გვანცა ღვედაშვილი
04.05.2016

კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასხვისების წინააღმდეგ ცალკე "ნაციონალური მოძრაობა" და ცალკე 24 არასამთავრობო ორგანიზაცია საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებს. "ოცნება" პროტესტის მიზეზს არ ხედავს და სამოქალაქო სექტორს მოუწოდებს, არ გახდეს "ნაცმოძრაობის" საარჩევნო კამპანიის ნაწილი.

"ელოდებით თუ არა, რომ საპროტესტო აქციებმა შესაძლებელია მასშტაბური სახე მიიღოს?" - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): არა, ვფიქრობ, ამის არანაირი საშიშროება არ დგას და ზოგადად ძალიან ცოტა ადამიანი მივა ამ აქციაზეც. საერთოდ, თითიდან გამოწოვილი მეჩვენება ეს პრობლემა. ჩაანაცვლეს სხვა უკეთესი მიწის ნაკვეთი. მე უკვე მეჩვენება, რომ ჩვენს ოპოზიციას პრობლემები არ აქვს და ახლა ცდილობენ, მეტი იხმაურონ, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ. ეს საქციელი ძალიან ჰგავს ფაციფუცს, სხვას არაფერს.

 

 

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი):  ჯერ ერთი, მე ვფიქრობ, რომ ეს დიდად პატივცემული "ნაციონალების" გათვლილი გეგმაა. ამიტომ, არ მგონია, რაიმე სერიოზულ, მასობრივ აქციაში გადაიზარდოს ეს ყველაფერი. თუმცა ვფიქრობ, პატარ-პატარა ნერვების მოშლები იქნება. ჩემი აზრით, ახლა ნერვების ომი იწყება, ასე ვფიქრობ.

 

 

 ზურაბ ვადაჭკორი (ილუზიონისტი): ძალიან ვეწინააღმდეგები მასობრივი აქციების დაწყებას. ნეტა ბატონმა ბიძინამ მთელი საქართველო გააკეთოს და გაალამაზოს. მე ძალიან მაინტერესებს, მაშინ რატომ არ ჰქონდათ პროტესტი, როცა 6-8 წლის წინ მიწებს 50, 100 წლით აძლევდნენ იჯარით?!

რატომ არიან ასეთი უმადურები, კარგის მეტი ამ კაცს არაფერი გაუკეთებია. მე რასაც ვუყურებ, ეს კაცი ყველაფერს აკეთებს, იმაზე ჩაატარონ აქციები ბათუმში, კახეთში მიწები რომ აქვთ მიყიდული ჩინელებისთვის და უცხო ტომელებზე. ამაზე ყველა წამოვალთ. რა უნდათ ამ კაცისგან, ქართველი კაცი აკეთებს რაღაცებს, რას იზამს ზურგზე მოიკიდებს და წაიღებს ამ ყველაფერს?! შეეშვნენ რა, ეს არის ქულების დაწერა და მეტი არაფერი.

 ზაზა ხუციშვილი მუსიკოსი): არა, ვერ გადაიზრდება. დოკუმენტურად დაიდო, რომ უკეთესი გახდება ეს ტერიტორია ნერგების თვალსაზრისითაც და სხვა მხრივაც, რაც უკეთესი იქნება ბოტანიკური ბაღისთვის.

"ნაციონალების" პოტენციალი არ იძლევა ამის საშუალებას, ხომ ხედავთ, რამდენი აქცია დააანონსეს და მაინც არაფერი გამოსდით თვითონ მიდიან ამ აქციებზე და კიდევ რამდენიმე ადამიანი. იგივე "რუსთავი 2"-ის ამბავი რომ გავიხსენოთ, სხვა დროს უამრავი ადამიანი მივიდოდა და ახლა მივიდნენ "ნაციონალები" თავის ტელევიზიასთან და თავი-ბოლო 300 კაცი იყვნენ. კი, ქვეყანაში არ არის კარგი მდგომარეობა და ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მაგრამ აქციებმა არ მგონია, გაამართლოს. ყველა ხედავს, რომ იმასთან შედარებით რა მდგომარეობაც იყო, ის აღარ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×