ნინო ქეთელაური
25.04.2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით 25-29 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება.

დაგეგმილია შეხვედრები სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან, წამყვან ამერიკულ ბიზნესწრეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებთან. ასევე, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, მინ ჟუსთანაც. პრემიერ-მინისტრი ბოსტონში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებსაც შეხვდება.

ასევე, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში და ილინოისის უნივერსიტეტში გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის აზრით, აშშ-ში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გაღრმავებასა და გაფართოებას ძლიერ ბიძგს მისცემს.

მისივე თქმით, ამ ვიზიტის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვლილი პერიოდი შეჯამდება და ახალი პერსპექტივები დაისახება.

"შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენს რეგიონში ეს არის სამაგალითო ურთიერთობი. ის ძალისხმევა, რასაც ორივე ქვეყანა მიმართავს ამ თანამშრომლობის განვითარებისთვის, მიღწეული შედეგებიდან თვალნათლივ ჩანს. კიდევ უფრო მეტი მონდომება და მოტივაცია არსებობს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს ურთიერთობები", - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.

როგორ ფიქრობთ, პრემიერის ვიზიტი რას მოუტანს საქართველოს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 მიხეილ ცაგარელი  ასტროლოგი): "მთლიანობაში, გარკვეული სასიკეთო ცვლილებების მომტანი უნდა იყოს. თუმცა უკეთესი იქნებოდა, პრემიერი 1-დან 15 მაისამდე წასულიყო, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები კი 8 და 9 მაისს გაერკვია. ეს არის წლის განმავლობაში ყველაზე ფანტასტიკური პერიოდი.

ძალიან ვწუხვარ, რომ მთავრობა ისევ უგულებელყოფს ასტროლოგიის დიდ კოსმიურ კანონებსა და ცოდნას. მაშინ, როდესაც იყო შანსი, რომ 10-ჯერ უფრო მეტი მოეპოვებინა ამ ვიზიტებიდან, თუკი მას 1-15 მაისს დაგეგმავდა, პრემიერმა ახლანდელი პერიოდი გადაწყვიტა.

არ არის ცუდი, მაგრამ იმხელა შანსები ახლა ვერ იქნება. მე მაინც წარმატებებს ვუსურვებ მას."

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "როდესაც საქმე ეხება სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მასთან ურთიერთობას ბიზნესის სფეროში, რასაკვირველია, მე დადებით მოვლენად მიმაჩნია, ეს კარგის მომტანი იქნება. თუ, რა თქმა უნდა, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება ბიზნესში თანამშრომლობის კუთხით და ეს მხოლოდ დეკლარირების სახით არ იქნება."

 

 ქეთი ბექაური (იურისტი):  როდესაც სტატეგიულ პარტნიორთან ასეთ ვიზიტი იგეგმება, ვფიქრობ, სერიოზული გამოწვევის წინაშეა ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ეს იქნება თანამშრომლობის გაფართოების მომტანი და ალბათ პრემიერი კონკრეტული გეგმით არის წასული.

მითუმეტეს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოლოდინში ვართ და რაც უფრო ხშირი იქნება ასეთი შეხვედრები, მით უკეთესი."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×