სალომე სარიშვილი
22.04.2016

გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით გუშინ სადგურის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ბაზრის მოვაჭრეები და გარემოვაჭრეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით სასამართლომ 3 მათგანი გაათავისუფლა. ადვოკატ გიორგი ჩაფიძის ინფორმაციით, პროცესი 27 აპრილს გაიმართება, სადაც მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ.

მისივე თქმით, გუშინდელ აქციაზე სამართალდამცველებმა საერთო ჯამში 5 პირი დააკავეს. დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს. ადვოკატის ცნობით, დაკავებულების ნაწილი ორთაჭალის განყოფილებაში გადაიყვანეს.

"აქციაზე სულ 5 პირი დააკავეს. 3 მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ხოლო ორს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. ზეპირად ვიცით, თითქოს დაკავებისას ამ ორმა პირმა პოლიციის თანამშრომლებს ხელის არეში უკბინა, რაც აბსურდია," - განაცხადა დაკავებულების უფლებადამცველმა გიორგი ჩაფიძემ.

თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა გარევაჭრობა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი):"რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი, სადაც ასევე მინახავს გარევაჭრობა, გარეთ გამოტანილი სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქონელი, ამიტომ ეს მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, თუმცა, ეტაპობრივად ცივილიზებული ქვეყნები ამას კრძალავენ.

"თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გარევაჭრობა ეკოლოგიასთან, გარემოს დაბინძურებასა და ქალაქის იერსახესთანაა დაკვშირებული, მაშინ ის გარკვეულ ჩარჩოში მართლაც უნდა იყოს მოქცეული. თუმცა, მეორე მხრივ, ამ ყველაფრის უკან დგას ასობით მოქალაქე, რომელიც ლუკმაპურს სწორედ გარევაჭრობით შოულობს. ამიტომ გადაჭრით იმის თქმა, რომ უნდა აიკრძალოს და თან სხვა გამოსავალი არ შევთავაზოთ, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება."

 ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): "ჩემი აზრით, გარევაჭრობა აუცილებლად უნდა აიკრძალოს, მაგრამ საკითხავია, რა ეშველება ამდენ ხალხს, რომელიც ლუკმაპურს სწორედ ამ გზით შოულობს. ასე ხომ არ უნდა გაგრძელდეს?! ეს ხალხიც იმსახურებს სიბრალულს. ასე პირდაპირ აკრძალვა, სხვა არჩევანის შეთავაზების გარეშე არ იქნება სწორი.

"ვფიქრობ, ხელისუფლებამ ყველა ზომას უნდა მიმართოს, რომ ამ ადამიანებს დაეხმაროს და საშველი რაიმე გზით გამოუძებნოს. ისე, რა თქმა უნდა, არ მომწონს გარევაჭრობა და მისი აკრძალვა აუცილებელია."

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "არსებულ რეალობას თუ შევხედავთ და აკრძალვაზე ვისაუბრებთ, მაშინ ისიც უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ ამ ხალხის დასაკმაყოფილებლად რაიმე ზომები უნდა გამოიყენოს.

ჩემი აზრით, ქალაქის მერმა მათ ალტერნატიული გზა გამოუძებნა კიდეც და ბაზრებში დასაქმება შესთავაზა, თუმცა ეს ადრეც უნდა გაეკეთებინა და ამ ხალხისთვის ყურადღება მიექცია. სანამ კრიტიკულ ზღვარზე არაა ვითარება, იქამდე ყურადღებას არავინ იჩენს. ეს საკითხი აუცილებლად მოსაგვარებელი და მისახედია."

 მიხეილ ღანიშაშვილი  პოეტი):"ჩემი აზრით, ამ ყველაფერს აუცილებლად ცივილური ფორმა უნდა მიეცეს. რა თქმა უნდა, ეს დიდი ხნის წინ დაწყებული პრობლემაა და აქამდეც უნდა მოევლოთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ვაჭრობის ასეთი ფორმა და ქუჩაში მოფენილი პროდუქტი მიუღებელია. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ვაჭრობის ამგვარი გზა მიუღებელია და მივესალმები მის აკრძალვას."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×