ნინო ქეთელაური
25.11.2015

რუსეთ-ნატოს შორის ურთიერთობა დაიძაბა, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი თურქეთის ხელისუფლების ქმედება გახდა და ვერცერთი ინტერესით, მათ შორის სახელმწიფო საზღვრების დაცვით, ამას ვერ გაამართლებენ.

"თურქეთმა ფაქტობრივად, საკუთარი ქმედებებით "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა დაცვის დემონსტრირება მოახდინა, რაც გასაკვირი არ არის იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ თურქ მაღალჩინოსანს პირდაპირი ფინანსური დაინტერესება აქვს, რომელიც უკავშირდება "ისლამური სახელმწიფოს" კუთვნილ საწარმოებზე ნავთობპროდუქტების მიწოდებას", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

თურქეთის მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომელმაც დაადასტურა, რომ ნატოს სამხედრო საზღვრების მონიტორინგი გაგრძელდება და მხარეებს სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდა.

"თურქეთმა მოგვახსენა რუსეთის ბომბდამშენის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ. მე მაქვს ჩემი მოსაზრება იმ ყველაფერზე, რასაც რუსეთი ნატოს საზღვრებთან ახლოს ახორციელებს, იმ სამხედრო ოპერაციებზე. იმედია, მომავალში ინციდენტების თავიდან აცილება მოხერხდება. ჩვენ ვდგავართ თურქეთის გვერდით და პატივს ვცემთ თურქეთის - ნატოს პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა მესამე მსოფლიო ომი დაიწყების საფრთხე? - ამ კითხვით, "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): "ვფიქრობ, თავადვე მიხვდებიან, რომ არავისთვის არ აქვს ამას კარგი დასასრული. ვიღაცას შეიძლება აწყობდეს კიდეც, მაგალითად რუსეთს, მაგრამ თვითონაც კარგად იციან, რომ მაგის რესურსი არ გააჩნიათ. ჩემი აზრით, მესამე მსოფლიო ომი გამორიცხულია".

 

 

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "მემგონი, მესამე მსოფლიო ომი რაღაც ფორმით, დაწყებულიც არის. ეს არ იქნება ისეთი ომი, როგორიც პირველი და მეორე მსოფლიო ომები იყო, როცა გამოკვეთილი იყო რა ქვეყნები და ძალები ებძოდნენ ერთმანეთს. ჩემი აზრით, ეს უფრო იდეოლოგიური ომი იქნება.

ასეთი ომი კი, ვფიქრობ, ტერორისტებსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის, სხვა ქვეყნების დამონების მსურველებსა და თავისუფლების მოყვარულებს შორის მიმდინარეობს და ზღვარი ძნელი გასავლები იქნება, როდის და რა ფორმით დაიწყო ომი. ალბათ, ისტორიაში ამის კონკრეტული თარიღი არ იარსებებს".

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "ვფიქრობ, ყველას ეყოფა იმის ჭკუა, რომ დიალოგზე წავიდნენ და რაღაც გამოსავალი მოინახოს. თუნდაც ცოტა მკაცრი, მაგრამ ვფიქრობ, ამ სიტუაციიდან გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×