ლიკა ამირაშვილი
27.04.2016

"ევროპის სახალხო პარტიის" წევრმა იაცეკ-საირუშ ვოლსკიმ ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სანამ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა და შეწყდეს წნეხი "რუსთავი 2"-სა და საკონსტიტუციო სასამართლოზე.

"ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმს, თუმცა საქართველოს მთავრობა ჯერ კიდევ არღვევს ევროპულ სტანდარტებს. ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავებას. მაგალითად, როგორიც არის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ასევე თბილისის ყოფილი მერი. ასევე, ადგილი აქვს დამოუკიდებელი ტელევიზიის, "რუსთავი 2"-ის შევიწროებას. ასე რომ, სანამ უვიზო რეჟიმი ამოქმედდება და სანამ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, საქართველომ ეს სტანდარტები უნდა გააუმჯობესოს.

"მხოლოდ ამის შემდეგ დაიმსახურებს საქართველო უვიზო რეჟიმს. ამისთვის კი უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ამასვე ვითხოვდით უკრაინისგან, როდესაც ვითხოვდით იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას. ჩვენ ვითხოვთ მერაბიშვილისა და უგულავას გათავისუფლებას. ასევე "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას," - განაცხადა საირუშ ვოლსკიმ.

შეიძლება თუ არა ამ განცხადებამ შეაფერხოს ევროპის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): შეუძლებელია ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეჩერება. ეს ხელოვნურად მოგონილი პირობებია. "ნაციონალები" ადრეც ცდილობდნენ, რომ სხვა პირობებიც წამოეყენებინათ, მაგალითად, არჩევნები როგორ ჩატარდება და ა.შ. ახლა კიდევ ეს - არავითარი ორგანული კავშირი ამ ორ მოვლენას შორის არ არსებობს.

 

 გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): საერთოდ, როდესაც ქვეყანაში პოლიტპატიმრები გყავს, ეს თავისთავად ევროპასთან დაახლოებაზე ცუდად მოქმედებს. კონკრეტულად ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს თუ არა, არ ვიცი, თუმცა ზოგად პოლიტიკურ სიტუაციაში რომ უკან დაგვხევს, ეს ფაქტია.

 

 

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):  ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატს, შესაძლოა, თავისი პოზიცია გააჩნია, მაგრამ ეს ადამიანები მსჯავრდებულები საქართველოს კანონმდებლობით არიან. არ მგონია, რომ ევროპელი დეპუტატის განცხადება გადამწყვეტი იყოს, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოს კანონმდებლობას ენიჭება.

მიღებულ გადაწყვეტილებაში თუ რაიმე ხარვეზია, ეს სხვა საკითხია, ამის დასადგენად არსებობს ინსტანციები, არავითარ შემთხვევაში ევროპელ დეპუტატს არ აქვს უფლება საქართველოს სასამართლო სისტემაზე გავლენა მოახდინოს. ეს საქართველოს საქმეებში ჩარევას ნიშნავს.

 ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): ეს განცხადება არაფერზე არ იმოქმედებს, ვინაიდან ევროპის სახალხო პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პირდაპირი ლობისტები არიან ევროპაში. მათ თუ დანაშაული აქვთ ჩადენილი, რატომ უნდა გათავისუფლდნენ? დანაშაული რომ ჩადენილი აქვთ, სასამართლომ უკვე დაამტკიცა.

ესენი თუ გათავისუფლდებიან, მაშინ ყველა ის პატიმარი უნდა გათავისუფლდეს, ვინც იგივე მუხლით ზის.

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ასეთი თავხედური განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში მათ მარგინალიზაციაზე იმოქმედებს და მოქმედებს კიდეც. კიდევ ანტიდასავლურ განწყობაზე მოქმედებს. მართალია, კვლევები იძახის, რომ ამ მხრივ პროგრესი გვაქვს, მაგრამ ანტიდასავლური განწყობა ყოველდღიურად სწორედ ასეთი თავხედური განცხადებების საფუძველზე მატულობს.a

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×