გვანცა ღვედაშვილი
30.04.2016

ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე გამოცხადუბლი აუქციონის შედეგი 3 მაისს გახდება ცნობილი. ოპოზიცია და უფლებადამცველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ტერიტორიის შეძენას ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია გეგმავს. მერიის წარმომადგენლების მტკიცებით კი, ამ თემით სპეკულირებას კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს.

მანამდე გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია ცნობამ იმის შესახებ, რომ ბოტანიკურმა ბაღმა და ივანიშვილის კუთვნილმა კომპანიამ ერთმანეთის კუთვნილი მიწის ნაკვეთები გაცვალეს. არასამთავრობოთა ნაწილი ამასაც აპროტესტებს და აცხადებს, რომ ბოტანიკური ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე ამბობს, რომ ბოტანიკური ბაღის იმ ნაწილზე, რომელიც გაიცვალა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ვრცელდებოდა. ვიცე-მერის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით კი, თბილისის მერიის მიერ საზღვრების კორექტირება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და დადგენილი წესების შესაბამისად.

როგორ აფასებთ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ამტყდარ აჟიოტაჟს?- ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-უბრანისტი): "4 ჰექტარის ვითომ გადაცვლასთან დაკავშირებით არასამთავრობოები სწორად სვამენ საკითხს. თუ ეს ტერიტორია არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მაშინ ამ 4 ჰექტარი მიწის გადაცვლა უტოლდება იმას, რომ რომელიმე არქიტექურულ ძეგლს ჩამოვაჭრათ რაღაც ნაწილი და გავცვალოთ რაიმე სხვა ნაწილზე. ეს არის სამართებლივი საქმე და აქ არ შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს რაიმე.

"რაც შეეხება 29 ჰექტრის გადაცემას, მეორე მხარე ამბობს რომ ყველაფერი სხვანაირად არის და თუ ეს ასეა, მაშინ ეს ძალიან დიდი ავანტიურაა, ვინაიდან ეს გზა თბილისისთვის აუცილებელია. ძალიან ბევრი ხე მოიჭრა იმისთვის, რომ ეს გზა გაკეთებულიყო და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო სასიამოვნო, იყო აუცილებელი. თუ ახლა ეს ფუნქცია უნდა შეიცვალოს, მაშინ პასუხი უნდა აგოს იმ პირმა, რომელმაც შეცვალა განკარგულება. მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს ყველაფერი ასე იყოს და ასეთი დანაშაული რომელიმე მხარეს ჩაედინოს."

 ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): "სიმართლე გითხრათ, ამ საკითხში არ ვარ ჩახედული და ცოტა გამიჭირდება პასუხის გაცემა, მაგრამ თუ კანონის ფარგლებში ხდება ეს პროცესები და ის ქალაქს წაადგება, ძალიან კარგი იქნება. რაც შეეხება დეტალებს, რაც ტელევიზიიდან მესმის, სულ ერთმანეთის საპირისპირო განცხადებები კეთდება და ცოტა რთულია იმის გარკვევა, რა ხდება. თუმცა, ჩემი აზრით, ყველაფრის გაკეთება და მოგვარება ისეა შესაძლებელი, რომ ამხელა ყვირლი და აჟიოტაჟი არ გამოიწვიოს."

 

 ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): "ჩემი აზრით, არაფერი გაუმართლებელი ამაში არ არის, პირიქით, გამართლებულია და ძალიან კარგიც. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. "

 

 

 

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ ნაკვეთის დასუფთავება სახელმწიფოს ხარჯზე მოხდა და ახლა თუ ისე აღმოჩნდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას შეიძენს, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ძალიან დიდი თანხა დახარჯა იმისთვის, რომ ეს ტერიტორია კერძო პირს შეეძინა. აი, ეს არის მთავარი პრობლემა და ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული სახელმწიფო მოხელეებისა და იმ პირის მხრიდან, რომლებიც ამ გარიგებაშია ჩართული.

"დანარჩენი, როგორ და ვის გაუცვლის სახელმწიფო რაღაც ტერიტრიას, ეს უშუალოდ მისი და კერძო პირის გადასაწყვეტია და ამაში განსაკუთრებული არაფერია. დანაშაული ის არის, რომ სახელმწიფო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა ხდება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×