გვანცა ღვედაშვილი
07.12.2015

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსთაველის თეატრში მსჯავრდებულების დადგმულ სპექტაკლს "ჩემი მძევალი ანგელოზები" დაესწრო, სადაც განაცხადა, რომ პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს.

სპექტაკლი, რომელშიც 7 მსჯავრდებული ქალი და ერთი ყოფილი მსჯავრდებული მონაწილეობს, რეჟისორმა მანანა კვირკველიამ ქეთევან პატარაიას მიერ სპეციალურად მსჯავრდებულებისთვის შექმნილი პიესის მიხედვით დადგა.

სპექტაკლზე იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელსაც პატრიარქმა თავისი ჯვარი უსახსოვრა. აღსანიშნავია, რომ პატრიარქის განცხადებაზე პრემიერს კომენტარი არ გაუკეთებია

"ვფიქრობ, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებს ამ საკითხს", - განაცხადა უწმინდესმა.

პატრიარქის ამ განცხადებას სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი დაეთანხმა.

"მეც მიმაჩნია, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს ეს უფლება. ერის წინამძღვარია. მასზე ბრძენი ადამიანი არ ვიცი, ვინ არის, ამიტომ ნამდვილად უნდა ჰქონდეს მას შეწყალების უფლება", - განაცხადა კახა კახიშვილმა

უნდა მიენიჭოს თუ არა კანონმდებლობით პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ნატო გელაშვილი (მომღერალი): "უნდა მიენიჭოს, რატომაც არა. მივესალმები და ნამდვილად გამიხარდება, თუ პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლებას მიანიჭებენ."

 

 

 

 გივი ბერიკაშვილი მსახიობი): "მივანიჭებდი, რადგან ჯერ ერთი - პატრიარქია, შემდეგ პიროვნებაა ისეთი, რომ ყველაფერს გააკეთებს ქვეყნისთვის. პატრიარქს ყველაფრის უფლება უნდა ჰქონდეს, თუმცა, გააჩნია, რა დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ მე ვენდობი პატრიარქს, რომელიც უწმინდესი და უნეტარესი ადამიანია."

 

 

 

 ნანა კაკაბაზე  (უფლებადამცველი): "საპატრიარქოს რეკომენდაცია აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული შეწყალების დროს. თუმცა, არ ვიცი და არ გამიგონია, რომ ეკლესია თავად იწყალებდეს პატიმრებს.

"საქართველოში სხვადასხვა რელიგიის ხალხი ცხოვრობს. მართალია, მართლმადიდებლური ეკლესია მთავარია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაინც კანონმდებლობით უნდა იყოს ეს მოწესრიგებული. თუ პარლამენტი გადაწყვეტს, რომ ეს საკითხი მიანდოს პატრიარქს, მაშინ შეიძლება ეს იყოს მისი პრეროგატივა."

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი):  "მიმაჩნია, რომ პატრიარქს აუცილებლად უნდა ჰქონდეს პატიმრის შეწყალების უფლება, რადგან ის ისეთ რელიგიას ემსახურება, რომელიც გულმოწყალეობას ქადაგებს.

"პატრიარქს ძალიან კარგად ესმის, რა არის ბოროტება და არ მგონია, რომ პატრიარქი შეცდეს. მე ჩვეულებრივი იურისტებისგან და ადვოკატებისგან უფრო ველი, რომ იქ მოხდეს ჩაწყობა და რაღაც სხვა ამბები, ვიდრე პატრიარქისგან.

"გულმოწყალება კარგია, მაგრამ არის ხალხი, ვისთანაც ეს არ შეიძლება. მე არ მგონია, პატრიარქს რაიმე შეეშალოს და ყველა ერთად გამოუშვას, რადგან პატრიარქი ბრძენია და ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა, რომ მას ჰქონდეს პატიმრის შეწყალების უფლება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×