ნინო ქეთელაური
23.11.2015

დღეს "ვარდების რევოლუციიდან" 12 წელი სრულდება. 2003 წლის 23 ნოემბერს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა და მალევე ხელახლა დანიშნული არჩევნებით ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას.

აღსანიშნავია, რომ "ვარდების რევოლუციის" თარიღი "ნაცმოძრაობის" მმართველობისას ყოველწლიურად აღინიშნებოდა.

დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებთ "ვარდების რევოლუციას" - ეს ქვეყნისთვის დადებითი მოვლენა იყო, თუ უარყოფითი? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): "მთელი საზოგადოება მონაწილეობდა მაშინ "ვარდების რევოლუციაში". დადებითად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს (და ამ პერიოდს ბევრი დადებითიც ჰქონდა) უარყოფითი მხარე განვითარდა, რაც კორუმპირებულობაში გამოიხატა და საზოგადოება ამას დაუპირისპირდა. თუმცა, ვფიქრობ, არჩევნებით რომ გამოხატულიყო, უკეთესი იქნებოდა და არა ისეთი მეთოდებით, რასაც გაგრძელება მოჰყვა შემდეგაც, რევოლუციური ბრძოლების სახით. სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, "ვარდების რევოლუციამ" ვერც კორუფცია მოსპო".

 ჯემალ ჭკუასელი  (ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი): "როგორ შეიძლება, რომ "ვარდების რევოლუცია" დადებითი იყოს, როდესაც ათასი უბედურება მოგვიტანა?! როცა ადამიანის უფლებებს, შენს ტრადიციებს ეხებიან ცუდად, როგორ გინდა, შეაფასო. რომ არ მომხდარიყო, კარგი იქნებოდა".

 

 

 

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): "მე ასეთი უხეში ფორმები არ მომწონს. აქვე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ მაშინდელმა პრეზიდენტმა ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო და მისი დამსახურება იყო, რომ არანაირი დაპირისპირება, სისხლისღვრა არ მოჰყვა და წყნარად თქვა - "მე მივდივარ სახლში".

"ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება. ეს იყო ნიჰილისტური, ცინიკური ფორმები, რომელიც არ მომწონდა და მაშინაც ერთ-ერთმა პირველმა ვთქვი, რომ ეს დამოკიდებულება თაობებისადმი ჩვენ წინ დაგვხვდება-მეთქი და დაგვხვდა კიდეც.

"ტრიბუნაზე რომ ავარდები, იმ პრეზიდენტის ჩაი არ უნდა დალიო, რომელიც გაუშვი. მაშინაც ეს ვთქვი, რაც ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო და უმცირესობაშიც ვიყავი. სწორედ ეს ჩემთვის მიუღებელი ფორმები იყო, რის გამოც სააკაშვილი შემდეგ წავიდა კიდეც.

"მიშა ძალიან ნიჭიერი კაცია, მაგრამ სწორედ მისმა დამოკიდებულებამ, ნიჰილიზმმა და სისასტიკემ დაღუპა. ეს არ აპატია ქართველმა ხალხმა. უარყოფითი ეს იყო და ამით წააგო "ნაციონალურმა მოძრაობამ".

"რომ გააგდებ ყოფილ პრეზიდენტს, მისი დალეული მწვანე ჩაი შენ აღარ უნდა დალიო. ეს ნიუანსიაო - ვიღაცამ მითხრა, მაგრამ სწორედ ეს ნიუანსებია ჩემთვის მნიშვნელოვანი და აი, აქ შევიტანე ეჭვი მის გაწონასწორებულობაში, რომელმაც საბოლოო ჯამში, ძალიან ცუდ შედეგამდე მიიყვანა".

 ლაშა ჩხარტიშვილი  (დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი): "დადებითზე საუბარი რთული იქნება, რადგან საწყის ეტაპზე რაც კი დადებითი იყო, მალევე გაქარწყლდა. უფრო უარყოფითს გამოვყოფდი - ავტორიტარიზმის გაძლიერებას, ძალადობას ქუჩებში, ციხეებში, ყველგან. მცდელობა ერთმმართველობის უსასრულოდ შენარჩუნებისა, რაც წარუმატებლად დამთავრდა.

"ასევე იყო ხელისუფლების უზურპაცია, ერთპარტიულობის დამკვიდრება, სასამართლოს სრული დამორჩილება, მედიაზე კონტროლი, ძალადობა საზოგადოების ყველა ფენაზე, ადამიანების პოლიტიკური დევნა, უკანონო დაპატიმრებები, ყველაფერი ის, რაც ავტორიტარულ რეჟიმს ახასიათებს.

"ამ ფონზე, ძალიან გამიჭირდება დადებითის აღნიშვნა. თუნდაც ის, რითაც სააკაშვილი ასე ამაყობდა, რომ 24-საათიანი გრაფიკით გვქონდა დენი, რთულია განსაკუთრებულ მოვლენად შეფასო, როცა 21-ე საუკუნეა და უბრალოდ კორუფციული სქემა შეიცვალა ენერგეტიკის სფეროში. სხვა რაც წამოიწყო, არაფერი წარმატებით არ დასრულებულა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×