ნინო ქეთელაური
08.12.2015

რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის, შესაძლოა, ფულადი ჯარიმები დაწესდეს. საქმე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს ეხება, რომლის ინიციატორი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანია. პროექტის ავტორი კი "დემოგრაფიული განვითარების ფონდის" დირექტორი ზვიად ტომარაძეა.

ცვლილებების მიხედვით, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

ამავე პროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

როგორ ფიქრობთ, რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფის გამო უნდა დაწესდეს არა ჯარიმა? - ამ კითვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 მიშა მშვილდაძე  (პროდიუსერი): "ზოგადად, ადამიანის შეურაცხყოფა ძალიან ცუდი საქციელია და არა მგონია, რომ ვინმე უფრო მეტად უნდა იყოს დაცული შეურაცხყოფისგან, ვიდრე ჩეულებრივი მოქალაქე. საერთო სტანდარტი უნდა არსებობდეს ყველასთვის, როგორც რელიგიური, ისე სამოქალაქო პირისთვის.

განსაკუთრებული თემაა კიდევ საჯარო პირები, რომელთაც უფრო მაღალი თმენის ვალდებულება მოეთხოვებათ. ამ სივრცეში უნდა განვიხილოთ ეს საკითხი".

 

 გია ბუღაძე (ფერმწერი):  "რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა სრულიად გაუგებარია ჩემთვის და ვის უნდა მოუვიდეს თავში ამის გაკეთება, არ მესმის. ყველა ადამიანის შეურაცხყოფა მიუღებელია, მე ასე ვფიქრობ, რელიგიური მსახურია ის თუ არა.

შერაცხყოფაში რა იგულისხმება, ვერ ვხვდები, შეურაცხყოფა ვისთვის უნდა იყოს მისაღები?! საერო პირზე მისაღებია? თუმცა ეს კანონით იყოს დასჯადი... ცოტა გაუგებარია.

რაც შეეხება სიწმინდეებს და რელიკვიებს, რა თქმა უნდა, ისინი დაცული უნდა იყოს და მათი განადგურება, შეურაცხყოფა მართლაც უნდა ისჯებოდეს.

ყველას შეურაცხყოფა კანონით უნდა იყოს შეფასებული, ხოლო რელიკვიები და რელიგიური სიწმინდეები, ეს კულტურული მოვლენაა და არავის არ ეპატიება მათი შეურაცხყოფა და განადგურება".

 ნინო ლაპიაშვილი  (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): "საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ძალიან მაღალი სტანდარტია და, ჩემი აზრით, ყველა ის ქმედება, რაც აქამდე განხორციელდა, მიმართულია იქითკენ, რომ ეს სტანდარტი შენარჩუნებული ყოფილიყო.

როცა ასეთი ინიციატივა შედის საკანონმდებლო ორგანოში, ძალიან კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, როგორ მოხდება კონკრეტული ფაქტის დადგენა თუ იდენტიფიცირება და მერე ამის მიხედვით კონკრეტული ღონიძიებების გატარება.

მე ეჭვი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში იქნება პრობლემა, იმიტომ რომ, როგორც წესი, ასეთი საკანონმდებლო ინიციატივები ყველა ქვეყანაში არის ხოლმე ბუნდოვანებით მოცული, რადგან კონკრეტულ შემთხვევებში რთულია დაადგინო, შეურაცხყოფა რას ნიშნავს.

შეიძლება ერთ ადამიანს რაც შეურაცხყოფად მოეჩვენოს, მეორისთვის ასე არ იყოს და საბოლოო ჯამში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვამდე მივიდეს. ამიტომ ძალიან საფრთხილოა.

ჩემი აზრით, ასეთი ტიპის ღონისძიებებით არ უნდა მოხდეს სიწმინდეების დაცვა, უბრალოდ სხვა ღონიძიებებზე უნდა იზრუნონ როგორც სახელმწიფოს და ეკლესიის წარმომადგენლებმა, ისე საზოგადოების წევრებმა.

მიმაჩნია, რომ განათლება და საზოგადოებისთვის ისეთი ღირებულებების შეთავაზება, რაც თავის თავში გამორიცხავს მსგავს ქმედებებს, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფორსირებულად და ზემოდან ვინმეს დასჯა. ვფიქრობ, კარგად არის გასავლელი ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც შემოთავაზებულია".

 ნუცა ჯანალიძე  (მუსიკათმცოდნე): "ჯარიმა ფინანსურად თუ გაამდიდრებს ვინმეს, თორემ ვინც შეურაცხყოფას აყენებს, ის თვითონ იქნება შერისხული. შინაგანად არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა ეგ, რა რელიგიის წარმომადგენელიც უნდა იყოს".

 

 

 

 

 ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): "მე ქრისტიანი კაცი ვარ და ვფიქრობ, რომ აქამდეც ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველასთვის უნდა შემოიღონ ეს კანონი. სხვა რელიგიების მიმართაც არ უნდა ხდებოდეს ასეთი ფაქტები, არავის აქვს უფლება, სხვისი რელიგია შეურაცხყოს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×