ნინო ქეთელაური
01.12.2015

რუსულ პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად, "პიკის" მსგავსი რუსულენოვანი არხის არსებობას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიზანშეწონილად მიიჩნევს.

ამის შესახებ მინისტრმა "კავკასიური სახლის" მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე - "კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა: ბოლო სამი წლის მიღწევები და გამოწვევები", ისაუბრა.

"პიკი" ჩვენ არ დაგვიხურავს, თვითონ სააკაშვილმა დახურა, გაიყიდ-გამოიყიდა ქონება. კონფერენციაზე დამისვეს კითხვა, როგორ აპირებთ რუსულ პროპაგანდასთან გამკლავებასო და მე ვთქვი ჩემი მოსაზრება, რომ არ იქნებოდა ურიგო, თუ ამ ტიპის რაღაც იქნება", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, რუსულენოვანი ტელევიზიის შექმნას თანხა და სპეციალისტები სჭირდება. ამ ეტაპზე კი კომისიის მუშაობა რუსულ პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად და ტელევიზიის შესაქმნელად არ მიმდინარეობს.

როგორ ფიქრობთ, რუსულ პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად საქართველოში უნდა შეიქმნას თუ არა რუსულენოვანი მედია საშუალება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): "თუ მედიაზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს უნდა იყოს კერძო, რომ ბაზარი შეისწავლოს და თუ ამის მოთხოვნილება არის, შეიქმნას ასეთი მედიასაშულება. კონფლიქტურ რეგიონებში საუბრის სურვილი არ ნიშნავს იმას, რომ ამ მედიასაშუალებას ვინმე გაეცნობა.

დღეს პროპაგანდის თვალსაზრისით ისეთი ნაბიჯი ვერ გაამართლებს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, როცა სატელიტური თეფშები არ იყო და მხოლოდ რამდენიმე არხი არსებობდა, მოსახლეობა უყურებდა იმას, რასაც სთავაზობდნენ. ჩვენს დროში ადამიანები მაინც იმას უყურებენ, რაც თვითონ უნდათ.

ეს შეიძლება იყოს კეთილშობილური განზრახვა, მაგრამ მე ვფიქრობ, წყალში გადაყრილი ფული უფრო იქნება. არა მგონია, ვინმემ სახელმწიფო პროპაგანდისტულ ტელევიზიას უყუროს".

 დიმა ჯაიანი (მსახიობი): "თუ იქნება მსგავსი მედიასაშუალება, ამით რა დაშავდება? იყოს გნებავთ რუსულად, გნებავთ ინგლისურად, ენას რა მნიშვნელობა აქვს. თუ ადამიანმა არ იცის ქართული და იმ ენაზე მოისმენს ჩვენი ქვეყნის ამბებს, რომელიც ესმის, გაიგებს რა ხდება ქვეყანაში, რა ორიენტაცია აქვს, რა პოზიციაზეა, ამას რა ჯობია. მთავარია, მოისმინოს და გაიგოს. მე ვფიქრობ, უნდა არსებობდეს".

 

 

 გია როინიშვილი (მსახიობი): "ალბათ გახსოვთ, იყო ასეთი ტელევიზია - "პიკი". უნდა არსებობდეს ასეთი მედიასაშულება იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე კონფლიქტურ რეგიონებში მიიღონ ინფორმაცია და ასევე, იმ პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად, რასაც რუსული ტელევიზები ავრცელებენ.

რუსულ ნამდვილ პროპაგანდას, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მხოლოდ ობიექტური მაუწყებელი თუ დაუპირისპირდება და თუ ეს იქნება რუსულენოვანი, კარგი იქნება. იმისთვის, რომ ჩვენი ქყვეყნის რუსულენოვანმა მოსახლეობამაც, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებში, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია".

 ქეთი ბექაური (იურისტი):  ზოგადად, ურთიერთობა რომ უნდა დათბეს ეს ცხადია, მაგრამ რამდენად უნდა გაძლერდეს მედიასაშუალება და რუსულენოვანი უნდა იყოს თუ არა, ამას ვერ გეტყვით. ალბათ, ჩემზე უკეთ პოლიტიკოსებს ეცოდინებათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ეს დიპლომატიურ წრეებში უფრო უნდა იყოს განხილული. მე ის ნამდვილად ვიცი, რომ ურთიერთობა უნდა არღდგეს".

 

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი):  "არ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ მედიასაშულება შევქმნათ. ჩვენ უნდა დავიწყოთ დიპლომატიური ურთიერთობა და ნუ გავაბრაზებთ ამ "დათვს", რომელიც 30 კილომეტრზეა, არ მიმაჩნია ეს მიდგომა სწორი.

მე იმას ვემხრობი, რომ საქართველოში შეიქმნას რუსულენოვანი პრესა, რომელშიც რუსეთის კრიტიკასთან ერთად ის დადებითიც იქნება, რომელიც რუსეთის ლიტერატურას, ხელოვნებას, რუსეთს, როგორც მართმადიდებელ ქვეყანას აქვს. მაგრამ თუ მედიასაშუალება მხოლოდ ანტირუსული პროპაგანდისკენ იქნება მიმართული, ამას არ ვეთანხმები".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×