გვანცა ღვედაშვილი
02.12.2015

ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალი იწყება. მსჯელობა გაიმართება ავღანეთსა და უკრაინისთვის დახმარების გაწევაზე, რუსეთთან ურთიერთობასა და სხვა საკითხებზე.

მეორე სესიის მთავარი საკითხი "სამხრეთიდან მომავალი საფრთხე" გახდება. როგორც მოსალოდნელია, ალიანსი თურქეთს მხარდაჭერას გამოუცხადებს და ნატოს პარტნიორებისთვის ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში დახმარების გაზრდის საკითხებზე იმსჯელებს. სესიის ერთ-ერთი საკითხი ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლა იქნება.

მინისტერიალის მონაწილეები განიხილავენ რუსეთთან შემდგომ ურთიერთობას, უკრაინაში რუსეთის ქმედებების და ნატო-ს სამეზობლოში რუსული სამხედრო ძალების გააქტიურების კონტექსტში.

ბოლო დროს რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ აქტიურად საუბრობენ საქართველოში. პარიზში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც კლიმატის ცვლილებას შეეხებოდა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დემონსტრაციულად აარიდა თავი თურქ კოლეგასთან შეხვედრას, რომელიც რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ სიტუაციის განმუხტვით იყო დაინტერესებული.

"შეიძლება რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობამ საქართველოს პრობლემები შეუქმნას?" - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ანზორ თოთაძე (დემოგრაფი): თუ დაძაბული ურთიერთობა გაგრძელდა და ომამდე მივიდა საქმე, შესაძლოა, განზე აღარ დატოვონ ჩვენი ტერიტორია და დაძაბულებამ საქართველოშიც გადმოინაცვლოს.

 

 

 ლევან ღვინჯილია (ენათმეცნიერი):  გააჩნია, რამდენად უკომპრომისო იქნება ეს დაძაბულობა. თუ ის გაიზრდება, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის კარგი არ იქნება.

 

 

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): რა თქმა უნდა, როცა ორი მეზობელი პირდაპირ თუ ირიბად ომობს ერთმანეთთან, ამან შესაძლოა, საქართველოზე უარყოფითად ან დადებითად იმოქმედოს. ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებზე. დაძაბულ ზონაში ცხოვრება მარტივი არ არის. იმედია, ეს ყველაფერი ჩაცხრება და სიტუაცია ომამდე არ მივა, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ სიტუაციაში საქართველოსთვის სარგებლის ნახვა შესაძლებელია და ეს მთლიანად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

 

 გიორგი შენგელაია (რეჟისორი):  ძალიან ძნელი დასაბალანსებელია ეს ამბავი. ახლა მსოფლიოში მიმდინარე ნებისმიერმა მოვლენამ შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოზე და აქვს კიდეც გავლენა. კონკრეტულად რა მოხდება, არ ვიცი. ზუსტ პროგნოზს, თუ რა მოხდება, ნამდვილად ვერ გავაკეთებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×