება. საქართველოში ტერორი "ისლამურ სახელმწიფოს" არაფერს არ მისცემს.

 

 გიორგი შენგელაია (რეჟისორი):  ამ მოვლენებმა ყველას აჩვენა, რომ ტერორიზმისგან დაცულები ჩვენც არა ვართ. რა თქმა უნდა, პანიკურ პროგნოზს, რომ ხვალ ან ზეგ აქ რამე მოხდება, არ გავაკეთებ. "ისლამურ სახელმწიფოს" ინტერესები უფრო დიდი ქალაქების მიმართ აქვს, მაგრამ ჩვენი ძალოვანი ორგანოებიც ამისთვის სერიოზულად უნდა მოემზადონ.

 

 

 ნინო ჩხობაძე ეკოლოგი):  მსოფლიოში თავს დაცულად ვერავინ ვერ გრძნობს და საქართველოშიც რომ ვიგრძნოთ დაუცველად, ეს სულ არ გამიკვირდება, იმიტომ, რომ ტერორიზმთან დაკავშირებით ნამდვილად არსებობს პრობლემები. დაცულად თავს ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გრძნობს, იმიტომ, რომ ძლიერ ქვეყნებშიც ამისგან დაცვის სისტემა შემუშავებული არ არის. ქაოსია. რადგან დაცვის სისტემა არ არის, ხალხს საკუთარი თავის დაცვის უნარი მკაფიოდ აქვს გამომუშავებული. ხალხი უფრო მეტად არის მობილიზებული, ვიდრე მთლიანად დაცვის სისტემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×