ლიკა ამირაშვილი
09.12.2015

მილიონი ხის დარგვის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 480 000 ხეა დარგული.

"გამწვანების თვალსაზრისით, ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ. ერთი მილიონი ხის პროგრამის ფარგლებში, ახლა უკვე, დღეის მდგომარეობით, ჩვენ დაახლოებით 480 000 ხე გვაქვს დარგული. ასევე, პირველად ქალაქის ისტორიაში შევიმუშავეთ ქალაქის რეკრეაციული განვითარებისა და თბილისის, როგორც მწვანე ქალაქის კონცეფცია, გარემოს დაცვითი სტრატეგია. შესაბამისად, 2,5 მილიონ კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიას დამატებით მივანიჭეთ რეკრეაციული ზონის სტატუსი," - განაცხადა ნარმანიამ.

იგრძნობა თუ არა თბილისში, რომ მერიამ ქალაქი აქტიურად გაამწვანა? - ამ კითხვით "რეზანანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ნინო ჩხობაძე  (ეკოლოგი): საერთოდ ყველაფერს სკეპტიკურად ვუყურებ. ნახევარი მილიონი ხე შეიძლება დავრგეთ, მაგრამ თბილისისთვის ეს საკმარისი ნამდვილად არ არის. თბილისს არც მილიონი ხე არ ეყოფა. სამწუხაროდ, მთაწმინდის მთელი ფერდი გამხმარია და საერთოდ შემოგარენი უმძიმეს მდგომარეობაშია. იმისათვის, რომ ქალაქმა სიმწვანე იგრძნოს, ამას კიდევ 2 მილიონი ნერგი უნდა დავუმატოთ.

 

 

 ლადო ვარდოსანიძე  (არქტიტექტორ-ურბანისტი): მთავარი დარგვა კი არ არის, არამედ მთავარია გახარება. ცხადია, ურთულესი საქმეა. თბილისს ჯერჯერობით სიმწვანეს ვერ ვატყობ. კარგი იქნებოდა გვცოდნოდა, ეს ნერგები სად დაირგო, რა ტერიტორიაზე.

ასეთი შეფასება ცოტა გადაჭარბებული მგონია. როგორც ტელევიზიით ვაკვირდები, დარგვის წესები დაცული არ არის-ხოლმე. კარგი იქნება, რომელიმე მედია ამ თემით თუ დაინტერესდება და შეამოწმებს, ამ ნერგებმა იხარა თუ არა.

 

 მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): ამ თვალსაზრისით წინა წლებთან შედარებით, წლევანდელი წელი უფრო აქტიური იყო. რამდენჯერმე ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა თავადაც მივიღე. ვფიქრობ, თუ ამაში მთელი საზოგადოება ჩართვება, თბილისისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.

 

 

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ქუჩებში ნაკლებად დავდივარ, თუმცა სადაც გადავაადგილდები, გამწვანებას ნამდვილად ვერ ვგრძნობ. პირადად მე ვერ ვხედავ, სადმე გამწვანება სერიოზულად მიმდინარეობდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×