ლიკა ამირაშვილი
29.04.2016

"რესპუბლიკელებსა" და პარტია "ქართულ ოცნებას" შორის დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად, შეკამათება ეკა ბესელიასა და ძმებ ბერძენიშვილებს შორის, საბავშვო ბაღების რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას მოხდა.

დავით ბერძენიშვილმა ბიუროს სხდომაზე უმრავლესობას, კენჭისყრისას მათი ალტერნატივის გათვალისწინება სთხოვა. მან კენჭისყრის გადადების საკითხიც დასვა და აღნიშნა, რომ გაჯიუტების შემთხვევაში, კარგ საკანონმდებლო პროექტს "ჩაგდების" საფრთხის წინაშე ნუ დააყენებენ.

ეკა ბესელიას თქმით კი, შემოთავაზებული წინადადება დაგეგმილი რეფორმის მთელ კონცეფციას ცვლის, რისი გაკეთებაც, მეორე მოსმენით კენჭისყრის წინ ვერ მოხდება.

"შემოთავაზებით, შემოდის ისეთი ფორმულირება, რომელიც ამბობს, რომ შეიძლება არსებობდეს სრულიად სხვადასხვაგვარი მიმდინარეობა, სრულიად სხვადასხვაგვარი სწავლების მეთოდიკა - ეს დღეს ისედაც გვაქვს და მაშინ, რაღას ვცლით?!", - განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ მათი წინადადების გათვალისწინების შემთხვევაში, დარტყმის ქვეშ მთელი რეფორმა დგება.

შეგახსენებთ, რომ "რესპუბლიკელებისა" და "ქართული ოცნების" შეუთანხმებლობის ეს პირველი შემთხვევა არ არის. სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის დავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში ერთ-ერთ პრობლემად "ქართულ ოცნებაში" "არცთუ ნორჩ ლენინელისა თუ სტალინელის" ზოგიერთი განცხადება დაასახელა, რომელიც ბრიუსელში წინ ხვდებათ და პრობლემებს უქმნით.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას დეპუტატები გამოეხმაურნენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის თქმით, მიუხედავად მისი დიდი პატივისცემისა დავით უსუფაშვილისადმი, "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ნორჩი ლენინელები და სტალინელები არ ჰყავს.

თქვენი აზრით, რითია გამოწვეული "ქართულ ოცნებასა" და "რესპუბლიკელებს" შორის დაწყებული დაპირისპირება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): საარჩევნო მარათონია დაწყებული, აქედან გამომდინარე, ორივე პარტია ცდილობს, რომ ახალი იმიჯი მოირგოს. "ქართული ოცნება" და "რესპუბლიკელები" ერთმანეთის კონკურენტები არიან, შესაბამისად, ისინი ერთმანეთის ხმებისთვის იბრძვიან.

 

 

 

 რეზო მიშველაძე (მწერალი):  ეს დაპირისპირება სრულიად ლოგიკურია, ამას ველოდი. მხოლოდ ის მიკვირდა, რომ დაპირისპირება, ლამის 4 წლის შემდეგ გამჟღავნდა. "ქართული ოცნება" და "რესპუბლიკელები" სრულიად სხვადასხვა მენტალიტეტის და მიმართულების მქონე პარტიებია.

"ქართული ოცნება" არის თავიდან ბოლომდე ეროვნული პარტია, ხოლო "რესპუბლიკელები" მთელი თავიანთი რიგი განცხადებებით, ყოველთვის ამჟღავნებდნენ შინაგან წინააღმდეგობას "ოცნებასთან".

ეს იყო იძულებითი ერთობა, "რესპუბლიკელები" შინაგანად ამბობდნენ, რომ შენთან ვარ მხოლოდ იმის გამო, რომ პარტიაში გვყავს პარლამენტის ხელმძღვანელი "რესპუბლიკელი" და სამი მინისტრი.

როგორც კი "რესპუბლიკელებმა" იგრძნეს, რომ ერთ რიგში უკვე ვეღარ იქნებოდნენ, ეს შინაგანი წინააღმდეგობა მაშინვე გამომჟღავნდა. ამ წინააღმდეგობით აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ, დარჩენილ 5 თვეში ქართველი ამომრჩეველი დაინახავს, რა პარტიაა "რესპუბლიკური" პარტია და რატომ ვერ ივლის იგი "ოცნებასთან" ერთად ერთ პოლიტიკურ ბილიკზე.

 გია ბუღაძე  (ფერმწერი): სიმართლე გითხრათ, არც ერთი მაინტერესებს და არც მეორე. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის არასდროს ფავორიტი ეს ხალხი არ იქნება.

მათი გზა არასწორია და არასწორად მიდიან, სერიოზული პრობლემები აქვთ. რას ფიქრობენ, ნამდვილად არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ ჩემს სიმპათიას არასდროს იმსახურებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ბევრი ინტელექტუალია, რომელთაც პატივს ვცემ, როგორც პოლიტიკურ პარტია, არ მომწონს.

 

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი):  "რესპუბლიკელებისა" და "ოცნების" დაპირისპირება გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. მათი დაპირისპირება დაიწყო მაშინ, როდესაც ისინი გაერთიანდნენ. შემდეგ ეს გამწვავდა, როდესაც "რესპუბლიკელები" სამინისტროებში ადგილებს თხოულობდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ რიგ კანონპროექტებს დაბლოკავდნენ.

როდესაც საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ ისინი ერთმანეთს კიდევ უფრო დაშორდნენ, ახლა უთანხმოება დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასე რომ, განცხადებები, რომლებიც ორივე მხრიდან კეთდება, ის შედეგია, რაც ჩვენ მივიღეთ.

რამდენიმე თვეში "რესპუბლიკელები" ხელისუფლებას დატოვებს, ამიტომ თავიდანვე მათი მოქმედება განპირობებული იმით, რომ დაუპირისპირდნენ "ოცნების" პოლიტიკურ კურსს და ოცნებაზე განაწყენებული მოსახლეობა მიიმხრონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×