გვანცა ღვედაშვილი
03.12.2015

თბილისში არსებული პრობლემები - საცობები, პარკინგის პრობლემა, უკანონო და მახინჯი მშენებლობები, დაბინძურებული ჰაერი და მრავალი სხვა - თვიდან თვემდე არა თუ გვარდება, არამედ პირიქით, მძიმდება.

შესაბამისად, სულ უფრო იზრდება მერიის და პირადად მერის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების რიცხვი. ბოლო პერიოდში თბილისის მერიის მუშაობისადმი უკმაყოფილებას გამოთქვამენ მისი თანაგუნდელებიც, გუშინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დავით ნარმანიას სოფელ დიღომში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო უსაყვედურა.

როგორ ფიქრობთ, არის თუ არა დავით ნარმანია წარმატებული მერი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): მე პირადად უფრო მეტი იმედი მქონდა, თუმცა ალბათ მეტი დრო უნდა გავიდეს, რომ შევაფასოთ არსებული მდგომარეობა.

 

 

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ძალიან მძიმე კითხვაა, მე მეჩვენება, რომ ვერ ახერხებენ გაკეთებულის რეკლამირებას. არ მაქვს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, რა გააკეთეს და რა არა. შთაბეჭდილება რჩება, რომ არაფერი არ კეთდება, არადა რეალურად რაღაც მართლა კეთდება. ამიტომ ვერ შევაფასებ ასე, რადგან სრული ინფორმაცია მართლა არ მაქვს.

 

 

 გია ანჩბაძე  (ისტორიკოსი): ჩემი პასუხი არის იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც გვაქვს დღეს თბილისის უბნებში. ვფიქრობ, გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს მერიას, ვიდრე ის იყენებს.

ჩემი აზრით, ნარმანია საკადრო პოლიტიკის კუთხით ზეწოლას განიცდის. მოსახლეობამ მეტი ნდობა უნდა გამოუცხადოს მერს, რომელიც ჩვენი არჩეულია. თუ არის წარუმატებლობა, არ მგონია, რომ ეს მხოლოდ მისი ბრალია.

 

 

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): მე მისი მოსვლისას წინააღმდეგობა ნამდვილად არ გამომიხატავს. თუ კეთდება რაღაც, და ვიცი, რომ კეთდება, არის გარკვეული სოციალური პროგრამები და ა.შ., მაშინ ეს არის პიარის ბრალი, რომ ისინი არ აწვდიან ხალხს ინფორმაციას იმის შესახებ, რასაც მერია აკეთებს.

ნამდვილად არ მინდა მხოლოდ ნარმანიას გადავატეხო ყველაფერი, რადგან არ მგონია, რომ მხოლოდ მისი ბრალი იყოს ის, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა. ზოგადად სამინისტროებში მუშაობა შენელებული ტემპით მიდის. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ მერია არაფერს აკეთებს, თუმცა არის ნიუანსები, რომელიც მან აუცილებლად უნდა გამოასწოროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×