გვანცა ღვედაშვილი
27.11.2015

პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი, რომელიც 16 წელს მიღწეულ გოგონათა ქორწინებას ეხება. სიახლის მიხედვით, ქორწინებაზე თანხმობის გაცემის უფლება აღარ ექნებათ მშობლებს - ეს საკითხი მხოლოდ სასამართლოს კომპეტენცია ხდება.

ინიციატივის ავტორია "რესპუბლიკელების" წევრი თამარ კორძაია, რომლის განცხადებითაც, მომავალში საქართველოში 18-წლამდე ასაკის პირთა ქორწინება საერთოდ აიკრძალება.

"ქორწინების უფლება, რომელიც არსებობდა 16-დან 18 წლამდე, შეიზღუდება და იარსებებს გარკვეული წესები, ისიც გარკვეული ვადით, ხოლო ცოტა ხნის მერე საქართველოში საერთოდ აიკრძალება 18-წლამდე არასრულწოვან პირთა ქორწინება, რასაც ითვალისწინებს ბავშვთა უფლებების კონვენცია.

"საქართველოს პარლამენტმა დღეს ნამდვილად გადადგა წინ კიდევ ერთი ნაბიჯი არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის თვალსაზრისით", - განაცხადა თამარ კორძაიამ

"ეთანხმებით, რომ 16 წლამდე ასაკის პირების ქორწინება უნდა აიკრძალოს?" - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ანა რატიანი (ჟურნალისტი): "ვეთანხმები, რადგან ამ ასაკის ბავშვები ფიზიოლოგიურად და მენტალურადაც არ არიან მზად, რომ შექმნან ოჯახები და გააჩინონ ბავშვები. ითვლება, რომ 18 წლამდე გოგონას ორგანიზმი არ არის ჩამოყალიბებული და მითუმეტეს ბიჭის, ამიტომ არის, რომ ოჯახების დანგრევის მაღალი მაჩვენებელია.

განსაკუთრებულ შემთხვევაში თუ მოხდა ისეთი რამ, რაც ფორმის ფარგლებში არ ჯდება, მაგალითად, გოგონა არის ორსულად, ამ დროს სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება, რომ მას ქორწინების უფლება მიეცეს, ამაზე თანახმა ვარ და ისე ვეწინააღმდეგები. რადგან არც მორალურად და არც ფიზიკურად ასეთი ახალგაზრდები არ არიან მზად ოჯახის შესაქმნელად. ეს ზედმეტი ტვირთია მშობლებისთვისაც და ოჯახისთვისაც."

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): "საცოდაობაა სულ რაღაც 14 წლის ბავშვი, რომელიც არასრულწლოვანია... დიდი შანსია, რომ მან არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღოს. არ დავასახელებ, მაგრამ ვიცი რეგიონები და გარკვეულ წერტილებში - ამ ასაკის გოგონებით მშობლები ვაჭრობენ და ეს საშინელებაა.

რა თქმა უნდა, ვემხრობი, რომ არასრულწლოვანი ბავშვებისთვის ქორწინება დაშვებული არ იყოს, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება, მიაღწიონ სრულწლოვანებას, მიიღონ განათლება და შემდეგ გადაწყვიტონ ეს საკითხი."

 

 ლაშა ჩხარტიშვილი (დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი): "სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან მშობლების მხრიდან გარკვეული იძულება და ჩარევა წარსულში იყო და სასამართლო ამ შემთხვევაში უფრო ობიექტური იქნება, ვიდრე ოჯახი, რომელსაც ხანდახან სულ სხვა მოტივები აქვს.

აქედან გამომდინარე, სწორია, 16-დან 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინების, მათ შორის იძულებით ქორწინების პრევენციის მიზნით სასამართლოს მიეცეს უფლება, თავად განაცხადოს თანხმობა ამ ასაკის ადამიანების ქორწინებასთან დაკავშირებით."

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი): "ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად ვეთანხმები, რადგან თვითონ ქართულ ენაში გვაქვს ასეთი გამოთქმა, ცნება: "გაათხოვე გოგოო?" საქართველოში ტრადიცია გვაქვს ასეთი, რომ დედა ათხოვებს შვილს. რას ნიშნავს ეს, გაათხოვე, როგორ უნდა გაათხოვო გოგო, ეს გადაწყვეტილება მან თავად უნდა მიიღოს.

ძირითადად ეს გოგოებს ეხება, თუმცა, აქ არის მეორე ფაქტორი, როცა გოგოსაც და ბიჭსაც უნდათ ოჯახის შექმნა და ელოდებიან ბავშვს, რა უნდა ქნან, მაგრამ მაშინაც ეს გადაწყვეტილება მშობლებმა კი არა, სასამართლომ უნდა მიიღოს.

მან უნდა გაითვალისწინოს ეს მდგომარეობა და ყოველ ჯერზე მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და არა მშობლებმა გაათხოვონ, ან დააქორწინონ ძალით ბიჭი ან გოგო. განსაკუთრებით კი ეს გოგოებს ეხებათ.

 თათული ედიშერაშვილი (მსახიობი): "მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა ბოლო წლების განმავლობაში. მივესალმები და საჭიროც არის, საქართველოში სოციალური პირობებიდან გამომდინარე, მე ამ ასაკს 20 წლამდეც გავზრდიდი. ეს აუცილებებლია ისვე და ისევ ჩვენი მომავალი შვილებისა და თაობისთვის, რათა ისინი იყვნენ ჯანმრთელი დედისა და მამის შვილები და თავად გაიზარდონ ჯანსაღ და ჯანმრთელ გარემოში, როგორც მოქალაქეები, როგორც პროფესიის მქონე ადამიანები, რომლებიც მინიმუმ არ გაბოროტდებიან."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×