ნინო ქეთელაური
24.11.2015

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თქმა იმისა, რომ სირიის პრობლემის გადაჭრა მსოფლიოს, რუსეთის გარეშე არ შეუძლია - როგორც ეს ბევრი ევროპელი ლიდერისგან ისმის, მოსკოვისთვის სუსტი და არასწორი მესიჯის გაგზავნის ტოლფასია, რომელიც ვლადიმერ პუტინს მხოლოდ აძლიერებს.

ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, სადაც განხილვის მთავარი თემები რუსეთ-უკრაინის და რუსეთ-საქართველოს ომები, სირიაში შექმნილი ვითარება, ტერორიზმი და პრობლემების რუსეთთან ერთად გადაწყვეტის გზების ძიების მართებულობა იყო.

როგორ ფიქრობთ, სირიის პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია თუ არა რუსეთის გარეშე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "მე ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება, იმიტომ, რომ რუსეთი ძალიან მომძლავრდა და ამ საქმეში უფრო ეშმაკური პოზიცია დაიჭირა. ჩემი აზრით, იმდენადაც გაძლიერდა, რომ შესაძლოა, ის სანქციებიც კი მოუხსნან, რაც დაუწესეს".

 

 

 

 მიშა მშვილადძე (პროდიუსერი): "რა თქმა უნდა, შეუძლია. არა ერთი, არამედ რამდენიმე სირიის პრობლემის მოგვარებაც შეუძლია და თავად რუსეთის პრობლემის მოგვარებაც შეუძლია. მე ვფიქრობ, რომ ამ ორის, სირიისა და რუსეთის პრობლემა, ერთად უნდა მოაგვაროს მსოფლიომ და ამაში რუსეთის დახმარება ნამდვილად არ სჭირდება".

 

 

 

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): "ამჟამად მსოფლიოში არის ორი ზესახელმწიფო - ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი. მათ გააჩნიათ ინტერესები დედამიწის ყველა ნაწილში და მსოფლიო ახალი წესრიგის ჩარჩოში თავიანთი პოზიცების განმტკიცებას ცდილობენ. განსაკუთრებით ეს ეხება ეკონომიკის, ნავთობის საკითხს.

მოგეხსენებათ, რომ სირია დაკავშირებულია ნავთობთან. ამ შემთხვევაში, ორი სახელმწიფოს ინტერესი ეკვეთება ერთმანეთს. მე ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის დროზე ხელი შეუწყო მუსულმანური სახელმწიფოს იდეის პრაქტიკულად განხორციელებას და ეს საკმაოდ ცნობილი ფაქტია.

თუმცა, ყველამ დაინახა, რომ ამერიკასაც და სხვა სახელმწიფოებსაც ეს ძალიან ცუდად შემოუბრუნდა. ხედავთ, რომ დღეს ის ძალიან "მდიდარი სახლმწიფოა", ითვლის დაახლოებით 450 მილიარდი დოლარის ქონებას, რომელიც მათ განკარგულებაშია და მიმართავენ ტერორიზმის თუ სხვა საკითხებისკენ.

მე ვფიქრობ, რომ ასეთ ვითარებაში, მხოლოდ ამერიკის ძალები ვერ შეძლებს სირიის პრობლემის გადაწყვეტას. აშშ-ს უნდა სირიის პრობლემის გადაწყვეტა და ამას ცდილობს ძალისმიერი მეთოდებით, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

ახლა დადგა ის დრო, როცა მათ მიმართეს რუსეთს. რუსეთმაც ისევ ნაწილობრივ ძალისმიერ მეთოდებს მიმართა, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ აქ დიპლომატიაც მუშაობს და თავად სირიის მეთაური არ არის რუსეთთან ცუდ ურთიერთობაში.

ამიტომ, მე ვფიქრობ, სირიის ტერიტორიაზე რუსეთის პოზიციები იმდენად განმტკიცდა, რომ არა მგონია, ამერიკამ ცალსახად გადაწყვიტოს სირიის პრობლემა. რუსეთი იყო, არის და იქნება ქვეყანა, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად უნდა მიხედოს საერთოდ ტერორიზმის და ამ შემთხვევაში სირიის პრობლემას".

 ნინო ლაპიაშვილი  (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): "იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ორმაგი სტანდარტებით თამაშობს, ძალიან რთულია, ენდო, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც ცხადია, რომ საჭიროა წამყვანი ძალების გაერთიანება. რუსეთმა იმდენჯერ დაარღვია მიცემული პირობები, რომ ძნელია, ამ ყველაფერზე თვალი დახუჭონ მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა.

რთული ვითარებაა და გამოსავალი, რა თქმა უნდა, მაგიდასთან დასხდომა და ერთიანი გეგმის შემუშავებაა, მაგრამ ესეც სათუოა, რადგან რუსეთი არადემოკრატიულ ძალას წარმოადგენს, ის ყოველთვის ცივილიზებული სახელმწიფოს მიღებული წესების დარღვევით იბრძვის და გადამწყვეტ მომენტში რთულია მისი ნდობა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მსოფლიოში ერთგვარი ჩიხური ვითარებაა შექმნილი".

 გია ბურჯანაძე მსახიობი): "ვფიქრობ, მთელი მსოფლიო თუ მოაგვარებს ამ პრობლემას, იმიტომ, რომ მხოლოდ ერთ ტერიტორიაზე არ არის აქ საუბარი. თუ სირიაში ბომბი ჩამოვარდება, ისინი ხომ მთელ მსოფლიოს მოედებიან და ყველა ქვეყანას საფრთხეს შეუქმნიან. ამიტომ, ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ ერთიანი ძალებით უნდა მოხდეს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×