ლიკა გურაბანიძე
25.04.2016

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების ნაწილმა შიმშილობა დროებით შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება მათ აღდგომის დღესასწაულს დაუკავშირეს. "მოხდა აქციის შეჩერება და არა შეწყვეტა. შიმშილობის შეწყვეტაც კი არ ხდება, ერთი მოშიმშილე რჩება", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით წიქარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სტუ-ში საპროტესტო აქცია მე-13 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეებს 6 მოთხოვნა აქვთ: სტუ-ს რექტორის არჩილ ფრანგიშვილის გადადგომა, კანცლერის გადადგომა, აკადემიური საბჭოს დაშლა, სტუ-ში აუდიტის შესვლა და რეფერენდუმის ჩატარება იმის გასარკვევად, ვინ უჭერს და ვინ არა მხარს არჩილ ფრანგიშვილს.

რამდენად სამართლიანია სტუ-ს მოშიმშილე პროფესორთა მოთხოვნები? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ჯემალ ჭკუასელი  (ანსაბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი): "ვხედავ, რაც ხდება და მიმაჩნია, რომ ამ ყველაფერს სახელს ვერ დაარქმევ. ლექტორებს შიმშილობა და ასეთ მძიმე მდგომარეობაში ყოფნა ალბათ რაღაცად უღირთ.

"ლექტორები საუბრობენ იმაზე, რომ დღეს რაღაც არასწორია. კი, ბატონო, ასეა, მაგრამ სად იყვნენ ისინი აქამდე? რა იქნებოდა უკეთესი, ამას ვერ გეტყვით. პირადად მე არცერთი მომწონს. ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერია ამ საქმეში. ძალიან ცუდი ამბავი ხდება და ეს ყველაფერი ძალიან არ მომწონს."

 

 გიგი თევზაძე (ლექტორი):  "ერთ-ერთმა ორგანიზაციამ რექტორის თანამდებობაზე დარჩენის თაობაზე გამოაქვეყნა მოსაზრება, რომ ეს ქმედება არ არის კანონის შესაბამისი. თავის დროზე საკუთარი თავი აკადემიურ საბჭოს მესამედ არ ავარჩევინე. ჩავთვალე, რომ ამისი გაკეთება სწორი არ იქნებოდა, მიუხედავად იმისა, კანონი ამის საშუალებას იძლეოდა თუ არა.

"პრობლემა ამ შემთხვევაში არა ფრანგიშვილში, არამედ განათლების სამინისტროშია, რადგან იგი ოფიციალურადაა უნივერსიტეტების ზედამხედველი და მესაკუთრე. სამინისტროს უნიათობაა, რომ თავის დროზე აზრი არ დააფიქსირა. მას შეუძლია, სასამართლოს გარეშე თქვას, დაირღვა თუ არა კანონი. ეს ყველაფერი სასამართლომ რატომ უნდა გადაწყვიტოს?

"რაც შეეხება ლექტორებს, გამოხატვის თავისუფლება საქართველოში არავის შეუზღუდავს. არავის აქვს უფლება, რომ გამოსვლები აუკრძალონ მათ, ან ლექტორები გაუშვან უნივერსიტეტიდან. სახელმწიფომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, რომ ლექტორების შიმშილობა არ ხდებოდეს."

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): "რასაც ვხედავ, არჩილ ფრანგიშვილს ძალიან ბევრი სტუდენტი უჭერს მხარს. ამ ადამიანს პროგრესულ რექტორად მოიაზრებენ. ვინც შიმშილობენ, იმ ადამიანების დამოკიდებულება ვერ გავიგე. ჩემი აზრით, არაერთგვაროვანი სიტუაციაა.

"ლექტორების მოთხოვნებს არ ვთვლი სამართლიანად. არ ვხედავ იმას, რომ ამ მოთხოვნების ასეთი საფუძველი არსებობს. მოშიმშილე ადამიანებში რეფორმატორები ვერ დავინახე. შესაძლოა, ვცდები. ეს ყველაფერი მშვიდ გარემოში რომ განიხილონ, ჯობია. განათლების სამინისტრომ ამ ყველაფერს ყურადღება უნდა მიაქციოს."

 გია ბუღაძე  (ფერმწერი): "ვფიქრობ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ფრანგიშვილს ვეტყოდი იმას, რომ როდესაც ადამიანები შენი თანამდებობის გამო შიმშილობენ, არანაირი თანამდებობა არ ღირს ამად, თუნდაც ცამდე მართალი იყო.

"რექტორის გადადგომასთან დაკავშირებით ვიტყვი იმას, რომ კანონმდებლობა მის მხოლოდ ორჯერ არჩევას გულისხმობს და არა სამჯერ. კანონის მიხედვით, ლექტორების ეს მოთხოვნა სამართლიანია. თავის დროზე, როგორც რექტორი, ამ კანონს მეც დავემორჩილე.

"მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი დასაფიქრებელია. პირადად მე არავის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. რაც შეეხება ლექტორების შიმშილობას, ვთვლი, რომ ეს უკიდურესი ზომაა და ნამეტანია."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×