ლიკა ამირაშვილი
25.11.2015

რამდენიმე დღის წინ საქართველოში დაბრუნებული 29 წლის დავით ბორჩაშვილი ტერორიზმის ბრალდებით თბილისის აეროპორტში დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით მოქალაქე დავით ბორჩაშვილი სსსკ-ის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს.

ორშაბათს კი ინტერნეტ სივრცეში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ახალი, ქართულენოვანი ვიდეომიმართვა გაავრცელეს, რომელშიც ქართველებს თავის მოჭრით ემუქრებიან. ვიდეოში ოთხი შეიარაღებული ისლამისტია ნაჩვენები - მათგან მხოლოდ ორი საუბრობს. ისინი, სავარაუდოდ, აჭარის რეგიონიდან სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საბრძოლველად წასული მოქალაქეები არიან

გრძნობთ თუ არა თავს დაცულად და, თქვენი აზრით, რამდენად რეალურად ემუქრება საქართველოს საფრთხე ისლამისტი ტერორისტებისგან? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): "ბუნებრივია, ტერორისტებისგან საფრთხე ყველა ქვეყანას შეიძლება ემუქრებოდეს. ვფიქრობ, ამ მხრივ საქართველოში აქტიური მოქმედება არ დაწყებულა. რაოდენობა ადამიანების, რომლებიც საქართველოდან მიდიან, მცირდება. ასე იმ რაიონების მცხოვრებლები ამბობენ, საიდანაც ეს ადამიანები წავიდნენ. თუმცა, ყველა შემთხვევაში პრევენციული ზომების მიღება საჭიროა."

 

 არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი მართვის სპეციალისტი):  "ჯერჯერობით თავს დაცულად ვგრძნობ, რადგან რასაც ვუყურებ, პროცესები კონტროლ ქვეშაა. სახელმწიფო სტრუქტურები უსაფრთხოების მხრივ აქტიურად არიან ჩართული და სრული მონიტორინგი მიმდინარეობს. სხვა შემთხვევაში, სიტუაცია თუ შეიცვლება, ბუნებრივია, განწყობაც შეიცვლება. თუმცა, საზღვრის დაცვის კუთხით კონტოროლი უნდა მიმდინარეობდეს.

"სახელმწიფო და საზოგადოება ერთიანი მიზნებით თუ იმოქმედებენ, ტერორიზმის საფრთხე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ამჟამად ვფიქრობ, პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს."...

 

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):  "როგორც საქართველოში, ისევე მთელ მსოფლიოში დაცული არავინ არ არის. ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ - ახლა გადანაწილებული მსოფლიოს კიდევ ერთხელ გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. ამ პროცესში არავინ არავის არ ინდობს.

"სამწუხაროდ, ჩვენ ფრონტის წინა ხაზზე ვართ. ამიტომ როდის და რომელ წუთს დაგვარტყამენ, არავინ იცის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენს საზღვრებთან ახლოს თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ეს კიდევ რა პროცესებს გამოიწვევს, ჯერჯერობით არავინ იცის. მე ასეთ კითხვას დავსვამ - მსოფლიო რეალურად მესამე მსოფლიო ომის წინაშე ხომ არ დგას?"

 ვახტანგ ძაბირაძე (კოსტიტუციონალისტი): "ჯერჯერობთ რეალური საფრთხე არ არსებობს. არ მგონია, იგივე საფრთხე გვემუქრებოდეს, როგორიც საფრანგეთს. მგონია, რომ ეს ვიდეოები უფრო ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა. არ გამოვრიცხავ, ვიდეოების გავრცელება პროვოცირების თვალსაზრისით ხდებოდეს. ამიტომ ჩვენ სიფრთხილე არა იმდენად ტერორიზმის საწინააღმდეგოდ გვმართებს, არამედ უფრო პროვოცირების თვალსაზრისით.

"ვფიქრობ, ვიღაც ჩვენს პროვოცირებას ცდილობს. ამის გარდა, კიდევ ერთი მომენტია - ისინი ცდილობენ, ქართულ სივრცეში ადგილი დაიმკვიდრონ. რეალურ საფრთხეს ჯერჯერობით ვერ ვხედავ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×