ლიკა ამირაშვილი
05.05.2016

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვამ კამათის ფონზე ჩაიარა. პროექტის ინიციატორია პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძე. აღნიშნული პროექტის თანახმად, აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არ შეიძლება აირჩეს 70 წელს გადაცილებული პირი, წევრ-კორესპონდენტთა ინსტიტუტი სტიპენდიანტთა ინსტიტუტმა უნდა ჩაანაცვლოს.

ეთანხმებით თუ არა მეცნიერებათა აკადემიაში ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 გიგი თევზაძე (ლექტორი): ასეთი კამათის გამართვას არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ ეს არის ქარიშხალი ჭიქაში. მეცნიერებათა აკადემია უნდა იყოს არა საბჭოთა კავშირის ანარეკლი, არამედ ისეთი, როგორიც არის მეცნიერთა აკადემია თანამედროვე ევროპაში, საპატიო ორგანიზაცია, სადაც დამსახურებული მეცნიერები ერთიანდებიან.

მეცნიერი რამდენი წლის იქნება, ამას რა მნიშვნელობა აქვს. წესით, ყველაზე წარმატებულები უნდა ერთიანდებოდნენ. პრინციპში, ეს კამათი საბჭოთა კავშირის დროინდელი მეცნიერებათა აკადემიის აღდგენის მცდელობაა. ეს კამათი სასაცილოა და შედეგები, რომლებიც შეიძლება ამას მოჰყვეს, შესაძლოა, სავალალო იყოს.

 ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): ჩემი აზრით, ორივე მხარე კომპრომისებზე უნდა წავიდეს. როგორც ვიცი, მეცნიერებათა აკადემიაში ბატონი ივანე კიღურაძე იყო მისული და მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს. ვფიქრობ, საჭიროა შეჯერებულ ვარიანტზე შეთანხმდნენ და, როგორც ვიცი, ასე იქნება.

 

 

 ქეთი ბექაური (იურისტი): როგორც ვიცი, მეცნიერებათა აკადემიაში ასაკობრივი ცენზი არასოდეს ყოფილა დადგენილი. ჩვენი ქვეყანა სწორედ მეცნიერებით და აკადემიკოსებით ამაყობს, მათ ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის განვითარებაში.

ასაკობრივი ფაქტორი რას უშლის ხელს, ჩემთვის გაუგებარია. გარედან დამკვირვებლის თვალსაზრისით, ვერც ერთ არგუმენტს ვერ ვპოულობ იმის შესახებ, რომ ცენზის დაწესება საჭიროა.

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი):  მიმაჩნია, რომ 70 წელი სავსებით საკმარისია, თუმცა ერთი ხელის მოსმით ყველას გაშვება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, უმჯობესია, იმ პიროვნებებმა კონსულტანტებად იმუშაონ. მათ მეცნიერებაში დიდი გამოცდილება და ცოდნა აქვთ და მატი კონსულტაცია ცუდი ნამდვილად არ იქნება.

 

 

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი): ასაკობრივ შეზღუდვებს არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ ეს არ არის სპორტი, როდესაც ყველაფერი აღნაგობაზეა დამოკიდებული. როდესაც ადამიანი ჯანსაღია და სკლეროზი არ აქვს, რატომ უნდა ჰქონდეს შეზღუდვა, ვერ ვხვდები.

ზოგიერთი 85 წლის ადამიანი ბევრად უფრო გონიერია, გამოცდილი, ყველაფერი ახსოვს და არანაირი პრობლემა არ აქვს. ცენზის დაწესება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×